retour Page d'accueil

retour menu

დაბრუნება პირველ გვერდზე  დაბრუნება ქართულ მენიუზე

 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და “შეფიცულთა” რაზმი ემიგრაციაში

(1924 წ. სექტემბერი-1930 წ. ივნისი)

kakoutsa Tcholokhachvili et ses conjurιs en ιmigration septembre 1924-juin 1930

Tirι du livre de Gotcha Saοtidze -Tbilissi 2012
 

 

 

Mon ami Gotcha Saοtοdze m'a autorisι ΰ publier sur mon site l'intιgralitι de son livre  consacrι ΰ Kakoutsa Tcholokhachvili

publiι en 2012ΰ Tbilissi . Celui-ci comporte 4 chapitres ΰ savoir :

  1. Vie et action  jusqu'ΰ l'occupation de la Rιpublique dιmocratique de Gιorgie par la Russie soviιtique; (annιes 1888-1921 ; Fιvrier-Mars) ...... 5
  2. Lutte pour l'indιpendance de la Gιorgie. (mars 1921 - septembre1924) .... 25
  3. Kakutsa Tcholokachvili et son  dιtachement  de"Conjurιs en ιmigrationr. (septembre 1924 - juin 1930 ) .... 127
  4. Pιriode postιrieure ΰ son dιcθs. ( de juin1930 ΰ aujourd'hui) .... 180
  5. ====>> Sources  utilisιes et littιrature scientifique .... 211

Vous trouverez ci dessous la version intιgrale du chapitre 3


J'ose espιrer que vu  la longueur de ce texte les lecteurs ne possιdant pas la langue gιorgienne  voudront bien m'excuser de ne livrer ce texte que dans sa version gιorgienne.

ΐ toutes fins utiles, je vous rappelle que Google possθde un programme de traduction qui vous sera d'un prιcieux secours pour une comprιhension de ce texte.

et puis  pratique pour traduire ...simple copier du texte gιorgien et coller dans https://translate.google.fr/?hl=fr


 

ჩემმა მეგობარმა გოჩა საიტიძემ ნებართვა მომცა მის წიგნის სრულ გამოქვეყნებაზე.
ეს მეტად საინტერესო 4 თავიანი წიგნი დაიბეჭდა თბილისში 2012 წ. და ეხება ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავგადასავალს
იხილეთ დღეს მე 3 ე თავი
 

  1. ცხოვრება-მოღვაწეობა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობამდე ; (1888-1921 წ; თებერვალ-მარტი)......5
  2. ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ( 1921 წ.მარტი-1924 წ. სქტემბერი)....25
  3. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და "შეფიცულთა" რაზმი ემიგრაციაში. (1924 წ. სექტემბერი-1930 წ. ივნისი)....127
  4. გარდაცვალების შემდეგ. (1930 წ. ივნისიდან დღემდე)....180
  5. =====>>გამოყენებული წყარროები და სამეცნიერო ლიტერატურა....211

 

 

 

chapitre 3

III თავი _ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და “შეფიცულთა” რაზმი ემიგრაციაში (1924 წ. სექტემბერი-1930 წ. ივნისი)


   ქაქუცა ჩოლოყაშვილმა სამშობლო 1924 წლის სექტემბრის ბოლოს (ზუსტი თარიღი არცერთ წყაროში მითითებული არაა _ გ. ს.) დატოვა და „შეფიცულთა“ რაზმის ნაწილთან ერთად თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურზუნაში (იგივე ძურძუნა, თანამედროვე ქალაქი ჩილდირი _ გ. ს.) გადავიდა. “გავაკეთეთ თეთრი ბაირაღი, გადავედით საზღვარს და... ჩავედით ამ სასაზღვრო დასახლებაში” (ალ. სულხანიშვილი) (11. 15; 106. 253).
 

   როგორი განწყობით გადაჰკვეთდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ტყვეობაში მყოფ სამშობლოს გარდა, მის გულს მოურჩენელ იარად აწვა ძვირფას ადამიანებზე დარდი. ქაქუცამ კარგად იცდა იმ სასტიკი დევნის შესახებ, რომელიც მისი ახლობლების წინააღმდეგ წარმოებდა. ენით აუწერელია ის ტანჯვა-წამება, რაც ქაქუცას საფიცარმა ადამიანებმა: დედამ, მეუღლემ, შვილებმა და სხვ. გამოიარეს "ჩეკას" ხელში. მათ დაიჭირეს ქაქუცას მეუღლე ნინო, 7 წლის თამარი და 3 წლის ქეთევანი. მაშინ იყო, თელავის მილიციის უფროსი ჭურღულია რომ უპირებდა მათ კასრში ცეცხლში დაწვას, მაშინ დახვრიტეს ქაქუცას სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი, მაშინ ჰქონდა დახვრეტის მუხლი მიყენებული ნინოს და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ... ცხოვრება წამებად უქციეს ქაქუცას ქალიშვილებს: დევნა, გადასახლება, შიმშილი _ აი, მათი ცხოვრების მუდმივი თანამდევი იმ წლებში.


   ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად საქართველო დატოვეს: სპირიდონ ჭავჭავაძემ, ელიზბარ ვაჩნაძემ, რაფიელ//რაფო ერისთავმა, ალექსანდრე//საშა სულხანიშვილმა, სერგო მაისურაძემ, ალექსანდრე ბადურაშვილმა//”ბადურმა”, ილია//ილიკო ქარუმიძემ, ალექსი ცხვედაძემ, გიორგი//გოლა პავლიაშვილმა, მერაბ ჯორჯაძემ, შალვა//შალიკო ნებიერიძემ, ლევან//ლელო ჩიქოვანმა, მიხეილ//მიშა ლაშქარაშვილმა, დავით რევაზიშვილმა, გაბრიელ//გაბო ბერბიჭაშვილმა, ვასილ//ვასო მარჯანიძემ (ზოგიერთი წყაროს მიხედვით _ მარჯანიშვილმა), ალექსი ფეიქრიშვილმა//”ბათირამ”, სვიმონ//სიკო (ზოგიერთი წყაროს მიხედვით _ სოლომონ) ალიმბარაშვილმა, ზაქარია//ზაქრო ალიმბარაშვილმა, შალვა//შალიკო ჯავრიშვილმა, ლევან ჯავრიშვილმა, თომა ბექაურმა, ალექსანდრე//საშიკო კარგარეთელმა და შამილ იქაიძემ.
მოგვიანებით მათ შეუერთდნენ სამეგრელოს აჯანყების მეთაურები: დავით მხეიძე, ჯონჯი დადიანი და სარდიონ კუჭავა, აგრეთვე, ელიზბარ მაყაშვილი.

 
   აქვე ჩამოვთვლით იმ პიროვნებებს, რომლებიც 1922-1924 წლებში, სხვადასხვა დროს, “შეფიცულთა” რაზმის წევრები იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ან ბრძოლებში დაიღუპნენ, ან ტყვედ ჩავარდნენ და დახვრიტეს, ან რაიმე სხვაგვარი ფორმით (ვითომ შემორიგების დროს მოკვლა, გადაბირებული მეგობრების მიერ ღალატით მოკვლა და ა. შ.) საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მსხვერპლნი გახდნენ: სოლომონ//სუსლიკ ანდრონიკაშვილი, ირაკლი ბაკურაძე, მიხა ბალიაშვილი, თომა ბალიაური, გიორგი ბიძინაშვილი//“კურდღელა”, გიორგი გვერდწითელი, აბიკა გიგაური (ალ. სულხანიშვილის მიხედვით _ ჭინჭარაული), არჩილ ვაჩნაძე, ივანე//ვანო ვაჩნაძე, ვასილ//ვასო თამაზაშვილი, ილარიონ//ილიკო იაშვილი, შალვა//შალიკო კანდელაკი, იოსებ კახაშვილი, ბაღდუა კახუაშვილი, ლუკა კვალიაშვილი, კოხტაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მალაქია მაისურაძე, მარგალიტაშვილი, ქარუმა მაძღარაშვილი//”ქიზიყელი ბიჭი”, მახმად-ელჩი, მოლაშვილი, მიხეილ//მიშა ნაცვლიშვილი, ლადო ოზანელი, გაბრიელ//გაბო ოზიაშვილი, იოსებ ოზიაშვილი, კოლა რაზმაძე, შალვა ფავლენიშვილი, დავით//დათიკო ფარეულიძე, იოსებ ქიმბარიშვილი//“ქიმბარი”, ივანე//ვანიჩკა ყარანგოზიშვილი, სტეპკო ჩითინაშვილი, კონსტანტინე//კოტე ჩოლოყაშვილი, სვიმონ (სიკო) ჩოლოყაშვილი, დიმიტრი ცისკარაული (ალ. სულხანიშვილის მიხედვით _ ჭინჭარაული), ლონგინოზ ციხისთავი//”ძია”, მიხეილ//მიხა ხელაშვილი, დიმიტრი//მიტო ხმალაძე, შალვა ჯამასპიშვილი და ის 18-20 წლის უცნობი ყმაწვილი, რომელიც ღალატით მოკლეს “ჩეკას” მიერ “შეფიცულთა” რაზმში შეგზავნილმა აგენტებმა.
ამ შეფიცულებმა სამშობლოს წინაშე თავიანთი ვალი პირნათლად მოიხადეს! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები!


   ზემოთ, სხვადასხვა ადგილას, მოვიხსენიეთ კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც “შეფიცულთა” რაზმში იმყოფებოდა, მაგრამ ან თავიდანვე “ჩეკას” მიერ იყო იქ შეგზავნილი, ან შემდგომში უღალატეს თანამებრძოლებს: ქერიმა ქისტი, რომან ყანჩაველი, ტარასი ჩხეტიანი, შაშვიაშვილი, ვასო კანდელაკი და ჭავჭანიძე. ამ უკანასკნელთ, რასაკვირველია, ღირსეულ შეფიცულთა რიგში ვერ დავაყენებთ! მათ თვითონ გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს ისტორიის წინაშე!


     ოსმალეთში გადასვლის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და მისმა რაზმელებმა, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, თურქ მესაზღვრეებს თავიანთი იარაღები ჩააბარეს, რის შემდეგაც ის ცნობილი ფოტოსურათი გადაიღეს, რომელზეც, ქაქუცასთან ერთად, სპირიდონ ჭავჭავაძე, ალექსანდრე სულხანიშვილი, რაფიელ ერისთავი, ელიზბარ ვაჩნაძე და ლელო ჩიქოვანი არიან აღბეჭდილნი.
ალ. კარგარეთელისა და ალ. ბადურაშვილის მოგონებების მიხედვით, მეორე დღეს შეფიცულები ჯერ არტაანში//არდაგანში გაემგზავრნენ, ხოლო იქიდან ართვინში გადავიდნენ (ალ. სულხანიშვილი ლტოლვილების მარშრუტში არტაანს არ ახსენებს და აღნიშნავს, რომ შეფიცულები ზურზუნადან პირდაპირ ართვინში ჩავიდნენ _ გ. ს.). ალ. სულხანიშვილის თქმით, “ფული ყველას ერთად მხოლოდ 5 ჩერვონეცი” ჰქონდათ, ამიტომ, იძულებულნი გახდნენ, თავიანთი ცხენები გაეყიდათ (არტაანში _ ალ. კარგარეთელი, ალ. ბადურაშვილი; ართვინში _ ალ. სულხანიშვილი).
ალ. ბადურაშვილის ცნობით, ართვინში ჩასულ შეფიცულებს 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში დასავლეთ საქართველოში მოწყობილი აჯანყების მეთაურები: პოლკოვნიკი სვიმონ წერეთელი, გიორგი წერეთელი, მირიან მელუა, შიო ქურიძე, შალვა ბერიშვილი, პროკოფი ინწკირველი და ილია სალუქვაძე შეხვდნენ (ალ. სულხანიშვილი მათთან შეხვედრის ადგილად ქალაქ ხოფას ასახელებს, სადაც შეფიცულები ართვინიდან ჩავიდნენ _ გ. ს.).
ართვინში ქაქუცამ და მისმა რაზმელებმა იქირავეს რამდენიმე ოთახი ადგილობრივი ქართველის, ვინმე აიუბას, სასტუმროში, სადაც ორი კვირა დაჰყვეს. ე. მაყაშვილი წერს: “ქალაქ ართვინში დაბინავებულნი ელოდნენ ევროპას გამგზავრებას. მუდმივ მოძრაობასა და ბრძოლას შეჩვეულნი, მოწყენილობას გრძნობდნენ, ნაღვლიანად გამოიყურებოდნენ. გადმომსხდარნი ხშირად ართვინის პატარა ქედზე, გაჰყურებდნენ მთებს იქით მოფარებულს სამშობლოს. თითქოს, კიდევაც გრძნობდნენ საქართველოს მთების ნიავს. ბაასობდნენ, იგონებდნენ გადახდილ ბრძოლებს, ფიქრობდნენ დახოცილებზე სამშობლოსათვის, დაიმღერებდნენ ტკბილ მამა-პაპურ სიმღერებს, ანდა უსმენდნენ ხოლმე ბელადის სჯა-ბაასს” (75. 31).


    “ორი კვირის განმავლობაში რაზმელებმა კარგად დაისვენეს და პატარა ნორმალური ცხოვრების ფერი დაედოთ. ცხენების გაყიდვიდან მეორე, თუ მესამე დღეს ხოფაში წასასვლელად გავემზადეთ, ქაქუცამ ყველას თანაბარწილად გაუყო ჩვენი ნავაჭრიდან გამორჩენილი ფული და ახლა ერთნაირად გამდიდრებულნი, დავიძარით ხოფისაკენ” (ალ. სულხანიშვილი) (11. 16; 54. 25-26; 106. 253-257).


    ართვინიდან ფეხით წამოსულმა შეფიცულებმა გზად ქართული დასახლება ბორჩხა გაიარეს, რის შემდეგაც უღელტეხილის გავლით შავიზღვისპირა ქალაქ ხოფაში ჩავიდნენ. აქედან ისინი ჯერ რიზეში, შემდეგ _ ტრაპიზონში, ბოლოს კი სტამბულში წავიდნენ, რათა იქიდან გემით საფრანგეთში, მარსელში, გამგზავრებულიყვნენ.


   ალ. სულხანიშვილი დაწვრილებით აღწერს ამ მგზავრობის პერიპეტიებს: აღნიშნავს, რომ სტამბულში ჩასვლის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ორი კვირის განმავლობაში მათ ხმელეთზე გადმოსვლის ნება არ მისცა; თურქეთში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა კონსტანტინე გვარჯალაძემ შეფიცულების ერთმანეთისგან გაყოფა და მათი ერთი ნაწილის ორი-სამი წლით სამხრეთ ამერიკაში (ურუგვაიში, თუ პარაგვაიში) არხების გასათხრელად გაგზავნა სცადა, “რომ იქ ჩავხოცილიყავით”. ამის მიზეზად კ. გვარჯალაძე საფრანგეთში არსებულ უმუშევრობას და უცხოელი ლტოლვილებისადმი ადგილობრივი ხელისუფლების ცუდ განწყობას ასახელებდა.


   შეფიცულების მხრიდან გამოთქმული სასტიკი პროტესტის შემდეგ, კ. გვარჯალაძემ თავისი იდეის განხორციელებაზე ხელი აიღო; “გამოირკვა, რომ თურმე საფრანგეთში ყველას უშვებდნენ”; “ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი გამოდგა, ვინაიდგან მსოფლიო ომის შემდეგ, ფრანგებს, თურმე, მუშა დიდათა სჭირდებოდათ”; “სოც.-დემოკრატები ბევრს ეცადნენ, რომ შეფიცულები არ შევეშვით საფრანგეთში, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ჩვენ მაინც შევედით საფრანგეთში”; “ძალიან უნდოდათ ქაქუცას მარტო წაყვანა პარიჟში, ეგონათ, უფრო ადვილად დაიმორჩილებდნენ მას. ასეთი გეგმის შემდგენელნი ბრძანდებოდნენ პარიჟში ერთი ნაწილი ყოფილი ჩვენი მთავრობისა”; “სტამბოლში დაგებულ ხაფანგს, როგორც იყო, თავი დავაღწიეთ” (ალ. სულხანიშვილი) (106. 260-261; 107. 2, 7; 108. 3).

   ალ. კარგარეთელის ცნობით, თავდაპირველად “მოვიდა მხოლოდ თვრამეტი კაცის ნებართვა. მოგვიხდა ხელმეორედ გაყოფა. ქაქუცა და ჩვიდმეტი კაცი წავიდნენ, ჩვენ კიდევ ერთი თვე დავრჩით” (54. 26).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შეფიცულების ნაწილთან ერთად, სტამბულიდან მარსელში ბერძნული გემით “პროპონტისით” გაემგზავრა. მგზავრობას დაახლოებით 5-6 დღე დასჭირდა. მარსელის ნავსადგურში ლტოლვილებს პარიზში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი სოსიპატრე (ჭიჭიკო) ასათიანი და ქაქუცას ახლო მეგობარი თენგიზ დადეშქელიანი დახვდნენ. მრავალი წლის შემდეგ, ალ. ბადურაშვილი იგონებდა: “მახსოვს იშვიათი სურათი: როგორ ჩაიკრა დევკაცმა თენგიზმა გულში ქაქუცა _ თითქოს სრულ ვაჟკაცს მოზარდი ჭაბუკი მოექციოს მკლავებში” (11. 16; 106. 263).
 

   ალ. სულხანიშვილი თავის მოგონებებში მიუთითებს, რომ სოსიპატრე ასათიანი მათ მარსელში ზუსტად ისევე მოექცა, როგორც კონსტანტინე გვარჯალაძე _ სტამბულში: “ჭიჭიკო ასათიანმა განაცხადა: “ფრანგები პარიზში არ უშვებენ ლტოლვილებს, თუ მათ ბანკში ფული არა აქვთ. ჩვენ ქაქუცას სახელით კი შევიტანთ, მაგრამ ამდენი ხალხის მაგივრად არ შეგვიძლია ფულის შეტანა ბანკში!”-ო.


   ასათიანის ასეთმა განცხადებამ მთლად გადაგვრია სულ ყველა. ახლა უკვე აშკარა იყო, რომ ვიღაცას არ მოსწონდა ჩვენი პარიზში ჩასვლა! აღარავის სჯეროდა ჭიჭიკოს ასეთი განცხადება. დათიკო შალიკაშვილმა სასტიკად გალანძღა ჭიჭიკო: “თქვე მამაძაღლებო, ეს ხალხი სამი წელიწადი ტყეში ცხოვრობდა. ამათ ახლა უნდა მოვლა, ხოლო თქვენ, დახმარების მაგივრად, პარიზშიც არ გინდათ ჩაუშვათ”-ო...

  
   თითქმის იგივეს აღნიშნავს ალ. სულხანიშვილი მოგონებების გამოცემიდან ცოტა ხნის შემდეგ დაწერილ ნაშრომში “შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წ. ნოემბრიდან”: “მარსელში დაგვიხვდა ჭიჭიკო ასათიანი ჩვენი ყოფილი მთავრობისაგან გამოგზავნილი. მკითხველს, ალბათ, ეგონება, რომ ჭიჭიკო ასათიანი დაგვახვედრეს ჩვენ პატივსაცემლად ან საშველათ, როგორც ახალ ჩამოსულებს უცხოეთში. სრულებითაც არა! ჭიჭიკო ასათიანი იყო გამოგზავნილი სპეციალურათ ჩვენი გზების ასარევათ, და, აი, რათა: ასათიანი გვარწმუნებდა, რომ ფრანგები უცხოელებს არ უშვებენ პარიჟში, თუ ფული არა აქვთ მათ ბანკშიო. ჩვენ ქაქუცას მაგივრათ შევიტანთ ბანკში ფულსაო, მაგრამ ამოდენა ხალხის მაგივრათ არ შეგვიძლიან ფულის შეტანაო. აი, ასეთი იაფფასიანი ტყუილებით გატენილი ჭიჭიკო ასათიანი დაგვახვედრეს ჩვენმა სოც.-დემოკრატების ბელადებმა, რომ ყოველი საშუალება და ტყუილი ეხმარა, რომ ჩვენ პარიჟში არ შევეშვით, ქაქუცას გარდა” (108. 3).


   ალ. სულხანიშვილის აღნიშნულ მოსაზრებას ალ. ბადურაშვილიც ეთანხმება: “ჭიჭიკოს ჰქონდა ინსტრუქცია, არ გაეშვა შეფიცულები პარიზში, ქაქუცას გარდა. მაშინ ქაქუცამ თქვა: ან ერთად წავალთ, ან მეც ამათთან დავრჩებიო. გაუშვეს ერთად” (11. 17).


   პარიზში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჭიჭიკო ასათიანის წინადადებით, შეფიცულები ლა-მანშის სრუტის მახლობლად მდებარე “დიორის” სასუქის დამამზადებელ ქარხანაში სამუშაოდ გაემგზავრნენ. ალ. სულხანიშვილი დაწვრილებით აღწერს ქარხანაში არსებულ უმძიმეს პირობებს, რომელშიც მათ მუშაობა უწევდათ: “პირველი სამუშაო ჩვენ ამოგვიჩინეს ლა-მანშის პირას დიორის ქარხანაში, სადაც მზადდებოდა ხელოვნური მიწის პატიმარი. სამუშაო ძნელი გამოდგა. შიგ ქარხანაში შემოდიოდა რკინისგზის ლიანდაგი. ორივე მხარეს ლიანდაგისა დიდი საწყობები იყო. შემოდიოდა ვაგონები, დატვირთული ტომრებით დაახლოვებით ხუთ ფუთიანები სხვადასხვა პროდუკტი, რომელნიც ერეოდა ერთმანეთში. ეს ტომრები უნდა გადმოგვეტვირთა და დაგვეწყო საწყობებში ჭერამდის, რომელნიც კარგა მაღლები იყვნენ.
ვიდექით ორ-ორნი კიბე კიბე და ვისროდით ტომრებს მაღლა ჭერამდის. საშინელი ცუდი სამუშაო იყო, რადგან ტომრები მთლიანად ზეთიანები იყო და მუდამ დათითხნილები ვიყავით. მერე ვაზავებდით და ისევ ტომრებს ვავსებდით. აქა ვმუშაობდით ოც კაცზე მეტი, ვცხოვრობდით ყველანი ერთ პანსიონში, ჭამა-სმით. ვიხდიდით სულზე რვა ფრანკს. ჩვენი ხელფასი იყო თორმეტი ფრანკი დღეში. ვმუშაობდით ექვს დღეს კვირაში” (108. 1).


   ალ. სულხანიშვილი, შეფიცულების სახელით, ხშირად უგზავნიდა წერილებს პარიზში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომლებშიც თავიანთ მძიმე მდგომარეობას აღუწერდა. ეს უკანასკნელი მათ პირდებოდა, რომ რაიმე უკეთეს სამუშაოს მოუძებნიდა. მართლაც, ცოტა ხანში, ქაქუცამ გაიცნო პოლკოვნიკი კოკე, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა, და სთხოვა, დახმარება აღმოეჩინა მისთვის შეფიცულებისთვის სამსახურის მოძებნის საქმეში.


   პოლკოვნიკმა კოკემ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თხოვნა გულთან მიიტანა და მას თავისი მეგობარი, ცნობილი საავტომობილო ქარხნის მეპატრონე პეჟო გააცნო. პეჟომ ქაქუცა დიდი პატივით მიიღო და დაპირდა შეფიცულების მოწყობას თავის ქარხანაში, რომელიც ქალაქ ოდენკურში მდებარეობდა. ალ. სულხანიშვილის ცნობით, ეს ამბავი შეიტყო საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში აკაკი ჩხენკელმა და “ქაქუცასა სთხოვა, რომ ჩვენი ხალხიც მოვაწყოთო, ესე იგი, სოციალ-დემოკრატებიო. ქაქუცამ უპასუხა, ბატონო აკაკი, რასა ჰქვიან ჩვენი ხალხიცაო: ქართველი ხალხი უნდა მოვაწყოთ განურჩევლათ პარტიისაო. ასე, ჩვენ მანამ დიორის ქარხანას თავს დავანებებდით და მოვიდოდით ოდინკურში, სოციალ-დემოკრატების ჯგუფმა უკვე დაიწყო მუშაობა პეჟოს ავტომობილების ქარხანაში თითქმის 50 კაცმა” (108. 1).


   იუნკრები ნიკოლოზ მათიკაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი თავის მოგონებებში მიუთითებენ, რომ საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი იუნკრების მიმართ, რომლებმაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ სასტიკ ბრძოლებში ისახელეს თავი. მათი თქმით, “იუნკერთა კავშირი არსებობდა დამოუკიდებლად, ვისიმე ზეგავლენის გარეშე... საქართველოს პარიზში მყოფ მთავრობას და მის წარმომადგენელს პოლონეთში გენ. ზაქარიაძეს იუნკერთა კავშირისა და მისი ორგანოს “მხედრისადმი” არავითარი მზრუნველობა არ აღმოუჩენიათ და არც დახმარება გაუწევიათ. პარიზში გადმოსახლებულთ პროლეტართა შეერთებისკენ სწრაფვა არ შეუწყვეტიათ: პატრიოტულად განწყობილთ თავიანთ მტრებად სთვლიდნენ და მათთან თანამშრომლობის ნაცვლად, სიცოცხლეს უმწარებდნენ.


   ასე იყო გენერალ კვინიტაძისადმი. ოჯახით დატვირთულ მთავარსარდლისათვის არ შეუთავაზებიათ გატაცებული სახსრებით ნაყიდ ლევილის მამულში დასახლება, არც დაინტერესებულან, როგორ ინახავდა საკუთარი შრომით ოჯახს. ღირსეულად არ მოექცნენ ნაომარ, ნაწვალებ ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის შეფიცულებს ემიგრაციაში ყოფნისას. ნაცვლად იმისა, რომ პატივი ეცათ მათი გმირობისათვის და დახმარებოდნენ სამუშაოს შოვნაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასაცAარ იშურებდნენ” (70. 37).


   აქამდე ქაქუცა ჩოლოყაშვილის და “შეფიცულთა” რაზმის სხვა წევრების თურქეთში ყოფნაზე, მათ საფრანგეთში ჩასვლასა და იქ ცხოვრების პირველ პერიოდზე მეტი არაფერი იყო ცნობილი. ცოტა ხნის წინ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ახალ, დღემდე სრულიად უცნობ, საარქივო დოკუმენტებს მივაკვლიეთ, რომლებიც წინამდებარე ნაშრომში პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში. ეს მასალები დაცულია ცნობილი ქართველი ემიგრანტი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის _ კარლო ინასარიძის (1919-2007 წწ.) პირად არქივში, რომელიც 2008 წელს მისმა ოჯახმა საჩუქრად გადმოსცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.


   კარლო ინასარიძის პირად არქივში ინახება საქართველოს ემიგრანტული მთავრობის არქივის გარკვეული ნაწილიც, მათ შორის, საარქივო მასალა 1921-1933 წლებში პარიზში არსებული საქართველოს საელჩოს მუშაობის შესახებ. როგორც ცნობილია, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აკაკი ჩხენკელი (1874-1959 წწ.) და საელჩოს პირველი მდივანი სოსიპატრე (ჭიჭიკო) ასათიანი (1876-1971 წწ.) იყვნენ.


   ზემოაღნიშნული საარქივო დოკუმენტები შეიცავს ქართველი ემიგრანტების ოფიციალურ განცხადებებს საელჩოს სახელზე მათთვის დოკუმენტების დამზადების, საფრანგეთის ვიზის მიღების და ა. შ. შესახებ, და, უმთავრესად, სოსიპატრე ასათიანის პასუხებს აღნიშნულ თხოვნებზე, საქმეების მსვლელობის ამსახველ მასალებს და სხვ. მათ შორის გვხვდება 1924 წლის შემოდგომაზე საქართველოდან თურქეთში, ხოლო იქიდან საფრანგეთში (ჯერ მარსელში, შემდეგ კი _ პარიზში) ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი “შეფიცულების”, აგრეთვე, აგვისტოს აჯანყების მონაწილე რამდენიმე ათეული ლტოლვილის (ძირითადად, დასავლეთ საქართველოს გამოსვლების მონაწილეების) ჩასვლის და ემიგრაციაში მათი ცხოვრება-მოღვაწეობის საწყისი პერიოდის ამსახველი დღემდე უცნობი არაერთი დოკუმენტი. მათი ძირითადი ნაწილი ქართულ, ხოლო გარკვეული ნაწილი _ ფრანგულ ენაზეა შესრულებული (ფრანგულენოვანი მასალების თარგმნაში დაგვეხმარა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ქალბატონი ეთერ ბერუაშვილი, რისთვისაც მას გულითად მადლობას მოვახსენებთ _ გ. ს.).
 

   აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კონსტანტინე გვარჯალაძე ნამდვილად აპირებდა “შეფიცულთა” რაზმის წევრების მძიმე სამუშაოებზე გაგზავნას; სოსიპატრე (ჭიჭიკო) ასათიანი სულაც არ იყო მარსელში “გამოგზავნილი სპეციალურათ ჩვენი გზების ასარევათ”, როგორც ამას ალ. სულხანიშვილი და ალ. ბადურაშვილი ამტკიცებდნენ; პირიქით, აკაკი ჩხენკელის დავალებით, იგი შეძლებისდაგვარად ცდილობდა ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენას; უტყუარად დგინდება ისიც, რომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური მდგომარეობა, მართლაც, მეტად მძიმე იყო და მისი წარმომადგენლები თითოეულ ფრანკს უფრთხილდებოდნენ და ზოგავდნენ. თუმცა ამავე საარქივო მასალიდან ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ ყოფდნენ ემიგრანტ ქართველებს “ჩვენიანებად” და “სხვისიანებად” საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლები; როგორ შესტკიოდათ განსაკუთრებით გული მენშევიკური პარტიის წევრ ქართველ ლტოლვილებზე და სხვ.


   საარქივო დოკუმენტები ჩვენ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დავალაგეთ და ასე შემოგთავაზებთ. 1924 წლის ნოემბრის დასაწყისში (როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა ქართველი ლტოლვილები ჯერ კიდევ თურქეთში იმყოფებოდნენ _ გ. ს.) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აკ. ჩხენკელმა თხოვნით მიმართა საფრანგეთის წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდენტს გ. პოს, თურქეთში მყოფი ქართველი ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენის (სამსახურით, სურსათით, ტანსაცმლით) თაობაზე. ასეთივე თხოვნით მიმართა მან ჟენევის მუშათა ინტერნაციონალური შრომის ბირჟის წარმომადგენელს _ ალბერ თომასს.


1924 წლის 15 ნოემბერს ალბერ თომასმა აკ. ჩხენკელს შეატყობინა, რომ შრომის ბირჟაზე ქართველი ლტოლვილების წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 1925 წლის 1 იანვრიდან; ამავე დროს, იგი სტამბულში მყოფი ლტოლვილების ზუსტი რაოდენობით დაინტერესდა.
   1924 წლის 20 ნოემბერს სტამბულში საქართველოს წარმომადგენელმა კონსტანტინე გვარჯალაძემ საფრანგეთის ქართულ საელჩოს შემდეგი შინაარსის ტელეგრამა გაუგზავნა: “დაპირებული კონტრაქტები არ მოსულა. დააჩქარეთ. ოცი კაცი ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სპირიდონ ჭავჭავაძის, გიორგი წერეთლის, სიმონ წერეთლის მეთაურობით უკვე აქ არიან. ამ ოთხი კაცისთვის საჩქაროდ გამოაგზავნიეთ პარიზის ვიზა. თურქები მხოლოდ რამდენიმე დღით აჩერებენ. დანარჩენებისათვის ცუდი პირობიანი კონტრაქტები (ხაზგასმა ჩვენია _ გ. ს.) მიშოვეთ. ორი კვირის განმავლობაში მოველით ოთხმოც კაცს ორ ჯგუფად. გვარჯალაძე”.


   1924 წლის 28 ნოემბერს კ. გვარჯალაძემ საელჩოს კიდევ ერთი ტელეგრამა გაუგზავნა: “20 კაცი ჭავჭავაძის, ჩოლოყაშვილის, გიორგი წერეთლის, სიმონ წერეთლის მეთაურობით, რადგან სტამბულში არ გადმოუშვეს, გამოვიდენ მარსელისაკენ გემ “პროპონტისით” 26 ნოემბერს. ყველანი მოდიან ქარხნების კონტრაქტებით. უთუოთ შეახვედრეთ ვინმე მარსელში ვიზებით, რომ ოთხი მაინც გაიყვანოთ პარიზში. მარსელში საჭირო იქნება დახმარება სურსათით და ტანისამოსით. გვარჯალაძე”.


   1924 წლის 2 დეკემბერს აკაკი ჩხენკელმა თხოვნით მიმართა საფრანგეთის წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდენტს გ. პოს, პირველი 20 ქართველი ლტოლვილისთვის, რომლებიც დეკემბრის დასაწყისში ჩავლენ მარსელში, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენის თაობაზე. 3 დეკემბერს გ. პომ აკ. ჩხენკელს თხოვნის შესრულების საქმეში დახმარება აღუთქვა.


   4 დეკემბერს თურქეთიდან მომავალი ქართველი ლტოლვილების პირველი ჯგუფის დასახვედრად პარიზიდან მარსელში ს. ასათიანი ჩავიდა, რომელმაც იმავე საღამოს აკ. ჩხენკელს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: “ბატონო ელჩო! როგორც კი გიახელი მარსელში, გავეშურე სააგენტოში, რომ გამეგო, თუ როდის მოვიდოდა გემი “პროპონტისიდი”. გამოირკვა, რომ ხსენებული გემი იქნება მარსელში შაბათს ან კვირას (6-7 დეკემბერს). თუ რომელ საათზე მოადგება გემი ამ ორ აღნიშნულ დღეს, ამას მეტყვიან შაბათ დილას (6 დეკემბერს), რადგანაც შაბათ დილისთვის ელიან რადიოს. მას აგვიანდება იმ მიზეზით, რომ ყველა ნავთსადგურებში უნდა გამოიაროს.


   გემის შემდეგ, საჭირო იყო გამომერკვია, თუ როგორ და სად იქნებიან მოწყობილნი ჩვენი ლტოლვილები. ამ მიზნით შევიარე სამინისტროს განყოფილების მარსელის ბიუროში (შრომის სამინისტროს). ბიუროს დირეკტორმა უკვე იცოდა ქ. აილოსგან, რომ მე მოვდიოდი მარსელში ლტოლვილების დასახვედრად.


   სწორედ აღსანიშნავია განსაკუთრებით მის მიერ ჩემი მიღება: ხალხი ეხვია ირგვლივ, ყველა გარეთ გამოისტუმრა, ჩაკეტა კარები და ბრძანება გასცა, რომ არავინ შემოეშვათ მასთან. ლაპარაკიდან გამოირკვა, რომ ქალბატონ აილოსაგან ის მომზადებული ყოფილა და ჩვენი საკითხიც კარგათ სცოდნია; აგინა ბევრი ბოლშევიკები და თათრებიც _ პირველნი, როგორც ჩვენი ამწიოკებელნი, და მეორენი კი, როგორც ჩვენი ამ შემთხვევისათვის ხელის არ შემწყობნი. 


   250 კაცისათვის მე უკვე მზად მაქვს სამუშაო; როგორც კი ჩამოვლენ, თქვენთან ერთად მეც შევხვთები მათ გემზე და წავიყვან მათთვის გამზადებულ ბარაკში, სადაც ისინი დაისვენებენ და შემდეგ დავგზავნი სამუშაოებზე. მათ საწოლი ექნებათ ბარაკებში, დუშიც კი არის, ასე რომ, დაბანაც შეუძლიათ. ინჯრა დაუჯდებათ 4,50-იო. ამის გაგონება რომ არ მეჭაშნიკა, შემატყო და მაშინათვე დასძინა: თქვენ ნუ სწუხართ, ფულს გადიხთის სამუშაოს მიმცემი ან უკანასკნელ შემთხვევაში, მთავრობა. ასე რომ, თქვენ აქ საფიქრალი არა გაქვთ რაო...


   მათ გაგზავნიან მიწის სამუშაოზე და მითხრა, რომ თუ ისინი დააკმაყოფილებენ მემამულეს, მაშინ რამდენიც უნდა მოვიდეს, აიყვანებენ. ასე რომ, თქვენ აღნიშნეთ საკითხის ასეთი მდგომარეობა, რადგანაც ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი მომუშავენი აღმოჩნთებიან თქვენი ლტოლვილებიო.


    ეს შენიშვნა მივიღე მხედველობაში, რასაც ჩვენ ლტოლვილებს გადავსცემ მისაღებ ფორმაში. მე აქ განუმარტე, რომ პირველად მათთვის ძნელი იქნება მუყაითობა გამოიჩინონ, როგორც დაღლილ-დაქანცულებმა-მეთქი. რასაკვირველია, მე ვლაპარაკობ იმ დროიდან, როდესაც ისინი კარგათ დაისვენებენ და მოსულიერდებიანო... იმასვე ვსთხოვე, თუ ნამეტანი ბოროტმოქმედება არ გამოდიოდა ჩვენის მხრით მისი ყურადღების ჩვენდამი, დაგვხმარებოდა “პაკესთან” (სანაოსნო კომპანია, რომელმაც გადმოიყვანა ქართველი ლტოლვილები თურქეთიდან მარსელში _ გ. ს.).


   დიდი სიამოვნებით, თუმცაღა არ მგონია, რომ ბევრი რამე გამოვიდეს იქიდან. მე თქვენ გაგყვებით ხვალ მეორე კომპანიაში (ბერძნების) და შევადაროთ, ვინ უფრო მეტს დაგვითმობსო. ვნახოთ, რას მივაღწევთ ხვალ ამ საკითხში. ამ კაცის მეცადინეობა ჩვენთვის ყოველ მოლოდინს აჭარბებს. კმაყოფილი ვარ, რომ ამ გზობისად მე ...(?) მოსვლა...


   ბიუროდან მივადექი “პაკეს”. თვითონ პაკე უძლებათ არის. გადავეცი წერილი მის რწმუნებულს საჭირო განმარტებით და წინასწარ მადლობით. მომისმინა დიდი ყურადღებით და აღმითქვა ყოველგვარი დახმარება... შეიძლება დაკლებულ ფასებში, ხოლო როგორი იქნება ეს დაკლებული ფასები, მან ვერ მითხრა, სანამ თითონ პაკეს არ მოელაპარაკება.


   საერთოდ, ძნელი ხთება ამ საკითხის გამორკვევა აქ იმ მიზეზით, რომ არ ვიცით, რამდენია და სად, მაგალითად, ისინი რომ ყველანი სტამბოლში იყვენ, მაშინ ამ საკითხის გამორკვევაც ადვილი იქნებოდა. მე შევნიშნე, რომ თუ მათ მიერ ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება ნაწილობრივად მაინც, მაშინ მათი დახმარების ფორმა გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი, მიუხედავად მანძილისა, ე. ი. თუ რომელი ნავთსადგურიდან მოდის ჩვენი ლტოლვილი _ სტამბოლიდან, თუ ტრაპიზონიდან, გვიკლებთ საფასურის იმ ნაწილს, რომელსაც თქვენ დაინახავთ შესაძლებლად; თქვენ ბრძანებას აძლევთ თქვენ გემებს, წამოიყვანონ ჩვენი ლტოლვილი, სადაც კი შეხვთებიან-თქო.


   ეს შენიშვნა მისთვის მიუღებელი დარჩა, რადგანაც მათ წარმომადგენელს მხოლოდ სტამბოლში შეუძლია მოაწყოს და ფულიც იქ უნდა იქნეს გადახთილი. აქ მან ბევრ უხერხულობაზე მიმითითა, რაც ჩვენ არ გვცოდნია და კომპანიას არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს, მიუხედავათ ჩვენი დახმარების დიდი სურვილისა. მან ისიც კი მითხრა, რომ შეიძლებოდა ეს საქმე მოწყობილიყო ლიგათა ნაციის ჩვენთან დაკავშირებით; ასეთ შემთხვევებს ხშირად აქვს ადგილი სომხის და რუსის ლტოლვილების გადმოსაყვანადო და სხ...         


   გთხოვთ, მომაწოდოთ ასლი იმ წერილის, რომელიც ალბ. თომამ გამოგიგზავნათ ამის შესახებ. ეს წერილი იმყოფება შკაფში კანცელარიაში, ბაბემ იცის, თუ სად აწყვია ქაღალდები გამზადებული დოსიეში ჩასაკერავად; თითო თვის ცალკეა და აწერია: ოქტომბერი, ნოემბერი და სხ. ეს ქაღალდი უნდა იყვეს ოქტომბრის საბუთებში _ ადვილი სანახავია. მე არ მახსოვს მისი შინაარსი და, მგონი, არც კი წამიკითხავს, რადგანაც უკანასკნელ დრომდე თქვენ გქონდათ. შაბათს შევალ “პაკეს” კომპანიაში გამორკვეული პასუხის მისაღებათ. ხვალ ბიუროს დირექტორთან ერთად შევივლი ბერძნების კომპანიაში.


   აი, ბ. ელჩო, დაახლოვებით ის, რის გაკეთებაც დღეს ჩამოსვლის შემდეგ შევსძელი, ხვალინდელი მუშაობის შედეგს შაბათს გაახლებთ. საჭიროა ბ. გვარჯალაძეს დაეკითხოთ ტელეგრამმით, თუ რა გამოირკვა საფრ. მთავრობის ჩარევის შემდეგ ჩვენი ლტოლვილების თავის მოყრის შესახებ. ეს რომ ვიცოდეთ, თუ სად მოიყრიან თავს და რამდენია, მაშინ დახმარების საკითხიც (წამოყვანა) მალე გამოირკვევა.


   კარგი იქნება, რომ ამ წერილის მიღებისთანავე ბ. ბაბეს დაარეკიებდეთ შრომის სამინისტროში და დიდ მადლობას გამოუცხადებდეთ ჩვენდამი ასეთი ყურადღებისათვის. უთხრას ბაბემ, რომ მინისტრმა მიიღო ჩემი მოხსენება, სადაც აღნიშნულია დიდი ინტერესი ჩვენი ლტოლვილებისადმი შრომის ბიუროს მხრით და რომ ეს პარიზის შრომის სამინისტროს (ქ. აილოს) მიეწერება და სხ... ღრმა პატივისცემით ს. ასათიანი. ჩემი ადრესია: Hotel des deux mondes. 32, Cours Belsunee , 32. Marseilles

.
   დ. კ. ვიყავი წითელ ჯვარში. წარმომადგენელი დე Fერრყ სოფელში ყოფილა და ავათ არის. იქ არაფერი განკარგულება არ მოსულა პარიზიდან და ღარიბათაც ყოფილან. არ მგონია, რომ იმათგან რამე გამოვიდეს. ხვალ დილას ვნახავ თავმჯდომარეს, რომელიღაც გენერალს. თუ იქიდან არაფერი დახმარება იქნება, რა ვუყო ამ ტიტველ ხალხს?“


   1924 წლის 6 დეკემბერს ს. ასათიანმა აკ. ჩხენკელს მარსელიდან მეორე წერილი გაუგზავნა: “ბატონო ელჩო! წითელ ჯვართან ჩემი მისვლა-მოსვლა გათავდა; დღეს უკანასკნელად გამგზავნეს გენერალ მონროესთან, რომელმაც დიდი თანაგრძნობა გამომიცხადა თავისა და სხვა ორი თანაბარი დაწესებულებათა სახელით და დასძინა, რომ იმ დიდი სივიწროვის გამო, ფინანსიურად, რომელსაც ეხლა ისინი განიცდიან, არ შეუძლიათ ისე დაგვეხმარონ, როგორც ეს მათ სურთ. ამასთან ერთად, გადმომცა ორასი ფრანკი.


   ჭეშმარიტად არ ღირდა ამისათვის არც გენ. პოს და არც თქვენი შეწუხება, ჩემს მისვლა-მოსვლაზე არას ვლაპარაკობ. გენერ. მონროემ მითხრა, რომ თუ მე ვსტოვებ მარსელს, მაშინ ვინმე გვეყოლოს აქ, რომელიც იქნება იმასთანავე „აკრედიტე“, როგორც მან მითხრა, რომ შემდეგ „კონვუას“ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ, თუ რამე აუცილებელი საჭიროება მოითხოვსო.


   როგორც „იუნიონ დე ლამ“-ის საზოგადოებაში მითხრეს (ამ საზოგადოებაში შევიარე მონროეს შემდეგ), უნდა იყვეს ჩვენთვის გადადებული სულ ათას ფრანკამდე, გენერალ მონროეს კი ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ამ ორასი ფრანკით რა უნდა ვიყიდო, როდესაც უბრალო პალტოს ას ფრანკათაც ვერ ვიშოვნი, და თუ მართლა ისინი ყველა გატყაული მომადგა კარზე, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდები. მე ვფიქრობ, ამ ორას ფრანკს მივსცე სხვა დანიშნულება; თუ რა, ამის შესახებ ქვემოდ მოგახსენებთ.


   ყველაზე უფრო თავსამტვრევი ჩვენთვის და, კერძოთ, ჩემთვის, აქ ეხლა არის ლტოლვილების გადმოყვანის მოწყობა. ეს არის „პაკედან“ მოვედი. მასთან დღეს მქონდა დანიშნული რანდევუ, როგორც წინა წერილში გწერდით და ამისათვის გთხოვეთ ტელეგრამმით ალბ. თომას წერილის ასლი. გუშინ ტელეგრამმა მივიღე, წერილს ვაგზავნითო. იმედი მქონდა, დღეს დილას მივიღებდი. მივიღე რვა საათზე საღამოს, როდესაც პაკესთან უკვე ექვსის ნახევარზე უნდა მივსულიყავი...


   ამავე დროს, ისიც მინდოდა გამეგო, თუ მართლა ჩაერია საფრანგეთის მთავრობა, როგორც ამას შეგვპირდნენ (გაიხსენეთ ჩვენი ლაპარაკი სამინისტროში დენავაისთან). ... ირკვევა, რომ საფრ. მთავრობა ჩარევია და ლტოლვილებს ნებას აძლევენ კონსტანტინოპოლში მოიყარონ თავი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ მათი გადმოყვანის საკითხი მაინც მძიმედ დგას. აქ თუ მოაწიეს, არც საჭმელში და არც ბინაში, სანამ სამუშაოდ წავიდოდენ, არაფერი არ გვეხარჯება, ამ მხრით ყველაფერი გაკეთებულია, როგორც წინა წერილში გწერდით. სამუშაოც უზრუნველი ყოფილა.


    ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია თუ არა რაიმე თანხა გავიღოთ? მაგალითად, იმ ორას ფრანკს, რომელზედაც ზევით მქონდა ლაპარაკი, რომ დაუმატო სამასი ფრანკი და გადავსცე პაკეს იმ თანხის ანგარიშში, რომელიც მოუნდება მათ გადმოყვანას?... ღრმა პატივისცემით ს. ასათიანი“.


   1924 წლის 8 დეკემბერს პარიზიდან გაგზავნილ საპასუხო წერილში აკ. ჩხენკელი ს. ასათიანს სწერდა: “ბ. პირველო მდივანო! თქვენი წერილები მივიღე. ამასთანავე გიგზავნით მანდატს “პაკესთან” პირობის დასადებათ... გთხოვთ, ძალიან ეცადოთ შეღავათების მიღწევას, ვინაიდან, იცით, ჩვენი ნივთიერი მდგომარეობა ძალიან მძიმეა...


   თქვენ არაფერს იწერებით, მიიღეთ თუ არა გენ. პოს უკანასკნელი წერილის ასლი, გამოგეგზავნათ ალბ. თომას წერილთან ერთად. იქ პირდაპირ სწერია, ლტოლვილთ დაურიგდებათ ტანთ და ფეხსაცმელებიო. რაშია საქმე? არ აჩვენეთ ეს ასლი? 200 ფრანკი პირდაპირ მასხრად აგდებაა! გთხოვთ, მომწეროთ გარკვევით, რაშია საქმე...


   ეცადეთ, რაც შეიძლება შეღავათიან პირობებში მოხდეს ყველაფერი, რასაც აკეთებთ. თან იქონიეთ სახეში, როცა პირველი 20 კაცის საქმეს მიალაგებთ, შემდეგ წამოსვლა მოგიხდებათ, და ამიტომ ძლიერ საჭიროა, ისე დააწყოთ მანდ ყველაფერი, რომ შემდეგ მეორეს თქვენს მაგიერს შეეძლოს ნაყოფიერათ განაგრძოს საქმე. აკ. ჩხენკელი”.


   1924 წლის 7 დეკემბერს ქართველი ლტოლვილების პირველი ჯგუფი მარსელში ჩავიდა. საარქივო მასალებში დაცულია ს. ასათიანის მიერ საკუთარი ხელით შედგენილი ამ ჯგუფის წევრების ზუსტი სია: “სია შეფიცულებისა: 1. ელიზბარ ვაჩნაძე (კაპიტანი); 2. რაფიელ ერისთავი (ლეიტენენტი); 3. სულხანიშვილი ალექსანდრე (ლეიტენანტი); 4. ნებიერიძე შალვა; 5. ბადურაშვილი ალექსანდრე; 6. ქარუმიძე ილია; 7. სერგო მაისურაძე; 8. გიორგი პავლიაშვილი; 9. ალექსი ფეიქრიშვილი; 10. შამილ იქაიძე; 11. მერაბ ჯორჯაძე; 12. შალვა ბერიშვილი; 13. შიო ქურიძე; 14. პროკოფი ინწკირველი; 15. მირიან მელუა; 16. ილია სალუქვაძე; 17. წერეთელი გიორგი; 18. წერეთელი სვიმონი (პოლკოვ.); 19. გენ. ჭავჭავაძე სპირიდონ; 20. ჩოლოყაშვილი ქაქუცა”.


   აღსანიშნავია, რომ ს. ასათიანი შეფიცულებად იხსენიებს შალვა ბერიშვილს, შიო ქურიძეს, პროკოფი ინწკირველს, მირიან მელუას, ილია სალუქვაძეს, გიორგი და სვიმონ წერეთლებს, რომლებიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრები არასდროს ყოფილან. სიიდან ისიც ირკვევა, რომ თავდაპირველად საფრანგეთში ჩავიდა “შეფიცულთა” რაზმის 12 წევრი (და არა 18, როგორც ამას მიუთითებს ალ. კარგარეთელი თავის მოგონებებში), კერძოდ: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი, ალექსანდრე სულხანიშვილი, შალვა ნებიერიძე, ალექსანდრე ბადურაშვილი, ილია ქარუმიძე, სერგო მაისურაძე, გიორგი პავლიაშვილი, ალექსი ფეიქრიშვილი, შამილ იქაიძე და მერაბ ჯორჯაძე. დანარჩენი შეფიცულები: ალექსი ცხვედაძე, ლელო ჩიქოვანი, მიხეილ ლაშქარაშვილი, დავით რევაზიშვილი, გაბრიელ ბერბიჭაშვილი, ვასილ მარჯანიძე, სვიმონ ალიმბარაშვილი, ზაქარია ალიმბარაშვილი, შალვა ჯავრიშვილი, ლევან ჯავრიშვილი, თომა ბექაური და ალექსანდრე კარგარეთელი სტამბულიდან მოგვიანებით გამოემგზავრნენ.


   9 დეკემბერს გაგზავნილ ტელეგრამაში აკ. ჩხენკელი ს. ასათიანს ატყობინებდა: “გიგზავნი ტელეგრაფით 1500 ფრანკს აუცილებელი საჭიროებისათვის. შემატყობინეთ სიტუაცია. სთხოვეთ ქაქუცას, სასწრაფოდ პარიზში ჩამოვიდეს”.


   იმავე 9 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, ს. ასათიანმა აკ. ჩხენკელს მარსელიდან მესამე წერილი გაუგზავნა: “ბატონო ელჩო! როგორც იქნა, ბ. ქაქუცა დათანხმდა დღეს, რომ მასთან მყოფნი წავიდენ სამუშაოდ. ამ უკანასკნელზე ის ყოველთვის თანახმა იყო, მაგრამ თხოულობდა ორი კვირის დასვენებას და ჩაცმას, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო სამწუხაროდ, ერთი, იმისათვის, რომ ჩვენ ამის საშვალება არ გვაქვს და მეორე ის კი, რომ დანარჩენების საქმეს ვღუპავდით და სამინისტროსთან სამუდამოდ თავი გვეჭრებოდა.


  დირექტორმა, მისდა მიუხედავად, რომ ყოველ მხრივად ხელს გვიწყობს, მითხრა შემდეგი: “მეშინია, ტელეგრამმა არ გამაგზავნიონ სტამბოლში ვიზების გასაუქმებლად”-ო. ასე იდგა საკითხი და წარმოდგენილი გექნებათ, თუ რას განვიცდიდი... სამინისტროსაც ველაპარაკე ტელეფონით აქაური დირექტორის კაბინეტიდან და სხვადასხვა მიზეზებით, რომელსაც მანდ გეტყვით, ვსთხოვდი მათ პარიზში მოწყობას, მაგრამ ეს შეუძლებლად დაინახა უმუშევრობის მიზეზით ამ გზობისად და მირჩია, დაჩქარებით მიმეღო წინადადება ლა-მანშში იმათი წაყვანის: “პირობები კარგია და ნუ დაკარგავთ ამ შემთხვევას, რადგანაც ეხლა დიდი “შომაჟი” არის”-ო.


   ბ. ქაქუცას განვუმარტე ყველაფერი ეს და ვსთხოვე, მიეღო, ერთის მხრით, ჩვენი მდგომარეობა სახეში (რომ ქვეყანა შევაწუხეთ, მათი თავის მოყრა ერთ ალაგას, სათათრეთში, შევსძელით საფრანგეთის მთავრობის ჩარევით, შევსძელით მათთვის სამუშაოს მონახვა) და, მეორეს მხრით, მდგომარეობა იმ ხალხის, ვინც უკან დარჩა და მოუთმენლად მოელის აქეთ გამოსვლას; ვუთხარი ისიც, რომ მისგან, როგორც პასუხისმგებელი პირიდან, მთავრობა და საელჩო მოელის ამ შემთხვევაში მდგომარეობისდა მიხედვით მოქმედებას...


   ის ნაწყენია, და მე ეს მესმის, იმაზე, რომ სტამბოლში შეპირებიან: პარიზში ჩახვალთ, მარსელში გამოგაწყობენ, ორ კვირას დაისვენებთო და სხ... რასაკვირველია, ხალხი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ტყეში იარაღის ქვეშ არის და შემდეგ გამოქცევისა 24 დღე მთებსა და ზღვაში ნაწვალებია, ასე ადვილად ვერ შეურიგდებიან იმ პირობებს, რომელშიდაც იძულებული არიან ჩადგნენ და ჩვენ მდგომარეობასაც ჯერჯერობით ვერ იგებენ...


   ქაქუცას შევპირდი, რომ მოხერხებისდაგვარად გამოვიყვანთ მის ხალხს (მაგ. არიან სტუდენტები, ოფიცრები და სხ...), როგორც კი გამოინახება საშუალება მათი სასწავლებელში (სამხედრო სასწავლ. ან სხვა რომელიმე) მოწყობა; ამასობაში მეორე პარტიაც მოაღწევს და შეგვეძლება გამოსაყვანთა (თუ მან ვინმეს დაანებებია თავი მუშაობას) შეცვლა-თქო, ხოლო ეხლა რომ ყველა ესენი პარიზში ჩაიყვანო, რის უფლებასაც ვერ ვიშოვნით, დაგირჩებათ სანანებლად, რადგანაც მათი მოვლა ძნელი იქნება და სამუშაოსაც ვეღარ იშოვნიან და სხ. ერთი სიტყვით, ის, რაც მართალია და ჩვენს მდგომარეობას ხატავს.


    ასეა თუ ისე, ეხლა წყნარად ვარ ამ მხრით. თუ ხვალ ვინმემ ხელი არ შემიშალა და აზრი არ შეაცვლევინა (ეხლა 9 საათია საღამოს), ისინი გამოვლენ, ალბათ, ხვალ, ოთხშაბათს, საღამოს შვიდის ნახევარზე; პარიზში იქნებიან ხუთშაბათ დილას 9-10 ს. (მიაკითხეთ, თუ რომელ საათზე მოვლენ). სადგურზე, ალბათ, თქვენც შეხვდებით. სადგურზევე იქნება ქაქუცას მხლებელთა წამყვანი სამუშაოზე. იქ სთხოვთ, რომ მუშებს მისცენ ორი-სამი დღე დასასვენებლად, რადგანაც და სხ...


   ქაქუცამ შეიძლება დასვას საკითხი მათი მანდ დარჩენის რაოდენიმე დღე. არაფერს შემთხვევაში ასეთი საკითხის აღძვრას არ ექნეს ადგილი, თორემ დავიღუპებით _ მუშების ამყვანი მუშებს ეძებს, სხვა მოტივები მას არ აინტერესებს. კონტრაქტები 6 თვის არის, მაგრამ შეგვიძლია საჭიროების დროს გავაბათილოთ (ამაზე შემდეგ). საქმე ასე არის მოწყობილი და აწი თქვენ იცით მანდ, ქაქუცამ ეს ყველაფერი იცის...


   აქაური დირექტორი პირდაპირ ღვთისნიერი კაცია! გუშინ ძალიან შეწუხებული მივბრუნდი მასთან წითელი ჯვრიდან (საფრანგეთის), სადაც შევიარე ისევ და აუწერე ჩამოსულთა მდგომარეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ მოახერხეს. ასე შეწუხებული რომ დამინახა, წამოავლო ტელეფონს ხელი და მთხოვა ნება, დაერეკა რუსის კონსულისათვის _ ისინიც ბოლშევიკების წინააღმდეგი არიან და რათ არ უნდა დაგეხმარონო? ამ მოტივით ვითამ მეც შესაძლებლად დავინახე და დავთანხმდი, მეტი რა გზა იყო! და, მართლაც, ჩვენს ბრძოლას ამ მხრით ხომ საერთო ხასიათიც აქვს იმდენად, რამდენათაც მთელი ქვეყნიერობის მტერს ვებრძვით!


სწორედ მეც ამ გრძნობით შევიარე დღეს მასთან (კონსულთან), რომელმაც მიმიწვია საკონსულოში, და ისიც ამ გრძნობით დამხვდა. “ვისაც რამე შეუძლია, თქვენ ყველა უნდა დაგეხმაროს”-ო, _ მითხრა შესვლისას... ასე რომ, ხვალ გვექნება საცვლები, რამდენიც შეიძლება, ფრენჩი და შარვალი, შეიძლება, ფეხსაცმელიც და რაოდენიმე შინელი. ამ ზამთარში და სამუშაოდ დიდათ გამოადგებათ, სხვას თვითონ შეიძენენ შემდეგ.


   ამისათვის, გთხოვთ, ტელეგრამმით მომაწოდოთ განკარგულება, რომ ის ფული, რომელიც გამოგიგზავნიათ, 1500 ფრანკი, მოხმარდეს სხვების გადმოყვანის საქმეს, უფრო კი უკან ჩამოვიტან, თუ პაკემ ბევრი არ მომთხოვა. მე მჭირია ეს განკარგულება იმ მიზნით, რომ თუ ყმაწვილებმა გაიგეს ამ ფულის მოსვლა და, ალბათ, ხვალ დილას ვაჩვენებ ტელეგრამას ბ. ქაქუცას, ახალ ტანისამოსს მომთხოვენ და რასაც გვაძლევენ, იმას დაიწუნებენ. ამ ფულით მაინც ვერ შევმოსავ მათ.


   გული მეწვის, როდესაც წარმოვიდგენ, რომ დანარჩენებს სათათრეთში არაფერი არა აქვთ და მოუთმენლად მოელიან აქ მოსვლას და მუშაობის დაწყებას... ამ პირველ ჯგუფში ურევია საუცხოვო ამხანაგები _ გურიის ხელმძღვანელნი, ორის გვარი ვიცი, სადგურზე ნახეთ ისინი აუცილებლად! შიო ქურიძე, პროკოფი ინწკირველი და სხვები... გვარჯალაძეს ვსთხოვე დეპეშით, რომ არ გამოგზავნოს ისეთი ხალხი, რომელსაც მუშაობა არ უნდა, რადგანაც ეს ახთენს იმათ საქმეს, ვისაც მუშაობა სურს და ჩვენც, არას მქონე, ვვარდებით ცუდ მდგომარეობაში. თქვენც მისწერეთ ამის შესახებ. ღრმა პატივისცემით ს. ასათიანი”.


   10 დეკემბერს გაგზავნილი ტელეგრამით ს. ასათიანი აკ. ჩხენკელს ატყობინებს, რომ ს. ჭავჭავაძე, გ. წერეთელი და ს. წერეთელი მოემგზავრებიან პარიზში, ხოლო ქაქუცა ჩოლოყაშვილი მარსელში რჩება, რათა თავის თერთმეტ რაზმელს ტანსაცმლით შემოსვაში დაეხმაროს.

 
   იმავე 10 დეკემბერს აკ. ჩხენკელი ს. ასათიანს შემდეგი შინაარსის ტელეგრამას უგზავნის: “თუ შეიძენ ტანსაცმელს, ფულს გაუფრთხილდი”.


   11 დეკემბერს ს. ასათიანმა აკ. ჩხენკელს ტელეგრამით შეატყობინა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის რაზმელებთან ერთად პარიზში ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე, ჩავა და თხოვს, უშუამდგომლოს ქარხნის ადმინისტრაციასთან, რათა მან ქართველ მუშებს 3 დღით დასვენების უფლება მისცეს. მართლაც, სამი დღის შემდეგ, 14 დეკემბერს, ქართველი ლტოლვილები გრანვილში, “დიორის” ქიმიურ საწარმოში, სამუშაოდ გაემგზავრნენ.


ს. ასათიანს “დიორის” ქარხანაში მომუშავე ქართველების რამდენიმე სია აქვს შედგენილი. თავდაპირველად, აქ მუშაობდნენ: “1. სულხანიშვილი (ოფიცერი); 2. მაისურაძე (ცხენოსანი); 3. ფეიქრიშვილი (სლესარი); 4. ჯორჯაძე მერ.; 5. იქაიძე (სოფლის მუშა); 6. პავლიაშვილი (სოფლის მუშა); 7. ქარუმიძე (ფერშალი); 8. ნებიერიძე (სტუდენტი); 9. ერისთავი (ოფიცერი; განთავისუფლებულია თვალის ავადმყოფობის გამო); 10. ბადურაშვილი (მოსწავლე); 11. ინწკირველი (მუშა); 12. ქურიძე (მუშა); 13. მელუა (მუშა); 14. სალუქვაძე (მუშა)”. მომდევნო სიას ელიზბარ ვაჩნაძე დაემატა.


   ცოტა ხანში ს. ასათიანმა “დიორის” ქარხანაში მომუშავე ქართველი ლტოლვილების მესამე სიაც შეადგინა, რომელსაც გამოაკლდა მერაბ ჯორჯაძე (სავარაუდოდ, როგორც შეფიცულთა შორის ფრანგული ენის ერთადერთი მცოდნე, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ის პარიზში წაიყვანა _ გ. ს.), სამაგიეროდ, დაემატნენ: ლელო ჩიქოვანი, აგრეთვე, კაკო ალშიბაია, გახოკიძე და კარგინსკი. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ მოცემულია “შეფიცულთა” რაზმის წევრების დაბადების ზუსტი თარიღებიც, რასაც მათი ბიოგრაფიების შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, ეს სიაც: “გრანვილში, დიორის” ქიმიურ საწარმოში, მომუშავე ქართველების სია: 1. ელიზბარ ვაჩნაძე (კაპიტანი; 29 წლის; დაბადებული 5/I. 1896); 2. რაფიელ ერისთავი (ლეიტენანტი; 24 წლის; დაბადებული 8/III. 1901); 3. ალექსანდრე სულხანიშვილი (ლეიტენანტი; 29 წლის; დაბადებული 8/II. 1896); 4. სერგო მაისურაძე (24 წლის; დაბადებული 5/VII. 1901); 5. ალექსანდრე ბადურაშვილი (22 წლის; დაბადებული 3/VIII. 1903); 6. ალექსი ფეიქრიშვილი (28 წლის; დაბადებული 10/XII. 1897); 7. შამილ იქაიძე (27 წლის; დაბადებული 6/VII. 1898); 8. გიორგი პავლიაშვილი (43 წლის; დაბადებული 9/V. 1882); 9. შალიკო ნებიერიძე (24 წლის; დაბადებული 2/I. 1901); 10. კაკო ალშიბაია (22 წლის; დაბადებული 10/III. 1903); 11. გახოკიძე ივანე (22 წლის; დაბადებული 15/VIII. 1903); 12. ილია ქარუმიძე (34 წლის; დაბადებული 5/IX. 1891); 13. შიო ქურიძე; 14. ილია სალუქვაძე; 15. მირიან მელუა; 16. ლევან ჩიქოვანი; 17. კარგინსკი”.


   როგორც ვხედავთ, ლტოლვილთა პირველი ჯგუფიდან სიებში მოხსენიებული არ არიან ქაქუცა ჩოლოყაშვილი, სპირიდონ ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, სვიმონ წერეთელი და შალვა ბერიშვილი. თუკი პირველი ოთხი პიროვნებისთვის პარიზში შესასვლელი ვიზების დამზადებას ჯერ კიდევ სტამბულში მყოფი კონსტანტინე გვარჯალაძე ცდილობდა, შალვა ბერიშვილის ბედზე მისმა ბიძამ (დედის ძმამ) _ ნოე რამიშვილმა იზრუნა. რაც შეეხება დანარჩენ სოციალ-დემოკრატებს: შ. ქურიძეს, პ. ინწკირველს, მ. მელუას და ი. სალუქვაძეს, ისინი შეფიცულებთან ერთად გრანვილში, “დიორის” ქიმიურ ქარხანაში, სამუშაოდ გაამწესეს.


   ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 19 დეკემბერს, ერთ-ერთმა მენშევიკმა _ ილია სალუქვაძემ თანაპარტიელ ს. ასათიანს და ვინმე ივლიანეს თავიანთი უმძიმესი სამუშაო პირობები შეატყობინა და “დიორის” საწარმოში მომუშავე ყველა სოციალ-დემოკრატის სახელით, მათთვის სხვა სამსახურის მოძებნაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა (სავარაუდოდ, სწორედ იმავე დროს იგივე თხოვნით ქაქუცა ჩოლოყაშვილს ალ. სულხანიშვილი და სხვა შეფიცულები მიმართავდნენ, ანუ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას ყველა თავისი მფარველის დახმარებით ცდილობდა): “ძვირფასო ამხანაგებო ჭიჭიკო და ივლიანე! ჩვენ დღემდე ვერ მოვახერხეთ წერილის მოწერა. აქ პირობები შემდეგია: როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენებურად რომ ვსთქვათ, ნაკელის (სასუქის) დასამზადებელ ქარხანაში. წარმოდგენილი გექნებათ, როგორი ჭუჭყიანობა იქნება. მხოლოთ ეს არაფერი, მთავარი ის არის, რომ ვმუშაობთ 10 საათს და ვღებულობთ 18 ფრანკს. ამ მხრივ პირობები ძალიანი ცუდია.


   არც ერთი წუთი არა გვრჩება, რომ ცოტა ვიმეცადინოთ და ფრანგული შევისწავლოთ და თუ ასეთ პირობებში დიდი ხანი მოგვიწია ყოფნა, ეს აუტანელი იქნება. ასეთ პირობებში რომ იმუშავებ, ცოტა რაიმე უნდა გრჩებოდეს შავი დღისათვის, თორემ ავათ რომ გახდეს კაცი, ხომ შიმშილით უნდა მოკვდეს და ცოტაც მეცადინეობის საშვალებაც უნდა გქონდეს, რომ მონობას მალე დააღწიო თავი. მე ვფიქრობ, ამხანაგო ჭიჭიკო, ნოე, ვალოდია და სხვები შეასრულებენ თავის სიტყვას, აღასრულებენ და ამოგვიყვანებენ ამ უბედურებიდან.


   ამხანაგებო, თქვენ არ იფიქროთ, რომ მე მუშაობა მეზარებოდეს და იმიტომ გწერდეთ. წარმოიდგინეთ ასეთი მდგომარეობა. იმედი, რომ კვირას მაინც დავისვენებდით, ამეღამ გამოირკვა, რომ კვირასაც უნდა ვიმუშაოთ, მეცედინეობას ქე დავანებოთ თავი და დაუსვენებლათ მუშაობას ვერავინ ვერ შესძლებს და ამას მანამ უნდა ანგარიშის გაწევა, სანამ საქმე წახდებოდეს. მე იმედი მაქვს, თქვენ ამ წერილს ნოე რამიშვილს და ვალოდია გოგუაძეს წააკითხვებთ და ყველანი ერთად იზრუნებთ.


   ხომ იცით, ამხანაგებო, თქვენ მიერ გაცემულს სიტყვიერს ვექსელს განაღდება უნდა. ჭიჭიკო, სადაც თქვენ გჭიროდათ დახმარება, ჩვენ მზათ ვიყავით და ეხლა გვაქვს იმედი, დაგვიფაცურდები. გვაქვს იმედი!.. ველით პასუხს დაჩქარებით. მარადის თქვენი ილიკო სალუქვაძე”.


   1924 წლის 19 დეკემბერს ასეთივე მძიმე სურათს უხატავდა ს. ასათიანს შიო ქურიძეც: “ამხ. ჭიჭიკო! ჩვენ ჩავედით დანიშნულ ალაგზედ. აქაურ ქარხნის დირექტორთან მოლაპარაკებამ გამოარკვია შემდეგი: უნდა ვიმუშაოთ 10 საათი. ხელფასი 18 ფრანკი. გვიჩვენეს ყაზარმები, ნამეტანი სიროსტიანი და იქ ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. ბინა კი ღირს არა ნაკლები 12 ფრანკისა. ასე რომ, ვალი რომ გადაუხადოთ ხაზეინს, უნდა ვიმუშაოთ არა ნაკლები 6 თვისა... თქვენი შიო”.


   1924 წლის 19 დეკემბერს ს. ასათიანმა წერილი სტამბულიდანაც მიიღო. კ. გვარჯალაძე მას აღუწერდა “შეფიცულთა” რაზმის თურქეთში ყოფნის პერიპეტიებს: “ძმაო ჭიჭიკო! მივიღე დღეს შენი წერილი. იწერები ქაქუცას ჯგუფის შესახებ. მათ აქ კიდევ უარესი დააყენეს. ნახავდი, რომ დიდათ ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ მაინც დასვენებაზე გაიძახოდნენ. აქ აუხსენით მათ, რომ ამ გზით საფრანგეთში შესვლა ძნელი იყო და, რაც თავი და თავია, შემდეგ ჯგუფების საქმეებს ამით გააფუჭებდნენ, მაგრამ ადამიანი ხომ ეგოისტია და სხვებისათვის იმათ გული მაინცდამაინც არ შესტკიოდნენ.


   ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმეთ ხელი მოეწერათ აქ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მარსელშიდაც ესენი რამე სკანდალს გააკეთებდნენ. გაუკეთებიათ კიდევაც. იმ “კრეტინმა” (საინტერესოა, “იმ კრეტინში” მარქსიზმის ბაცილით სამუდამოდ მოწამლული კ. გვარჯალაძე ვის გულისხმობს _ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, თუ ვინმე სხვას? _ გ. ს.) აქაც ბევრი სისულელე ჩაიდინა. საზოგადოთ, ის ჯგუფი ყველაზე მეტი დაგვიჯდა, ყველაზე მეტს ხმაურობდა და პრეტენზიებს აცხადებდა. იმ ჯგუფში იყვნენ სხვებიც, რომლებსაც ნაკლები ყურადღება ქონდა მიქცეული, მაგრამ მაინც ჩუმათ იყვნენ და ჩვენს მდგომარეობაში შედიოდნენ.


   შენ, ჩემო ჭიჭიკო, ამ პირველ ჯგუფთან გქონდა საქმე მხოლოთ. ადვილათ წარმოიდგენ, თუ რამდენი უკმაყოფილება, რამდენი ლაპარაკი და ნერვიულობა იქნებოდა მერმედ. ამ უფულობის დროს განსაკუთრებით ძნელი იყო აქ ჩემი მდგომარეობა, მაგრამ რას იზამ კაცი!.. პრეტენზიების ხალხი იყო პირველი ჯგუფი (არ ვიცი კი, რატომ მათ სხვებზე მეტი პრეტენზიები უნდა ქონოდათ), სხვებს თავი კარგათ ეჭირათ... შენი კ. გვარჯალაძე”.


   გავიდა რამდენიმე დღე და 30 დეკემბერს კ. გვარჯალაძემ ს. ასათიანს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა, რომლის დასაწყისში გულჩათუთქული აღუწერდა მათი თანაპარტიელი ლტოლვილების _ კალე ქავთარაძის და სერგო მათითაიშვილის მძიმე მდგომარეობას სამუშაოზე; ძალიან სწუხდა, რომ ისინი ცუდ პირობებში აღმოჩნდნენ; სთხოვდა, “თუ შეიძლება რამე დახმარება, დაეხმარეთ”; აგრეთვე, სთხოვდა პარიზიდან მისთვის რამდენიმე ცარიელი, უსახელო ვიზის გაგზავნას იმ მოტივით, რომ, მაგალითად, “ვლასა მგელაძე რომ ჩამოვიდეს, ხომ ვერ გავუშვებ კონტრაქტით სადმე სამუშაოზე?” უხსნიდა, “ასეთი ვიზები რომ მქონებოდა აქ, კალეს და სერგო მათითაიშვილს ასეთი რამ არ დაემართებოდათ”.


   აი, ამას ჰქვია ადამიანებისადმი შერჩევითი, “ჩემიანების” და “სხვისიანების”, პრინციპით მიდგომა; ნახეთ, როგორ გულწრფელად წუხს საქართველოს ემიგრანტული მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი (რომლის ასევე ოფიციალურ მოვალეობასაც ყველა ქართველ ლტოლვილზე, განურჩევლად მათი პარტიულობისა, ზრუნვა წარმოადგენდა) თავის თანაპარტიელების ბედზე, ხოლო სამი წლის განმავლობაში რუს ოკუპანტებთან ნაბრძოლ, ნერვებდაჭიმულ, მორალურად და ფიზიკურად გადაღლილ “შეფიცულებზე” კი ამბობს, “არ ვიცი კი, რატომ მათ სხვებზე მეტი პრეტენზიები უნდა ქონოდათ”-ო.
უბედურება ის იყო, რომ ასე მხოლოდ კონსტანტინე გვარჯალაძე არ ფიქრობდა, იგივე მენტალიტეტი ჰქონდა, ფაქტობრივად, ყველა ქართველ მენშევიკს, მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებსაც (ქვემოთ ნოე რამიშვილის მაგალითზე ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით). ამიტომ იყო, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მენშევიკები ვერ იქცნენ ქვეყნის მთელი მოსახლეობის ინტერესების გამომხატველ მთავრობად; ისინი ბოლომდე მუშებისა და გლეხების ხელისუფლებად დარჩნენ. სხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს მენშევიკები ეჭვის თვალით, უნდობლად უყურებდნენ, ყველანაირად ცდილობდნენ, ისინი დაემცროთ “თავისიანების” აღზევების ხარჯზე. სამწუხაროდ, ქართველმა მენშევიკებმა ემიგრაციაშიც იგივე პრინციპით განაგრძეს მოქმედება.


   როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, 1925 წლის იანვარში სტამბულიდან მარსელში ქართველი ლტოლვილების კიდევ ორი ჯგუფი ჩავიდა, მათ შორის, შეფიცულების დარჩენილი ნაწილი, აგრეთვე, რამდენიმე ათეული მენშევიკი (ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან). ფრანგულ ენაზე შედგენილ დოკუმენტში _ “მარსელში მყოფი ქართველი ლტოლვილების სია” მოცემულია მათი ვინაობები: “1. ლევან ჩიქოვანი; 2. ლევან ჯავრიშვილი; 3. შალვა ჯავრიშვილი; 4. ალექსანდრე კარგარეთელი; 5. ვასო მარჯანიძე; 6. გაბრიელ ბერბიჭაშვილი; 7. ზაქარია ალიმბარაშვილი; 8. სოლომონ ალიმბარაშვილი; 9. ალექსი ცხვედაძე; 10. დავით რევაზიშვილი; 11. სამსონ ყრუაშვილი; 12. დავით ერქომაიშვილი; 13. ექვთიმე კვაშალი; 14. სერგო ტარასაშვილი; 15. სიმონ გოგიბერიძე; 16. მირიან ბარამიძე; 17. ქრისტეფორე იმნაიშვილი; 18. ნიკოლოზ შარაბიძე; 19. გრიგოლ ცინცაძე; 20. ვლადიმერ დოლიძე; 21. გიორგი დოლიძე; 22. თეოფილე მუხაშავრია; 23. პარმენ ჭანუყვაძე; 24. ავთანდილ ურუშაძე; 25. დიომიდე კვერღელიძე; 26. ჯამლეთ ღლონტი; 27. აკაკი ვადაჭკორია; 28. ფილიპე შარაძე; 29. ვალენტინ წილოსანი; 30. გრიგოლ წერეთელი; 31. გრიგოლ ორაგველიძე; 32. ტიტე აფხაზავა; 33. ლევან დადიანი; 34. სარდიონ კუჭავა; 35. გერმანე წივწივაძე; 36. ალექსანდრე მელქაძე; 37. ვარლამ დარსაველიძე; 38. კლემენტ ჭიჭინაძე; 39. სიმონ ჩიკვილაძე; 40. ალფესი ხომერიკი; 41. თენგიზ ქართველიშვილი; 42. პავლე ვაშაძე; 43. არტემ კიკვაძე; 44. პავლე რუხაძე; 45. ვალერიან გუნია; 46. მიხეილ ლაშქარაშვილი; 47. ივანე ბოცვაძე; 48. სიმონ ბლიაძე; 49. ბასილ ლაბაძე; 50. ვიქტორ ჯიშკარიანი”.


   ზემოაღნიშნული ლტოლვილების დიდი ნაწილი (31 კაცი), თავდაპირველად, სენტ ობენში გაგზავნეს, სადაც მათ მუშაობა უმძიმეს პირობებში უწევდათ. ისინი დახმარებას ს. ასათიანს თხოვდნენ, რის შესახებაც 1925 წლის 17 იანვარს ეს უკანასკნელი აკ. ჩხენკელს ატყობინებდა: “ბატონო ელჩო!... სენტ-ობენში მოწყობილი ხალხი არ შვრებიან იქ გაჩერებას, მაგრამ მე მაინც ვერ ვიკისრე მათი მოხსნა, სანამდი “პეჟოს” ტელეგრამმა არ იქნება მუშების მიწვევის შესახებ. ლაშქარაშვილს ასახელებენ (მუხაშავრია და სხვები), როგორც სპეტაკ და ყოველ მხრივად სანდო პიროვნებას. ისინი ღებულობენ, თუ საჭირო იქნება, ყოველგვარ თავდებობას და პასუხისმგებლობას. მიიღეთ ეს მხედველობაში და ქაქუცა დაარწმუნეთ, რომ ისიც იქნეს შეტანილი სიაში (გაუგებარია, რაში სჭირდებოდა “შეფიცულთა” რაზმის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ წევრს _ მიხეილ ლაშქარაშვილს “მუხაშავრიას და სხვების” რეკომენდაცია ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინაშე? _ გ. ს.). უცდი თქვენს დეპეშას და ადრესს, თუ საით გავგზავნო ხალხი, ან თუ საჭიროა ჩემი გაყოლა, თუ მათ დახვთებათ იქ ვინმე. მე კიდევ არ მჯერა ეს საქმე (ხაზგასმა ჩვენია _ გ. ს.) და მეშინია, “დიორიც” არ დაეკარგოთ და ყველანი არ დაგვაწვეს თავზე. მუხაშავრია საჭიროდ სთვლის, არ მოშორდეს ამ ხალხს. თითქმის ყველანი მიდიან იქ. გამოდის, სიის თანახმად, 50 კაცი. ამ ორმოცდაათ კაცში შედის ყველა, ქაქუცას სიტ-გრანვილის გამოკლებით... ღრმა პატივისცემით ს. ასათიანი”.


   სოსიპატრე ასათიანის ეს წერილი რამდენიმე საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს:

1) ზემოთ, ალ. სულხანიშვილის მოგონებებზე დაყრდნობით, აღვნიშნეთ, რომ შეფიცულებს ახალი სამსახური ქ. ოდენკურში მდებარე “პეჟოს” საავტომობილო ქარხანაში თვითონ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მოუძებნა, რომელმაც ცნობილი ფრანგი კაპიტალისტი პეჟო პოლკოვნიკ კოკეს მეშვეობით გაიცნო. როდესაც ეს ამბავი აკ. ჩხენკელმა შეიტყო, ქაქუცას სთხოვა, ეშუამდგომლა პეჟოს წინაშე, რათა მას შეფიცულებთან ერთად სამსახურში რამდენიმე ათეული “მისიანიც” (ე. ი. სოციალ-დემოკრატი მენშევიკი) მიეღო. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, რომელიც, საქართველოს ემიგრანტული მთავრობისაგან განსხვავებით, თანამემამულეებს “თავისიანებად” და “სხვისიანებად” არ ყოფდა, აკ. ჩხენკელის თხოვნა დააკმაყოფილა _ მისი შუამდგომლობით, “შეფიცულთა” რაზმის წევრებთან ერთად, “პეჟოს” ქარხანაში მუშაობა ორმოცამდე ქართველმა მენშევიკმაც დაიწყო.


2) ს. ასათიანის 1925 წლის 17 იანვრის წერილი აკ. ჩხენკელისადმი სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და პეჟოს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარების საწყის ეტაპზეა შედგენილი, როდესაც ქართველი ლტოლვილების ოდენკურის საავტომობილო ქარხანაში მუშაობის დაწყების საკითხი ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი, ყოველ შემთხვევაში, ს. ასათიანს ხელთ არ ჰქონდა “პეჟოს” ტელეგრამმა მუშების მიწვევის შესახებ”.


3) წერილიდან ნათლად ჩანს, რომ პეჟოს წინაშე წარსადგენი მუშების სიას პირადად ქაქუცა ჩოლოყაშვილი ადგენდა (“ქაქუცა დაარწმუნეთ, რომ ისიც იქნეს შეტანილი სიაში”), ანუ ალ. სულხანიშვილის ზემოაღნიშნული ცნობა ქაქუცას მიერ, პოლკოვნიკ კოკეს მეშვეობით, პეჟოს გაცნობისა და მისი შუამდგომლობით, ქართველი ლტოლვილების ოდენკურის საავტომობილო ქარხანაში მუშაობის დაწყების შესახებ, სრულიად სანდოა.


4) ს. ასათიანი ერთგან მიუთითებს: “გამოდის, სიის თანახმად, 50 კაცი. ამ ორმოცდაათ კაცში შედის ყველა, ქაქუცას სიტ-გრანვილის გამოკლებით”. ამ ცნობას მთლიანად ეთანხმება მაშინ ჯერ კიდევ გრანვილის “დიორის” ქიმიურ საწარმოში მომუშავე ალ. სულხანიშვილის მოგონებებში დაცული შემდეგი ინფორმაცია: “ჩვენ მანამ დიორის ქარხანას თავს დავანებებდით და მოვიდოდით ოდინკურში, სოციალ-დემოკრატების ჯგუფმა უკვე დაიწყო მუშაობა პეჟოს ავტომობილების ქარხანაში თითქმის 50 კაცმა”.


5) საგანგებოდ აღსანიშნავია (თუ რატომ, ამას ქვემოთ ვნახავთ) ს. ასათიანის შემდეგი ფრაზა: “მე კიდევ არ მჯერა ეს საქმე” (ანუ მას ვერ წარმოედგინა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეეძლო ისეთ გავლენიან ფრანგ მეწარმესთან კავშირის დამყარება, როგორიც პეჟო იყო). ამიტომ, იგი ვერ ბედავდა სენტ ობენსა და გრანვილში მომუშავე ქართველი ლტოლვილების სამუშაოდან “მოხსნას”, ეშინოდა, მათ ეს სამსახურებიც არ დაეკარგათ და “ყველანი არ დაგვაწვეს თავზე”.


   1925 წლის 18 იანვარს მარსელში მყოფი ს. ასათიანი აკ. ჩხენკელს კვლავ უზიარებდა თავის ეჭვებს “პეჟოსთან” დაკავშირებით: “ბატონო ელჩო!... სენტ-ობენში მყოფთ ჯერ ვერ ვხსნი, მეშინია “პეჟოსი”. როგორც კი მომივა თქვენგან ცნობა, იმათაც მაშინვე გამოვიწერ... გთხოვთ, დაჩქარებით მაცნობოთ, თუ გამოდის რამე “პეჟოსთან” მოწყობის შესახებ, თუ არა, მაშინ სხვაზე უნდა ვიფიქროთ... ღრმა პატივისცემით ს. ასათიანი”.


   როგორც ჩანს, ს. ასათიანმა აკ. ჩხენკელისგან პასუხი დროულად ვერ მიიღო, რის გამოც 21 იანვარს მას აღელვებული სწერდა: “ბატონო ელჩო!... სენტ-ობენიდან ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ხვალ მომადგება კარზე... როგორც ჩანს, “პეჟოს” ამბავი ბლეფია და მეტი არაფერი! (ხაზგასმა ჩვენია _ გ. ს.) ის ხალხი მაინც გაჩერებულიყო სენტ-ობენში! უმორჩილესად გთხოვთ, დაჩქარებით შემატყობინოთ “პეჟოს” ამბავი... თუ “პეჟოსთან” მოეწყოს საქმე, რაც მე მეეჭვება და თავიდანვე მეეჭვებოდა, მაშინ იქ უნდა გაგზავნოთ ვინმე ან მაცნობეთ, თუ მართლა ქაქუცა დახვთებათ იქ... ღრმა პატივისცემით ს. ასათიანი”.


   როგორც ცნობილია, “პეჟოს ამბავი ბლეფი” არ გამოდგა და 1925 წლის თებერვლის დასაწყისში დაახლოებით 50 ქართველმა ლტოლვილმა იქ საკმაოდ კარგ სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობებში მუშაობა დაიწყო. მალე მათ გრანვილის “დიორის” ქარხნიდან წამოსული ოცი მუშაც შეუერთდათ. სამწუხაროდ, უპარტიო (თუმცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისადმი სიმპათიით განწყობილ) შეფიცულებსა და მარქსისტ მენშევიკებს შორის თავიდანვე ცუდი ურთიერთობა დამყარდა, მათი ჩხუბი და აყალმაყალი თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. შექმნილ მძიმე ვითარებაში, იმის მაგივრად, რომ ორ მტრულ ბანაკად დაყოფილი ქართველი ლტოლვილების შერიგებაზე ეზრუნათ, საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წევრები ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და “პეჟოს” ქარხნის მუშებს შორის თავიანთი იდეოლოგიური მომხრეების რაოდენობის გამრავლებაზე ფიქრობდნენ.


   ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა 1925 წლის 17 თებერვალს ნოე რამიშვილის მიერ აკაკი ჩხენკელისადმი გაგზავნილი შემდეგი შინაარსის წერილი: ”ძმაო აკაკი! ფირცხალაიშვილი პარმენი და თალაკვაძე როლანდი (იგივე ტარიელი) ჩვენი ამხანაგები ყოფილან, მათ ყველა ჩამოსულები იცნობენ. ორივენი პირდაპირ გააგზავნეთ პეჟოსთან სამუშაოზე.


რაც შეეხება მერაბაშვილს, უკეთესია, ის გაგზავნოთ სადმე სხვაგან. რაკი ნაციონალ-დემოკრატების (ანუ შეფიცულების _ გ. ს.) ნაწილი ამხედრებულია და ჩვენს ამხანაგებს მარქსისტობას აბრალებენ და სხვა, სახიფათოა, ასეთი კაცი ამ ჯგუფს მივაკედლოთ. ასე ფიქრობენ აქაურები. როგორმე აქ ნუ დავტოვებთ. სულ დაიკარგება. ამაზე იფიქრეთ. შენი ნ. რამიშვილი”.


   როგორც ვხედავთ, ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი _ ნოე რამიშვილი, სამწუხაროდ, მოვლენებს მხოლოდ ვიწრო პარტიული ჩარჩოებიდან უყურებდა და აფასებდა! ის პირდაპირ მოუწოდებდა თანაპარტიელ აკაკი ჩხენკელს, გაეძლიერებინა ოდენკურის ქარხანაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის წყალობით მომუშავე სოციალ-დემოკრატების ჯგუფი ქაქუცასავე შეფიცულების (ნოე რამიშვილის სიტყვებით, ნაციონალ-დემოკრატების) დასუსტების ხარჯზე.


   ზემოთ ჩვენ ს. ასათიანის მიერ აკ. ჩხენკელისადმი 1925 წლის 17, 18 და 21 იანვარს გაგზავნილი წერილები გამოვაქვეყნეთ, რომლებიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი ეჭვის თვალით უყურებდა ბატონი ჭიჭიკო ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და კაპიტალისტ პეჟოს შორის ურთიერთობას. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ფრაზები: “მე კიდევ არ მჯერა ეს საქმე”; “მეშინია “პეჟოსი”; “პეჟოს” ამბავი ბლეფია და მეტი არაფერი!”; “თუ “პეჟოსთან” მოეწყოს საქმე, რაც მე მეეჭვება და თავიდანვე მეეჭვებოდა”...


   ბოლოს, გაგაცნობთ ნაწყვეტს “პეჟოს” ქარხანაში მომუშავე ერთ-ერთი ქართველი სოციალ-დემოკრატის _ ვალენტინ წილოსანის მიერ სოსიპატრე ასათიანისადმი 1925 წლის 23 თებერვალს გაგზავნილი წერილიდან, საიდანაც ირკვევა, თუ ვის ემადლიერებოდნენ მენშევიკი მუშები ოდენკურის საავტომობილო ქარხანაში მუშაობის დაწყებას: ”ღრმად პატივცემულო ბ-ნო ჭიჭიკო!.. რაც თქვენ დაგვტოვეთ, მას შემდეგ არავითარი ცვლილება არ მომხდარა, ვმუშაობთ და ააშენა ღმერთმა ეს პეჟო, კარგათაც გვეპყრობა და ჯამაგირსაც სამყოფათ ვღებულობთ. ეს კარგათ აქვთ ამხანაგებს შეგნებული და აკი მიტომაც თავიანთ მხრივ სასურველათ იჭერენ თავს შინ და გარეთ. ისე, ყველა ამბობს (ვისაც სხვა ქარხნებში უმუშავნია), ასეთი იოლი და თან კარგ ჯამაგირიანი სამსახური ჩვენ სიზმრადაც არ გვქონდა წარმოდგენილიო... დიდი და დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას! ყველა ამას ამბობს (ხაზგასმა ჩვენია _ გ. ს.). ერთი სიტყვით, არამც თუ კმაყოფილნი არიან, არამედ ამ სამუშაოს ბავშვების სათამაშოს ეძახიან!.. პატივისცემით ვალენტინ წილოსანი”.


   როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია! დარწმუნებულნი ვართ, სოსიპატრე ასათიანი “ღირსეულად” შეიფერებდა ვალენტინ წილოსანის გულწრფელ მადლობას, თითქოს, მართლაც, მან და საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ მოაწყო 70-ზე მეტი ქართველი ლტოლვილი “პეჟოს” ქარხანაში და არა _ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა! რასაკვირველია, აღარც ის გაახსენდებოდა, როგორ ჩიოდა და წუწუნებდა ცოტა ხნის წინ, “პეჟოს” ამბავი ბლეფია და მეტი არაფერი”-ო.


დავუბრუნდეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის აღწერას... 1924 წლის 24 ოქტომბერს პარიზში პირველი ქართული ემიგრანტული პატრიოტული ორგანიზაცია “თეთრი გიორგი” დაარსდა. მისთვის ამ სახელწოდების მინიჭება ქაქუცა ჩოლოყაშვილის იდეა ყოფილა. “თეთრი გიორგისთან” ქაქუცას კავშირის შესახებ ორი ცნობა მოგვეპოვება: პირველის მიხედვით, რომელიც ცნობილ ქართველ მეცნიერს, პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, “თეთრი გიორგის” ერთ-ერთ დამფუძნებელს _ კალისტრატე სალიას ეკუთვნის, “საქართველოს უკანასკნელი რაინდი ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირადად დაესწრო “თეთრი გიორგის” პირველ კრებას, მხურვალედ მიესალმა მის დაარსებას და გამარჯვება უსურვა” (125. 403).


   კალისტრატე სალიას ეს ცნობა, რა თქმა უნდა, მცდარია, რადგანაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, 1924 წლის 24 ოქტომბერს ქაქუცა და შეფიცულები ჯერ თურქეთიდან გამოსულებიც კი არ იყვნენ და ისინი მარსელში მხოლოდ 1924 წლის 7 დეკემბერს ჩავიდნენ.


    რაც შეეხება მეორე, ჩვენი აზრით, სრული ისტორიული სიმართლის შემცველ, ცნობას, მისი ავტორიც “თეთრი გიორგის” აქტიური წევრი შალვა ბერიძეა. მან 1933 წელს გაზეთ “თეთრი გიორგიში” (# 69-71, გვ. 8) დაბეჭდა მოგონება ორგანიზაციის დაარსების შესახებ, რომელშიც წერდა: “1924 წლის ბოლოს პარიზში ჩამოდის ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის 40-მდე შეფიცულით. მას იწვევენ “მომავლის” ერთ-ერთ კრებაზე დასასწრებლად “Institut Catholique”-ში, მაგრამ უქეიფობის გამო, კრებას ვერ ესწრება და ანდობს ერთ თავის წარმომადგენელს, გადასცეს სრული თანაგრძნობა ქართველ არასოციალისტთა ახალ ორგანიზაციას, მაგრამ სახელად მას ეწოდოს “მომავალის” მაგიერ “თეთრი გიორგი”. კრება დასტურს სცემს მის ამ წინადადებას და უთვლის მადლობას. ამის შემდეგ “მომავალი” გადაიქცევა “თეთრ გიორგად” და ეს სახელი შერჩება მას სამუდამოდ” (131. 156).


   1924-1925 წლების მიჯნაზე პარიზში “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საზღვარგარეთის დელეგაციის” რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომლებზეც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაზე, მის მიმდინარეობასა და დამარცხების მიზეზებზე მსჯელობდნენ. მათში მონაწილეობდნენ: ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი, სპირიდონ კედია და სხვ. ამ შეკრებებს ესწრებოდნენ და დამსწრეთა დასმულ შეკითხვებს პასუხობდნენ საფრანგეთში ცოტა ხნის წინ ჩასული აჯანყების უშუალო ხელმძღვანელები: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შალვა ამირეჯიბი, სპირიდონ ჭავჭავაძე, სოლომონ ზალდასტანიშვილი, დავით მხეიძე, გიორგი და სვიმონ წერეთლები.


   1924 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით წარმოებულ პარტიზანულ ბრძოლებს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა: “ჩვენი მტერნი ხმებს ავრცელებდნენ, თითქოს ჩვენ ვგმობდეთ მათ საქციელს, რადგან იგი არ გათავდა გამარჯვებით. თუ იგი არ გათავდა გამარჯვებით, ეს მებრძოლთა ბრალი არ არის, ამის მიზეზი სხვაგან უნდა ვეძიოთ”.


   სპირიდონ კედიას მიერ დასმულ შეკითხვაზე, “როცა პირველი გეგმა (17 აგვისტოს გამოსვლისა) ჩაიშალა, ხელმეორედ რათ გადასწყვიტეთ გამოსვლა?”, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა უპასუხა: “მიტომ, რომ ხალხის გაჩერება არ შეიძლებოდა” (138. 71-72).


   1925 წლის 17 იანვარს კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე მოისმინეს ს. ზალდასტანიშვილის მოხსენება, რომელშიც იგი 1924 წლის აჯანყების მთავარ პერიპეტიებს იხსენებდა. მის ნათქვამს ქაქუცამ დაამატა: “ეს კოტემაც (ანდრონიკაშვილმა _ გ. ს.) სთქვა გამოსვლის წინ ტყეში _ ხალხის წინ. პარაკლისი გადავიხადეთ და კოტემ უთხრა: თქვენ კარგად იცით, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოთხი წელიწადი არ დამარცხებულა და ეხლა რა დაამარცხებს, როდესაც მთელი ხალხი მას მიჰყვებაო... წერილი მომაწერია ნოე ჟორდანიასთან. ვუთხარი, რომ ოთხ დღეს რა უნდა მოვახერხო, ხალხი ხომ კაზარმაში არ არის მეთქი... პირველად უნდა გამოვსულიყავი 9 მაისს, მერე უფრო გვიან. საქმე იყო ფულზე დამოკიდებული” (105. 217).


   1925 წლის 31 ივლისს თბილისში გაიმართა “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის” წევრების სასამართლო პროცესი, რომელზეც გაბედულებითა და გულწრფელობით გამსჭვალული ისტორიული სიტყვა წარმოთქვა “დამკომის” წევრმა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იასონ ჯავახიშვილმა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით წარმოებული პარტიზანული მოძრაობის შესახებ, მან აღნიშნა: “ხალხის გამოსვლებს პირველ ხანებში ჰქონდა სტიქიური ხასიათი: ხალხმა დაინახა მტრის შემოსევის საშინელება და მისი შედეგები და დაიწყო სხვადასხვა კუთხეებში თავისით აჯანყებანი... ბევრ ადგილას ტყეში პარტიზანული რაზმები გავიდნენ, სხვათა შორის, ქაქუცა ჩოლოყაშვილიც...


   ჩოლოყაშვილი ხელისუფლებამ აიძულა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა... სახელმწიფო ბრალმდებელი შეეცადა, წარმოედგინა ჩოლოყაშვილი, როგორც მძარცველი, კაცისმკვლელი; გაიხსენა მისი წარსული: წინად ადიუტანტი იყო, შემდეგ სასურსათო კომისარიატის რწმუნებულიო (განმარტებისათვის: ტერმინ “ადიუტანტში” იგულისხმება პერიოდი, როდესაც, ბენია ჩხიკვიშვილის ხელმძღვანელობით, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ბათუმში განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრის თანამდებობაზე მსახურობდა; ტერმინ “სასურსათო კომისარიატის რწმუნებულში”, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ პერიოდი 1921 წლის შემოდგომიდან 1922 წლის დამდეგამდე, როცა ტყეში გასვლის წინ, კომუნისტებისთვის თვალის ახვევის მიზნით, დავით ვაჩნაძის და ივანე ციციშვილის ინიციატივით, ქაქუცამ თელავის მაზრაში “წარმოკავშირის” განყოფილება გახსნა _ გ. ს.). ჩვენი ზნეობრივი მოვალეობაა განვაცხადოთ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ეროვნული მებრძოლი და საუკეთესო პარტიზანი იყო. შიშველ-ტიტველი, მშიერ-მწყურვალი ის სამი წლის განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და როცა დამარცხდა, გახსნილი ალმით დასტოვა ჩვენი მიწა-წყალი. მან პირნათლად შეასრულა მოვალეობა სამშობლოს წინაშე” (129. 136).


   დრო გადიოდა... ქაქუცა ჩოლოყაშვილი და “შეფიცულთა” რაზმის წევრები ცდილობდნენ, როგორმე შეგუებოდნენ მათთვის სრულიად უცხო გარემოს, ახალ ემიგრანტულ ყოფას. ამ პერიოდში მათ მთავარ საზრუნავს სამუშაოს მოძებნა წარმოადგენდა, რათა შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შეფიცულების აბსოლუტურმა უმეტესობამ, მათ შორის, ქაქუცამაც, ფრანგული ენა არ იცოდა.


   ალ. კარგარეთელი რაზმის წევრების საფრანგეთში ყოფნის პირველ ხანებს შემდგომში ასე იხსენებდა: “დაიწყო ჩვენი დუხჭირი ცხოვრება საფრანგეთში. გაჭირვებულებმა დავიწყეთ სამუშაოს ძებნა. ზოგი სხვადასხვა საფრანგეთის ქალაქებში გავიფანტენით; მაღაროებში თუ ქარხნებში დაიწყეს მუშაობა. ჩვენი ჯგუფის ერთი ნაწილი მოეწყო ქ. ოდენკურში, “პეჟოს” ავტომობილის ქარხანაში, სადაც უკვე ბევრი წინანდელი ჩამოსული ქართველები დაგვხვდა” (54. 26).


   რადგან ქაქუცას არ უნდოდა თავისი შეფიცულების დაფანტვა, მან პარიზის მახლობლად, ვიროფლეიში, იქირავა სახლი, ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა. ამ სახლში ცხოვრობდნენ ყველანი ერთად, ქაქუცა თავს ევლებოდა მათ, არიგებდა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, ყველანაირად ცდილობდა, გაეადვილებინა მათთვის მძიმე ემიგრანტული ცხოვრება.


   შეფიცულების ცხოვრება-მოღვაწეობის აღნიშნულ პერიოდზე ცნობები დაცულია ალექსანდრე სულხანიშვილის, ალექსანდრე კარგარეთელის და ელიზბარ მაყაშვილის მოგონებებში.


   “საფრანგეთში ჩასვლისას რაზმი ჯერ კიდევ ერთსულოვანი იყო. ამიტომ მოისურვა ქაქუცამ, რომ საერთო ბინა გვქონოდა. ამ თვალსაზრისით, ამოვარჩიეთ პარიზის ახლოს ვიროფლე და იქ, დიდი პარკის გვერდით, დავიქირავეთ მშვენიერი სახლი კარგა მოზრდილი ეზოთი... თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მოდიოდა ჩვენთან ახალგაზრდობა პარიზიდან. იყო სიმღერა, ცეკვა და ამბების თხრობა ჩვენი ცხოვრებიდან, რითაც ძალიან იყვნენ დაინტერესებული” (ალ. სულხანიშვილი) (106. 273-275).


   “ქაქუცა პარიზში დაბინავებულიყო. რადგანაც ქაქუცას არ უნდოდა თავის შეფიცულების დაქსაქსვა სხვადასხვა ქალაქებში, მან გადასწყვიტა მათი ერთად ყოფნა; პარიზის მახლობლად ვიროფლეიში იქირავა სახლი, სადაც ყველა შეფიცულები ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა... ამ სახლში ვცხოვრობდით ქაქუცასთან ერთად, რომელიც დიდ ყურადღებას გვაქცევდა, გვარიგებდა ყველას, როგორ მოვქცეულიყავით, გვიამბობდა ყველაფერს, რაც ქვეყანაზე ხდებოდა, ჩვენი ძმა და დამრიგებელი იყო. მასთან აუარებელი ხალხი მოდიოდა სანახავად საქმეებზე, თუ მოსაკითხად” (ალ. კარგარეთელი) (54. 26).


   “გადიოდა დღეები, გადიოდა თვეები. წლებმაც გაიარა. ნელ-ნელა ეჩვეოდა შეფიცულთა ჯგუფი საფრანგეთში ცხოვრებას. ყველა მუშაობდა. ბევრს უკვე შეესწავლა ავტომობილის ტარება. მუშაობდნენ ტაქსისტებად. იმედი საქართველოში დაბრუნებისა და მისთვის ხელახალი ბრძოლისათვის არ გამქრალიყო; ბელადი ბელადად დარჩენილიყო და თავისებურად ამხნევებდა მათ, ანუგეშებდა და იმედს უსახავდა... ხშირად მიპატიჟებული ბელადი, თავისი შეფიცულებით რომელიმე ქართულ ოჯახში, ივიწყებდნენ უცხოელობას; შუბლ-გახსნილნი და მხიარულნი, ბაასობდნენ თავიანთ წარსულზე, საქართველოს მომავალზე. ხშირად გაისმოდა მათი სიმღერა, დაწყებული ბელადის მიერ” (ე. მაყაშვილი) (75. 33).


   თუ რაოდენ კეთილი გულის ადამიანი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი, როგორ ზრუნავდა თავის შეფიცულებზე, კარგად ჩანს ალ. სულხანიშვილის შემდეგი სიტყვებიდან: “ქაქუცას ფული არა ჰქონდა, ანდა საიდან უნდა ჰქონოდა! ხანგამოშვებით მეგობრები უგზავნიდნენ მას სახარჯოს ინგლისიდან, გერმანიიდან და შიგ საფრანგეთიდანვე. ათასი ფრანკი რომ მიეღო, შეიძლება ორმოცდაათი აეღო თავისთვის, დანარჩენს ავადმყოფ და უმუშევარ რაზმელებს ურიგებდა. ჩვენს მთავრობას, კაპიკი რა არის, კაპიკიც არ მიუცია მისთვის!” (106. 274).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილს განსაკუთრებით ახლო მეგობრობა აკავშირებდა გამოჩენილ ქართველ სამხედრო მოღვაწესთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ გიორგი კვინიტაძესთან. ქაქუცა ხშირად სტუმრობდა გენერლის ოჯახს პარიზის მახლობლად _ შატუში. საყოველთაოდაა ცნობილი შატუში გადაღებული მათი ერთობლივი ფოტოსურათი.
1998 წელს ტელეკომპანია "იბერიაში", ჩვენს საავტორო გადაცემათა ციკლში _ "სახეები" მოვამზადეთ დოკუმენტური ფილმი გიორგი კვინიტაძის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ და გამოვაქვეყნეთ ბროშურაც სახელწოდებით "გენერალი გიორგი კვინიტაძე", რის შემდეგაც საფრანგეთში ქალბატონ ნანო კვინიტაძეს დავუკავშირდით და მამის შესახებ დამატებითი ცნობების და საარქივო მასალების მოწოდება ვთხოვეთ.
ქალბატონმა ნანომ იმავე წელს გამოგვიგზავნა მათ საოჯახო არქივში დაცული რამდენიმე უნიკალური ფოტოსურათის ასლი (ფოტოების დედნები ამჟამადაც ნანო კვინიტაძის ოჯახში ინახება). მათ შორის, ერთ-ერთია გიორგი კვინიტაძის ოჯახში 1925 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც, გენერლის ოჯახის წევრებთან ერთად, გამოსახულნი არიან: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შალვა ამირეჯიბი, სპირიდონ ჭავჭავაძე, მერაბ ჯორჯაძე და გიორგი ოდიშელიძე.


   2007 წლის 12 ოქტომბერს საფრანგეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ, ბატონმა ოთარ პატარიძემ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უსახსოვრა მამის, ემიგრაციაში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის (1953 წლიდან), ჟურნალ “ივერიას” რედაქტორის (1949 წლიდან), უცხოეთში მოღვაწე ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის _ ელისე პატარიძის პირადი არქივი.


 ელისე პატარიძის პირად არქივში, სხვა საინტერესო მასალებთან ერთად, აღმოჩნდა XX საუკუნის 20-იან წლებში გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია ქაქუცა ჩოლოყაშვილი პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ ოფიცრებთან (მათ შორისაა გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე, გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე) და ემიგრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. აღნიშნული ფოტოსურათები პირველად 2009 წელს გაზეთ “კვირის პალიტრაში” დაიბეჭდა (94. 63-65; 96. 17; 97. 519-521; 99. 33-34; 143. 20).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წევრებს, კერძოდ, ნოე რამიშვილს, შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებ საინტერესო ცნობა მოეპოვებათ მკვლევრებს ალ. დაუშვილსა და კ. წენგუაშვილს. მათი თქმით, “ეს დაძაბული ურთიერთობა შეუმჩნეველი არ დარჩენია საბჭოთა კავშირის აგენტურას პარიზში და ერთ-ერთ თავის ცნობაში საბჭოთა მთავრობას ატყობინებდნენ, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები ცდილობდნენ ქაქუცას დაყოლიებას ერთობლივი თანამშრომლობისათვის და ამ მიზნით არაერთი შეხვედრაც კი შემდგარა. აგენტურული ცნობით: “ნოე რამიშვილთან ჩოლოკაევის შეხვედრა, როგორც ჩანს, უშედეგოდ დამთავრდა. განრისხებულ ჩოლოკაევს უთქვამს, რომ მასსა და ყოფილ მთავრობას შორის შეიძლება სისხლიც კი დაიღვაროსო” (30. 37).


   1927 წლის 8 აგვისტოს 39 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელზე პარიზში სამი წლის ვადით 32-გვერდიანი საგარეო პასპორტი (# 3898) გაიცა. მას ხელს საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი სოსიპატრე ასათიანი აწერდა. პასპორტში ქართულ და ფრანგულ ენებზე ეწერა: “ვსთხოვთ, ყველა მთავრობის პირთ, ვისაც მინდობილი აქვს საზოგადო მშვიდობიანობისა და წესიერების დაცვა, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ გაატარონ და დახმარება და მფარველობა აღმოუჩინონ ბ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს, მოქალაქეს საქართველოსას”. აქვე იყო ქაქუცას საპასპორტე ფოტოსურათი და მისი ხელმოწერა (96. 16).


   როგორც აღვნიშნეთ, ქაქუცა თავს ევლებოდა თავის შეფიცულებს, ყველანაირად ცდილობდა, გაეადვილებინა მათთვის მძიმე ემიგრანტული ყოფა... და ამ დროს თვითონ, სამშობლოს ხილვას დანატრებული, სანთელივით ილეოდა. "გახსოვს, თამარ, ალავერდობა? 26 მაისი, ის პირველი 26 მაისი? შუამთის დღესასწაული გახსოვს, ჩვენი საქართველო? კარგად გახსოვს? კრულიც იყოს აქ სიცოცხლე! იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის?" _ ეუბნებოდა ქაქუცა თამარ პაპავას. ტკბილად აგონდებოდათ მეგობრებს ის ალავერდობა, როცა საღამო ხანს ქაქუცა თავისი რაზმით ეკლესიის გალავანში შემოვიდა, იქ მყოფი უამრავი ხალხი ერთბაშად მუხლზე დაეცა და ერთხმად _ "საქართველოს გაუმარჯოსო" _ შესძახა (85. 64; 86. 13).


   საბოლოოდ, სამშობლოზე ფიქრმა, დედის, მეუღლის, შვილების ნახვის სურვილმა და მათზე დარდმა გატეხა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ამას ისიც დაერთო, რომ ძველი, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს მიღებული, ჭრილობა გაეხსნა, რაც მალე ტუბერკულიოზში გადაიზარდა. დაახლოებით 1929 წლის დასაწყისში შეფიცულებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დააფიქსირეს.


   ამის შესახებ ცნობებს ვხვდებით ელიზბარ მაყაშვილის ნარკვევში “შეფიცული”: “ბელადი უკვე რამოდენიმე ხანი იყო, ვერ გრძნობდა თავს კარგად. ხშირად ახველებდა, ძველებური სიმხიარულე აღარ ჰქონდა. აღარც ისე ხშირად ბაასობდა თავის შეფიცულებთან; ხანგამოშვებით სიცხეც ჰქონდა. ხველების დროს ხშირად იდებდა გულთან ხელს. ძველად დაკოდილი, ფილტვებში ჭრილობაც აწუხებდა, თუმცა კი მხნეობა ავადმყოფობის მიმართ არ აკლდა. ამას ხედავდნენ შეფიცულნი, სწუხდნენ, თავზე ევლებოდნენ, აძალებდნენ საჭმელს.

    _ მიირთვი, ბელადო! ჭამა-სმა ჯანზე მოგიყვანს _ ეხვეწებოდა მას შამილი.
   _ არა, არა მშია, ჩემო შამილო! ცოტა მაცალე და გამოვკეთდები. ნუ გეშინია. მრავალი ამიტანია. კიდევ მრავალს ავიტან. არ დაღონდე, თუშო, კიდევ დაგატარებ პანკისის ხეობას _ აძლევდა პასუხად, ნაღვლიანი ღიმილით ბელადი.
   _ ღმერთმა გისმინოს, ღმერთმა.
   _ ნახავ კიდევ შენს ლამაზ ხეობას; შესაძლებელია, უჩემოდ, მაგრამ ნახავ!
   _ უშენოდ ღმერთმა არ მაცოცხლოს, ბელადო! _ შესძახებდა შამილი. ბელადს ყოველ დღეს სისუსტე ემატებოდა. ნახველს ხშირად სისხლი ამოსდევდა. ერთ დღეს დაარღვიეს შეფიცულებმა ბელადის ნაბრძანები სიტყვა და მის დაუკითხავად მიჰგვარეს ექიმი, რაზედაც ის მუდამ უარს ამბობდა. არ ესიამოვნა ბელადს ექიმის ნახვა:
  _ ჰაა! ექიმი მომგვარეთ? გგონიათ, რომ მოახლოვდა ჩემი სიკვდილი? სცდებით. მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და არც ვაპირებ საიქიოსკენ გამგზავრებას. ჯერ არ გადამიხდია ჩემი ვალი სამშობლოს წინაშე!..


   დიდხანს სინჯა ფრანგის გამოცდილმა ექიმმა ბელადი; წამლებიც გამოუწერა, გაამხნევა და ოთახიდან გავიდა. შეწუხებულნი შეფიცულნი ელოდნენ ექიმის აზრს.
   _ არ დაგიმალავთ, სიმართლეს გეტყვით, _ დაიწყო დაბალი ხმით ექიმმა, _ მეტად მძიმე მდგომარეობაშია ავადმყოფი. ძველი ჭრილობა ფილტვებში გახსნილი უნდა იყოს; მისი შეხორცება შეუძლებელია; სისხლის ნთხევაც მისი შედეგია. არაჩვეულებრივი მაგარი ორგანიზმის პატრონია; ამიტომაც გაუძლო ამდენ ხანს ტუბერკულოზს და საჭიროა მისთვის სპეციალური სანატორიუმი” (75. 34).


   ალ. სულხანიშვილის თქმით, “ქაქუცა თავს ჩინებულად გრძნობდა ჩვენს ბრძოლებში. ვერავინ ვჯობდით მას სიარულში, მაგრამ ევროპაში შემოსვლა გადაექცა მას საბედისწეროდ. საშინლად ცუდად იმოქმედა მასზე პარიზის ჰავამ... ჭრილობისგან მარჯვენა ფილტვის თავი ჰქონდა დაზიანებული. აი, ის გადაექცა კაჟივით მაგარ ვაჟკაცს მომაკვდინებელ ჭლექად” (106. 273).


   ემიგრანტულ მთავრობას ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამკურნალოდ არაფერი გაუკეთებია, ერთი ფრანკითაც არ დახმარებია. მისმა მეგობრებმა შეაგროვეს ფული და მთებში, სანატორიუმში, გაგზავნეს. რამდენიმე თვის მკურნალობა ქაქუცას ძალიან მოუხდა და იგი პარიზში დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, ეროვნული გმირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა.


   1929 წლის 28 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილს ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სამკურნალოდ ოტსავუას რეგიონში მდებარე პრასკუდანის სანატორიუმში გაგზავნეს. სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მან სწორედ აღნიშნულ სანატორიუმში გაატარა. 1930 წლის 12 აპრილს ქაქუცა ერთ-ერთ შეფიცულს _ ალექსანდრე კარგარეთელს სწერდა: “მე ხან კარგა ვარ, ხან ცოტა შეუძლოდ. ასეთი ყოფილა ეს მუდრეგი ავადმყოფობა. თუ ცუდი ამინდია, მაქცევს, თუ კარგი _ მე ვერევი. ვართ ჭიდილში, ბოლოს რომელი წავაქცევთ, ვნახოთ”.


   სამწუხაროდ, ქაქუცას მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა... ქართული ემიგრაციის ღირსეული წარმომადგენლები გრძნობდნენ, რომ გარდაუვალი უბედურება სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა... ზემოთქმულს ნათლად მოწმობს 1930 წლის 25 მაისს მიხაკო წერეთლის მიერ სპირიდონ კედიასადმი გაგზავნილ წერილში დაცული შემდეგი სიტყვები: “ქაქუცას წერილი მეც მივიღე ამ რამოდენიმე კვირის წინად. ძალიან პესიმისტური ტონით იყო აღსავსე. ცრემლები მომადგა თვალზედ. გვეღუპება ეს საწყალი ბიჭიც _ დიდი კაცი! ეჰ, სპირიდონ, ვიღუპებით, მერწმუნე, რაღაც ულმობელი ბედი მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ, ბრმა და დაუნდობელი! სად არის ხსნა? მიწერე ჩემ მაგივრადაც მოკითხვა ქაქუცას, როდესაც მისწერო წერილი. მეც პასუხი კაი ხანია გავუგზავნე სავოიეში” (105. 75).


   საბედნიეროდ, ჩვენამდე მოაღწია ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ ავადმყოფობის დროს, 1929-1930 წლებში, სპირიდონ კედიას, ალექსანდრე (საშიკო) კარგარეთელის, ალექსანდრე ბადურაშვილის, ალექსი ფეიქრიშვილისა და ვალიკო ჩუბინიძისადმი გაგზავნილმა 17 წერილმა, სადაც დაცულია უძვირფასესი ცნობები საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრება-მოღვაწეობის უკანასკნელი პერიოდის შესახებ, რომელიც უმძიმესი ავადმყოფობის მიუხედავად, ისევ სხვების ბედზე წუხდა, ფიქრობდა და ზრუნავდა. მართლაც, ძნელია ეს წერილები აღელვების გარეშე წაიკითხო. ჩვენ ისინი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დავალაგეთ და ასე შემოგთავაზებთ.


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ვალიკო ჩუბინიძისადმი (1929 წლის 3 მარტი): “ძვირფასო ძმაო ვალიკო! ვიზიარებ შენს უბედურებას, ჩემო ძმაო. მარტო მამას შეუძლიან შენი ღრმა მწუხარების გაზიარება. მე ღმერთსა ვთხოვ, შენი შვილის დაკარგვა, რომელიც შენი იქ არ ყოფნის დროს მოხდა, შეგვეცვალოს ჩვენი სამშობლოს ბედნიერებით, როგორც შენი გული მოითხოვდა ბედნიერებას ძისთვის. იყავი მაგრად და გულგაუტეხელად მტრის გულის მოსაკლავად. შენი კეთილის მოსურნე სულმუდამ, ძმა და მეგობარი ქ. ჩოლოყაშვილი” (133. 406).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ალექსანდრე კარგარეთელის, ალექსანდრე ბადურაშვილისა და ალექსი ფეიქრიშვილისადმი (1929 წლის 24 ივლისი): “ჩემო მეგობრებო და გულიდან განუყრელო ალექსი, საშიკო და საშიკო! მივიღე თქვენი წერილი, საცა მწერთ ბიჭების თაობაზე, თუ უსაქმოდ არიან, ალაგი არისო. ჯერჯერობით უადგილო არავინ არის. ამათი წამოსვლა კი არა, ძალიანა ვცდილოფ, რომ სამთავენი ჩამოხვიდეთ, რომ ცოტა შეგისუფუქდეთ მუშაობა. ალეკი (ალექსი//ალეკ ამილახვარი, ოფიცერი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ახლო მეგობარი _ გ. ს.) ძალიან ცდილობს.


   ახლა ისეთი გარემოებაა, სუყველა ზაოდებში ითხოვენ ყველა მუშებს. ხუთმეტი დღით, ენკენისათვის დაპირდნენ. აი, ასეთი გარემოებაა ჯერჯერობით. დარწმუნებული ვარ, იმ დროისათვის მოწყობილები იქნებით, ხოლო ყველას კარტიდანტიტები უნდა ქონდეთ უეჭველად. მოიწერეთ ხოლმე ხშირადა _ ან სახლიდგან, ან ისე რა ამბავს მიიღებთ.


   ეხლა მეორე: ჩვენებმა დაიჭირეს გამოცდები, უკვე დაიწყეს ტაქსიზე მუშაობა. თქვენ, ორთავე საშიკოებს, გინდათ მოემზადოთ, თუ არა, მოიწერეთ. გარემოება ასეა: ერთ-ერთი ჩამოხვალთ, რომელიც უფრო მოწადინებული ხართ ან კენჭი ყარეთ ორში. იცხოვრებთ კვინიტაძესთან, დაეხმარებით მაწვნის საქმეში, ჩვენ დაგეხმარებით ფულით და ნელა შეისწავლით რუქას. შემატყობინეთ წერილით, თუ აზრი მოგეწონათ, რომელი ჩამოხვალთ. შეფიცულებმა სალამი და კოცნა. დაგკოცნით სამთავეს. თქვენი უფროსი მეგობარი ქ. ჩოლოყაშვილი” (54. 58).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ვალიკო ჩუბინიძისადმი (1929 წლის 4 ოქტომბერი): “ძვირფასო ძმაო ვალიკო! ბოდიშს ვიხდი, რომ გაწუხებ, მაგრამ ხომ იცი, ისევ შინაური, თორე გარეული რას გააკეთებს. ვალიკო, ლეგაციაში ინახავთ ყველა ნომრებს “დამოუკ. საქართვ.”. თუ ძმა ხარ, არ დაიზარებ, მომიძებნე 17 და 18 ნომრები, გაზეთად რომ გამოდიოდა “დამოუკიდებელი საქართველო” და გადმომიგზავნე, რაზედაც წინასწარ დიდ მადლობას გიძღვნი. მომიკითხე თქვენი ლეგაციის შემადგენლობა. იყავი კარგა. მარად შენი პატივისმცემელი ქ. ჩოლოყაშვილი” (133. 406).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი სპირიდონ კედიასადმი (1930 წლის 21 იანვარი): “ძვირფასო ძმაო სფრიდონ, ვისურვებ შენს კარგა ყოფნას და დიდხან სიცოცხლეს შენი პატარა კარგი ცოლ-შვილით, გამარჯვება და სიცოცხლე ნუ მოგიშალოთ ღმერთმა. იყავით ბედნიერ, როგორც თქვენი გული ისურვებს მრავალჟამიერ.


   ჩემს ამბავს მოკლედ მოგწერ. ვიმყოფები მთებში, რომელ მთებსაც თეთრი ჯუბა აქვთ ჩაცმული უკვე და ძალიან მომაგონებენ ჩვენ ტურფა სამშობლოს. მაგრამ იცოდე, ჩემო სფრიდონ, ყველა ბუზი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ასეა შედარებით, ლამაზი მხარეა, საცა მე ვარ, მაგრამ ჩვენ მთებთან სილამაზით არაფერი შედარება არ არის. ეჰ, ჩემო ძმაო, ღმერთმა კარგა მოახმაროს თავის პატრონს, ოღონდ ჩვენი დაგვიბრუნონ. ის მთები უფრო კარგა გაკურნავენ ყველა ქართველის ავანტყოფობას, სანამ აქაური მთები.


   დღევანდელი ცხოვრება მიდის ასე, ჩემი ტყვეობისა: დღეში ოთხჯერ უნდა გავიშინჯო სიცხე, ოთხჯერ უნდა ვჭამო, სულ ხდება ზარის დარეკვაზე. მომაგონეს ჩვენი ქართული გიმნაზია. ვიძინებთ 9 1/2 საათზე საღამოთი. არაფრისთანა არაფერ წამალს არ იძლევიან, მკურნავენ მარტო ჰაერით. დღე და ღამე ოთახის კარები სულ ღიაა, მარტო იკეტება ჭამის დროს. აი, ჩემო სფრიდონ, ასე მიდის ყველა დღეები ჩემი და ჰქრებიან, ვითარცა რთვილი. ისე, თავს უკეთა ვგრძნობ ცოტათ თუ ბევრად, სუნთქვა ნელ-ნელა თავისუფალი მიხდება, ამას ვატყობ. მეტი წილი სულ ჩუმადა ვარ და ვწევარ, არაფრის ნებას არ მაძლევენ, რომ გავაკეთო. წერასაც მიშლიან ჯერჯერობით.


   რას შვრება ჩვენი თეო, ჩიტმა ამბავი მომიტანა, დედა გააჯავრაო. აბა, ეგ როგორ შეიძლება, ბელადმა ქალმა დედა გააჯავროს. მომიკითხე ქ-ნი სონა, დაუკოცნი ხელებს. ისე, ჩემო სფრიდონ, ახალი არა მაქვს-რა, რომ მოგწერო. გაზეთიც ვერ გადმომიგზავნეს, რომ ჩვენ ვეფხვიასთვის (სავარაუდოდ, აქ ქაქუცა ჩოლოყაშვილი შალვა ქარუმიძეს და მის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესს გულისხმობს _ გ. ს.) თვალი მედევნა, თოთხმეტს აქეთ არაფერი ვიცი. მომიკითხე ყველა ჩვენი მეგობრები, იყავი კარგა. მარად შენი პატივისმცემელი სულ მუდამ ქ. ჩოლოყაშვილი. Village Sanatorium  de Passy-Praz-Coutant (Haute Savoie)” (105. 62).


 ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი სპირიდონ კედიასადმი (1930 წლის 21 თებერვალი): “გამარჯვება ძვირფასო სფრიდონ, როგორღაც მიჰყუჩდი ცოლ-შვილში, მერე ხაზეინი (გიორგი მაჩაბელი, რომლის ფირმაშიც მუშაობდა ს. კედია _ გ. ს.) ჩამოგივიდა და, ალბათ, ბევრი საქმეები გაქვს, რომ შენი ხმა აღარ ისმის მოძახილისა. რა არის კაცო, როგორ გასჩუმდი ასე, რომ წერილი არც კი მომწერე და არ გამაგებინე შენი და შენი ცოლ-შვილის ამბავი. ქ-ნი სონა როგორა გრძნობს ბოლო ხანებში, ან ბელადის ბელადი ხომ აღარა ავანტყოფობს.


 ჩემ ამბავს თუ იკითხავ, მე მგონი, ნელ-ნელა გაჯანსაღების გზაზე დავდექი, უკეთესობას ვგრძნობ უფრო და უფრო. ჯერჯერობით ნება მომცეს კარიდორში სიარულისა შუადღისას და საღამოთი, ისე სულ ვწევარ და ვიზომავ სიცხეს დღეში ოთხჯერ. ჩემი დროს გატარება სულ ეგ არის, რას იტყვი, ზედ სწორეთ ჩემზეა მოგონილი ამისთანა რეჟიმი. ჩემი სიცოცხლე წოლა მეზარებოდა და ახლა, მგონი, შემაჩვიეს.


   მერე ძალიანა ცივა, ნამეტნავათ, როცა ფეხზე ვარ, და ისევ ვირჩევ ხოლმე, მალე ჩავწვე ლოგინში და ჩავითბუნო, სანამ ფეხზე ვიარო და ვიკანკალო. წერილების წერა ჩემთვის ძნელია, ხელი ვერ უძლებს კალმისტარის დიდხან ჭერას, პატარა წერილის დაწერას კარგი შრომა უნდა, რამდენჯერმე ხელები უნდა გაითბო და ისე შეუდგე ახალის ძალით აზრების წერას. ამ წერილს გწერ დილის 6 საათზე, რადგანაც გარიჟრაჟისას ჰკეტენ კარებს რვა საათამდე, მაშინ ოთახში თბილა და შეიძლება რისიმე გაკეთება.


   სფრიდონ, მომივიდა თელავის მაზრიდგან წერილი, ხელს არ აწერს, მაგრამ ხელზე და ნიშნებით მივხვდი, ვინც არის. კარგა გრძელი წერილია, დაწვრილებითა მწერს ყველასფერს; იწერება, რომ ამისთანა მომენტი არა დროს არა ყოფილაო. დიდძალი ხალხი გავიდა ტყეში. მატყობინებს კიდე რამდენი მეთაური კომუნისტები დაუხოცნიათ კახეთში, კოლხოზების სულის ჩამდგმელები. მეხვეწება, რომ დავბრუნდე, მთელი ჩვენი მხარე შენ გელისო, და იძახიან, ყველა დანაშაულს გავასწორებთ, ოღონდ ის ჩამოვიდესო.


   მივწერე ჩემ ცოლს, რომ დაიბაროს და მოელაპარაკოს ჩემ გარემოებაზე; უთვლი, რომ რაწამს გამოვკეთდები და დრო დადგება, თქვენთან ვიქნები-მეთქი. აი, ასეთი გარემოებაა, ჩემო სფრიდონ, ახალი ეს არის ჩემ მიდამოებში. შენ რაღა იცი, მომწერე. მომიკითხე ქ-ნი სონა თავისი მოუსვენარი თეოთი, გიორგის სალამი და კარგა ყოფნა. იყავით გამარჯვებულნი. მარად შენი მეგობარი ქ. ჩოლოყაშვილი” (105. 63).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ვალიკო ჩუბინიძისადმი (1930 წლის 23 თებერვალი): “ძვირფასო ძმაო ვალიკო! მივიღე შენი წერილი და გაზეთი, რაზედაც დიდ მადლობას გიძღვნი, ჩემო ვალერიან-ბეი. ჩემო ძმაო ვალიკო, ისეთ ძნელ შეკითხვას მაძლევ, რომ მაგაზე ყველას გაუძნელდება გადაჭრილი პასუხი მოგცეს. მე შემიძლიან მარტო ჩემი აზრი გაგიზიარო.


   რასაკვირველია, შენ მართალი ხარ იმაში, რომ შერჩეთ ეგ ოინი, თარეშობას უფრო დაიწყებენ. მე მგონი, მარტო რუსებზე, ჩვენზე ესე ადვილად ვერ გაჰბედენ, რადგანაც იციან, არ შერჩებათ, როგორც რუსები შეარჩენენ ყველასფერს ადვილად. ჩვენ მაინც გვმართებს მაგის იმედზე დავდგეთ, რომ არაფერს გვიზამენო.
კუტეპოვისთვის რომ გეკითხნა, ბოლშევიკებს მარტო მე დავანგ

   რევო, და აკი დაანგრია კიდეც. სულ მუდამ ანგარიშგასაწევია და საფრთხილობელია მტერი, რაც გინდა სუსტი იყოს ის, ეგენი კიდე ძველისძველი გამოცდილი ორგანიზაცია არის, და დაამტკიცეს კიდეც კუტეპოვის გატაცებით. მე მგონი, არ შერჩეთ ეგ სიმამაძაღლე, დიდი სირცხვილია საფრანგეთისათვის, თუ შეარჩინეს.


   მაგას თავი დავანებოთ, ჩვენ ჩვენს თავს უნდა მოვუაროთ. ჩვენ დიდი სიფრთხილე და ფხიზლობა გვინდა, რომ მარცხი არა მოგვივიდეს რა და სირცხვილი არა ვჭამოთ კიდე. ყველა ქართველმა ემიგრანტმა კარგათ იცის, ბოლშევიკებს რა უნდათ უპირველეს ყოვლისა. ბოლშევიკები ყველა ზომებს ხმარობენ, არაფრის წინ არა დგებიან, რომ როგორმე მოგვისპონ ლეგაცია პარიზში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დამოუკიდებლობის საკითხში.


   დღეს ერთადერთი მედროშე გვყავს ბ-ნი აკაკი ჩხენკელი, რომელსაც ამაყად უჭირავს ჩვენი დამოუკიდებელი დროშა. ყველა ნამდვილი ქართველი მოვალეა, განურჩევლად პარტიისა, დაიცოს აკაკი ყველა უბედურებისგან, როგორც თავისი პირადი არსებობა. აი, ჩემო მეგობარო, ჩემი აზრი. დღეს ერთადერთი კაცი გვყავს, რომელსაც სიფრთხილე და გუშაგობა უნდა ჩვენის მხრიდგან, სხვას მე ვერავისა ვხედავ.


   იყავი კარგა. მე უფრო და უფრო უკეთობასა ვგრძნობ და ბრძოლისთვის კიდე მგონი ვივარგო. მომიკითხე და გადაეცი სალამი: ქ-ნ მაკრინეს (აკაკი ჩხენკელის მეუღლე _ გ. ს.), ბ-ნ აკაკის, ბ-ნ ჭიჭიკოს და დანარჩენებს, ვისაც შენ გინდა. მარად შენი კეთილის მდომი ქ. ჩოლოყაშვილი” (133. 406-407).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი სპირიდონ კედიასადმი (1930 წლის 28 თებერვალი): “ძვირფასო ძმაო სფრიდონ, ეს არის ვაპირებდი წერილის მოწერას და შენი წერილიც მივიღე, რომელიც დიდი სიამოვნებით გადავიკითხე, თავიდან ბოლომდის და მერე გარდიგარდმოთ, რადგანაც იცი ხოლმე მიწერა გვერდებზე.
ჩემო სფრიდონ, საქმე შემდეგშია: ეს მესამე წერილი მომივიდა ნესტორ ფილიასი, საცა მეხვეწება და მემუდარება, რომ გიორგის მივწერო და ვთხოვო მისთვის ალაგი. სწორე გითხრა, ერთხელ მივწერე ფილიას და ვწერდი, თითონ ენახნა გიორგი და პირადათ ეთხოვნა, უფრო ესიამოვნება, სანამ მე მივწერო-მეთქი. მინდოდა თავიდან ემეცდინა ყველაფერი თხოვნა გიორგისთან, მაგრამ ისეთ გარემოებაში ჩამაგდო წერილების წერით, რომ გადავწყვიტე მოგწერო და გთხოვოთ შენ და გიორგის, იქნებ რაშიმე გამოგადგეთ, ფეხზე მოვაჭრეთ მაინც, მაგრამ უბედურება ეგ არის, ძაან რომ გთხოვო, შენ ჩემზე კარგა იცნობ და იცი რაშიაც გამოდგება, ყველაფერი მაგისი ბედი შენთვის მომინდვია. მართლა თუ რამეს გამოდგება, მოუხერხეთ მეწვრიმალეობა მაინც, ფეხზე ივაჭროს ჩამადნით, ბერიკაცია, იქნებ მუშტარზე იმოქმედოს და გაყიდოს რამე საწვრიმალო. გწერ მის მისამართს. შედეგი შეატყობინე, ერთი ოთხი დღის შემდეგ მივწერ, რომ მოგწერეთ წერილი. რა პასუხს მიიღებს, მერე გვეცოდინება...


   ახლა გადავიდეთ ბელადზე. რას იზამ, მოუცდით მაგის უსტარსაც. ადვილი ხომ არ არის ბელადის გადაწყვეტილება, მაგას კარგი გადაწყვეტილება უნდა. დედაც უნდა დეეხმაროს თათბირში, მამას ხმა არა აქვს გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღოს.


   ჩემს ამბავს თუ იკითხავ, მგონი, ნელ-ნელა წინ იწევს ჯანი. ძალიან კარგი ამინდები დაიჭირა. მეექვსე დღეა ისეთი მზე დგას, იტყვის მაისიაო, კარგა აცხუნებს ბალკონზე ჩდილში. მთელი დღე სულ ბალკონზე ვწევარ, ღამე ოთახში და მაგარი მშრალი ცივი ღამეებია. ამისთანა ამინდმა ძალიან კარგა იმოქმედა ჩემზე. ექიმი დიდი კმაყოფილია ოპერაციის შედეგით.


   დღეს შესრულდა სწორეთ სამი თვე, რაც ოპერაცია გამიკეთეს. ექიმმა გულდადებით გამშინჯა სწორეთ დღეს და შემდეგი სიტყვები მითხრა: ახლა ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სულ გამორჩებით ორ-სამ თვეშიო, სიცხემ დაგიკლოთ, წონაში იმატებთ, ანალიზი კარგ შედეგებს მაძლევსო და დღევანდელმა ჩემმა გაშინჯვამ კიდე სულ დამარწმუნაო.


ა   სეთია, ჩემო სფრიდონ, ექიმის დასკვნა. მეც ვატყობ უკეთობას, მუხლი მიმაგრდება, რომელიც აქამდის სუსტობდა. გედეეცი ჩემი გულწრფელი სალამი ქ-ნ სონას და გიორგის. ბელადის-ბელადს და შენ დაგკოცნით. იყავით დღეგრძელნი. შენი მეგობარი მარად ქ. ჩოლოყაშვილი.
P.შ. სფრიდონ, მიხაკოს მისამართი მომწერე; როცა დრო მექნება, მინდა წერილი მივწერო” (105. 64-65).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი სპირიდონ კედიასადმი (1930 წლის 19 მარტი): “ძვირფასო ძმაო სფრიდონ, მივიღე შენი წერილი, მაგრამ უმთავრესი დაგვიწყებია, მიხაკოს მისამართსა გთხოვდი, სწორედ ის გამოგრჩენია. დანარჩენი წერილი ჩაკროჭინებულია. რასაცა მწერდი, ყველას გიპასუხებ: პირველი, შენ რა გგონია, უნივერსიტეტში გამომისტუმრე თუ რა არის, რომ მწერ, დარწმუნებული ვარ, ახლა გაფრანგებული იქნებიო და, ალბათ, ფრანგულ გაზეთებსაც ჰკითხულობო.


   ასე არ არის, ჩემო სფრიდონ, ისე მჩატეთ არა ვყოფილვარ ავათ, როგორც მე უყურებდი ავანტყოფობას. თურმე, ძალიან ვყოფილვარ დაბარგული და გაკვირვებას არის ექიმი. დასუსტებულს გამიკეთეს ოპერაცია და შევძელი უშედეგოთ გადატანა.


   ჩემო სფრიდონ, ორი დღეა, რაც ნება მომცა გავლისა დღეში საათნახევარი, ოღონდ შიგ შენობაში. ეს გეგმაც შემუშავებულია. დილით უნდა ჩავიცო, ყავა დავლიო, მერე ერთი გავლა შენობაში ნელა და დავწვე ჩაცმული კრავატზე საბან ზემოდან. უნდა ვიწვე საუზმის შემდეგ ისევ. ერთი ჩარექი ვიარო, მერე აივანზე შაზლონში ჩავწვე და დავიცვა სრული სიჩუმე: არც კითხვა, არც ლაპარაკი და არც ფიქრი რაზედმე.


   ძალიან ძნელია, რომ ყველაფერი შეასრულოს კაცმა. ცოცხალი კაცი იწვეს, ძილის ნება არა, კითხვისა არა და არ იფიქროს შეუძლებელია! მაგაში ვერა ვრიგდებით სანატორიუმი და მე. ყავის შემდეგ 4 1/2 საათიდგან კიდე უნდა დავწვე აივანზე 6 1/2 ნახევრამდის, მერე გავისეირნო ჩარექი და შვიდზე ვისადილო. სადილის შემდეგ გავიხადო ტანისამოსი და ჩავწვე ლოგინში დილამდის.


   აი, ჩემო სფრიდონ, როგორ უნივერსიტეტში ვარ. მერე ექიმი სულ იმის თხოვნაშია, რომ არ ვილაპარაკო და მეტი წილი გაჩუმებული ვიყო, კითხვით არ დავიღალო. დღეში დრო გამოშვებით შემიძლიან ვიკითხო ან ვწერო ორი საათი. რამდენიმე დღეა ნება მომცა საერთო სასადილოში ვისადილო, ეგ უკვე პროგრესია დიდი, ავანტყოფებს რომ ჰკითხო, თორე აქამდის სულ ვიწექი, მარტო საჭიროებისთვის შემეძლო გასვლა, დანარჩენ დროს გაჭიმული წელზე წოლა.


   მთაზე მწერ, მთამ გშობა, გაგკურნავს ისევ მთავო. სფრიდონ, მაგაში შენ მართალი ხარ, მაგრამ მაგარი ის არის, რომ მთამ წელიწადში ერთხელ იცის ხოლმე გაჯავრება და, აი, სწორედ ეხლა ის დროა. დაიწყო თოვლი. ხან დღეში შვიდჯერ იცვლება ჰაერი: ხან მზეა, ხან წვიმა და ხან თოვლი. ნახევარზე მეტი ავანმტყოფები სულ დააწვინა, ვინც ფეხზე დადიოდა. რამდენიმე გემეემშვიდობა სააქავოს ამ რამდენიმე დღეში. ჩემზე ყოფილიყო ექიმი ცოტა შეფთხალი, რომ ამისთანა ამინდი დაასუსტებსო. ძალიან ვერ იმოქმედა, მარტო ძველი და ახალი ჭრილობა რომ ერთმანეთშია არეული, ის მჩხვლეტს და მტკივა, სხვა, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არა უშავს რა, ვნახოთ რა იქნება.


   ოთხი წელიწადია, თურმე, ეს სანატორიუმი და ამისთანა ამინდი არ გვახსოვსო; მოთოვა, მაგრამ ასე ძლავრი არ ყოფილაო. აი, ჩემო სფრიდონ, ზოგჯერ მთამაც იცის არევა ან კიდევ, ალბათ, ბოლშევიკებზე ჯავრობს. აქამდის მშვენიერზე მშვენიერი აშლილი მთა თავისი მზის სხივებით, რომელიც აშრობდა ჩვენ ფილტვების სენს და ჰკურნავდა, დროებით შეაჩერა, ალბათ, ფიქრობს ყველა თავისი თვისებების სიმკაცრის ცხრილში გატარებას. ასეცა სჯობია, რას იტყვი? კაცმა ყველაფერი უნდა ნახო ცხოვრებაში, რომ ცხოვრებისთვის გამოდგეს.


   სფრიდონ, მაისის თვეში რომ გამოისეირნო შენი კარგი ცოლ-შვილით მთების კალთებისკენ, არ გაწყენს, სისხლს გასწმენდს, ხალისს შეგმატებს ახალი მუშაობისთვის, კაი ჰაერით ნასუნთქი უფრო მაგრა შეუდგები. თეთრ ნაწილაკებს სპობს სისხლში და წითელს გაგიმრავლებს, რომელიც მეტ ხალისს აძლევს ადამიანს.


   მომივიდა ვეფხვიას წერილი, რასაკვირველია, სულ ლათაიებით. მერე მარტოკა არასდროს იწერება, უეჭველად მეორე გვერდზე წერილისა დააწერინოს ვისმე, ახლაც ისეა. ტიტე მარგველაშვილი მწერს იმასთან ერთად, მთხოვენ, რომ შევერთდეთ და დავიწყოთ წყობრისად მუშაობა. მე პასუხი არ გამიცია, რადგანაც მისამართი არ ვიცი და ამისათვის გთხოვდი მიხაკოს მისამართს.


   ზოგჯერ ჭირიც მარგებელიაო. მართალია, ჩემმა ფრანგული ენის უცოდინობამ ბევრი დამაკლო, მაგრა დღეს მიშველა ჩემ ავანტყოფობაში. ლაპარაკი არ ვიცი და ვარ სულ გაჩუმებული, რომელიც საჭიროა ჯამთელობისთვის. გული ნუ გაგიტყდება, ჩემო სფრიდონ, ვეცდები, რომ ვისწავლო და ჩაგიფრანგულო, რომ ჩამოვალ. ამ თვის ბოლოში გადავალ სოფელში და ნება მექნება კითხვისა თავისუფლად.


   ეს სანატორიუმი იყოფა სამ ნაწილად: ცენტრალური, სადაც მე ვარ, ბარის და მთის სოფელი. გადამიყვანენ ჯერ ბარის სოფელში, საცა ცოტა თავისუფლება მომეცემა. ბარის სოფელი მდებარეობს ცენტრალურის გარეშემო, მთისა კიდე ცოტა მოშორებით, საცა უფრო მეტი თავისუფლება აქვთ ავანტყოფებს.


   ქ-ნი სონას ჩემი გულწრფელი სალამი და ხელზე კოცნა, ბელადის-ბელადი კიდო ემზადება წერილის მოწერას; მინამ მოიწერებოდეს, დამიკოცნე. გიორგისა და შენ სალამსა და მოკითხვას მოგახსენებთ. ჩემი ახალი ამბავი გათავდა, გიძღვნი ძმურ სალამს. მარად შენი მეგობარი ქ. ჩოლოყაშვილი” (105. 65-67).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ალექსანდრე კარგარეთელისადმი (1930 წლის 26 მარტი): “ძვირფასო ჩემო საშიკო, გუშინ მივიღე შენგან გამოგზავნილი სუხარი, ყოჩაღ და ბარაქალა. რომ მწერ, ნერვიული მუშაობა ყოფილაო, ახლა ნუ მიაწყდებით ქიზიყის ვირებსავით და განუწყვეტლივ ნუ იმუშავებთ. აიღეთ თქვენთვის ოთახები, რომ ხეირიანად მოისვენოთ. აბა, მეგობრებთან როგორ უნდა მოისვენოთ. თქვენ კარგი მოსვენება და სიდინჯე გინდათ პირველში. ჩქარა ნუ დაიწყებთ სიარულს, რაც დინჯად შეეჩვევით, ის კარგია თქვენთვის. რაფომ რა ქნა, კუდში წაავლო, თუ ისევ მისდევს ელიზბართან ერთად. საშიკო მომიკითხე და დამიკოცნე ყველა ჩვენები. იყავი ყოჩაღად! დაგკოცნით ბევრს. შენი უფროსი ძმა ქ. ჩ.” (54. 58-59).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ვალიკო ჩუბინიძისადმი (1930 წლის 2 აპრილი): “ძვირფასო ძმაო ვალიკო! მივიღე შენი გადმოგზავნილი ორი გაზეთი და ერთი წერილი, საცა უკმაყოფილებას მწერ. მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული დღევანდლამდი, რომ რაწამს შენგან მომივიდა დათიკოს წიგნი და გაზეთი, მაშინვე მოგწერე მადლობა ყურადღებისათვის. თუ არ მომიწერია და რაღაცა გაუგებრობაა, იმას კი არ ნიშნავს, რომ სოციალისტური გაზეთები და წიგნები არ მესიამოვნება.


   შენ, კარგო ქართველო, შენ თუ სოციალისტი ხარ, ქართველად არ ვარგიხარ, თუ რა არის? შენ თუ, როგორც სოციალისტი, ქართველობაზე უარს იტყვი, მეც ყველა ქართველ სოციალისტებზე უარს ვიტყვი. ჩემთვის საღი და დაკვირვებული წერილი ძვირფასია, რომელიც იცავს ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ვისგან არის დაწერილი, რა მიმდინარეობის მომხრეც გინდაც იყოს, მაინც ბოლოს ქართველია, კომუნისტების გარდაია.


   აბა, ჩემო ვალიკო-ბეი, მაგაზე შენ არადროს არ იფიქრო, რომ ყველა სოციალისტი მძულს და იმისათვის პასუხი არ მოგაწოდე აქამდის. მე ვინცა მძულს, აშკარად აღარც ველაპარაკები და აღარც არაფერი კავშირი მაქვს, ის მემარცხენეა, თუ მემარჯვენე, “ლამემშოს”.


    მომიკითხე მთელი ჩვენი ლეგაციის შემადგენლობა ბ-ნ აკაკის, ქ-ნი მაკრინეს მეთაურობით. მიიღე ჩემი სალამი და გამარჯვება. მარად შენი კეთილის მდომი ქ. ჩოლოყაშვილი” (133. 407-408).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ალექსანდრე კარგარეთელისადმი (1930 წლის 12 აპრილი): “ძვირფასო ჩემო საშიკო, მივიღე შენი წერილი და გამოგზავნილი სუხარი. სწორედ კარგ დროს მომივიდა, ხვალ, ხვალზეით ძველ სუხარს გავასაღებ და ახალს შეუდგები. უნდა გითხრა, პირველად რომ გამომიგზავნე, მეტი წილი დაფხვნილიყო, ისე კარგი სუხარი იყო. მეორეზე რომ იწერები, ჟესტის ყუთით გამოვგზავნეთო, აქ ჟესტი არსად არის, ორი პაკეტი ერთად არის გახვეული; ჯერ არ გამიხსნია, იქნებ შიგნით არის ყუთი. გუშინ და გუშინისწინ ალეკი ჩემთან იყო, ძაან გამიხარდა, სწორე გითხრა, ამ უდაბნოში ჩვენი საცის ნახვა.


   მე ხან კარგა ვარ, ხან ცოტა შეუძლოდ. ასეთი ყოფილა ეს მუდრეგი ავადმყოფობა. თუ ცუდი ამინდია, მაქცევს, თუ კარგი _ მე ვერევი. ვართ ჭიდილში, ბოლოს რომელი წავაქცევთ, ვნახოთ. ჩემი დარდი ნუ გექნებათ, თქვენ ყოჩაღად იყავით და გაუფრთხილდით თავს. აქსიდანებს თავი დაანებეთ, კარგი ხელობა არ არის. აბა, თქვენ იცით, როგორ კარგ დროს გაატარებთ სააღდგომოთ. რაფო იმდენს იჩერჩეტებს, რომ მუშაობის დროს გაუშვებს და მერე დაიწყობს მუშაობას, როცა აღარ იქნება.
დამიკოცნე და მომიკითხე ყველა ჩვენები. დაგკოცნი ბევრს. შენი უფროსი ძმა და მეგობარი ქ. ჩოლოყაშვილი.


P. S სურათში ნამდვილი პოჟარნი კუჩრები ხართ. ბადური ძალიან ჰგავს გრიშა ცხაკაიას” (54. 59).

   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ალექსანდრე კარგარეთელისადმი (1930 წლის 20 აპრილი): “ძვირფასო ჩემო საშიკო, გილოცავ კიდე დღევანდელ ბრწყინვალე აღდგომას, დეესწარი მრავალ ბედნიერ დღესასწაულებს და ჩვენი სალოცავების დღეობებს ბედნიერად და ყველა მხრივ გულით და სულით სამსე. წლებს წაეღოთ შენი დარდი და სიმგლოვიარე. მომავალში შენ გაცოცხლოს ღმერთმა დიდხანს ჯამთელად და მედგრად, შენი წინაპრებისა და მახლობლების მოსაგონებლად.


   საშიკო, იწერები პანაშვიდის გადახდა მინდავო, ჩემი დის მიცვალების გამოვო. აი, ჩემო საშიკო, რაშია საქმე? გადახდით მოვალე ხარ გადიხადო; რომ დროზე ქცოდნიყო, აქამდეც უნდა გადაგეხადა, ოღონ მაგას განსაზღვრული დღეები აქვს: მეშვიდე ან მეცხრე დღეს დამარხვის შემდეგ შეიძლება პანაშვიდის გადახდა, მერე არის მეორმოცე, ნახევარი წლისა და ერთი წლის დღე, როდესაც შეგიძლიან კანონიერად გადაუხადო მოვალეობა.


   არის კიდევ კვირაცხოვლობის შემდეგი კვირა, რომელსაც მიცვალებულების კვირას ეძახიან, კოლიოსაც უკეთებენ სწორედ იმ კვირას, დამავიწყდა რომელი კვირა არის. შეგიძლია გაიგო ბაბალესგან, მე მგონი ეხსომება. აი, სწორედ ამ ანგარიშით ეცი შენს დაუვიწყარ დას პატივი. შეიტყვე, როდის მიაბარეს მიცვალებული მიწას და იმის ანგარიშით იმოქმედე. ძალიან კარგი აზრი მოგსვლია და შეასრულე კიდეც.


   საშიკო, სუხარს ნუღარ გამომიგზავნი, რადგან გზაში ძალიან იფხვნება და აღარც საჭიროა ჯერჯერობით. რამდენიმე დავალება მაქვს: პირველი _ შეიარე რედაქციაში “პოსლედნი ნოვოსტში” და გამიახლეთ გაზეთის გადმოგზავნა კიდევ ორი თვე. გუშინდელიდან აღარ მოდის, ესე იგი, ხუთმეტიდან, შეეკითხე რაშია საქმე, გაზეთი ოცდახუთიდან (25) იყო, მგონი, გამოწერილი სამი თვით, ვადა გაუვიდოდა ხუთ დღეში. უგაზეთოდ არ დამტოვოთ.


    მეორე _ გიგზავნი ჩემ სადარბაზო ბარათს. აი, სწორეთ ამისთანა სადარბაზო ბარათები შემიკვეთინე ასი-ორასი ცალი და გადმომიგზავნე.


   მესამე _ ჰკითხე შუშუს, სადა ყიდულობს საპარს დანებს. შეუკვეთე მაღაზიაშივე 30 ცალი, მიეცი ჩემი მისამართი და მაღაზიამ თითონ გადმომიგზავნოს დაზღვეული; ფულს აქ გადავიხდი ფოსტაში, ესე იგი, რუსები რომ იტყვიან, “ნალოჟენი პლატეჟით”. ექიმს მოეწონა და ზოგი მისთვის მინდა, უფრო ის გადიხდის ფულს, ერთ ათს მე დავიტოვებ.

   ამ დღეებში ოფიციალურად მოგწერ, დაგნიშნამ შეფიცულების მოლარეთ, სიასაც გადმოგიგზავნი, ვის გადაახდევინო ყოველ თვე გადასახადი ფული. ეხლა ხომ ყველამ დაიწყეს მუშაობა და დროა შეუდგეთ სერიოზულად. იყავით კარგა, მომიკითხე და დამიკოცნე ყველანი. შენი ძმა და მეგობარი ქ. ჩ.
პ. ს. სოფელში გადამიყვანეს გუშინ, ესე იგი, 19 ამ თვეს. ახალი ჩემი მისამართი: ვილაჟ სანატორიუმ; პრაზ-კუტანტ (ჰოტ-სავუა)” (54. 55-56).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი სპირიდონ კედიასადმი (1930 წლის 14 მაისი): “ძვირფასო ჩემო მეგობარ სფრიდონ! გუშინ მივიღე შენი წერილი, რომელმაც დავარდნილი კაცი გამათბო. ჩემო სფრიდონ, ბოლო დროს გულთმისანიც გამხდარხარ, სწორეთ უგრძვნია შენ სულს და გულს ჩემი ასე გაჩუმება. გძლად ვერ მოგწერ, რადგანაც ძაან მისუსტებული ვარ, ისე კი, რასაც შევძლებ, ვეცდები დაწვრილებით შეგატყობინო.


...ჩემო სფრიდონ, რაც უბედურება და ტკივილები გადავიტანე ოპერაციისგან ამ ხუთი თვის წინეთ, სულ ფუჭათ ჩაიარა. რაზედ? მკითხავ, რასაკვირველია. მე აღარ ვიცი, მადლობა ვის უთხრა, ვინც ფულს იხდის, იმას, თუ იმ სანატორიუმის გამგებლობას, რომელიც მითომდა 30 ფრ. მკურნამენ და ცოტა რამეზე მაშინვე მოგახლიან, 30 ფრ. სახლებს ვერ აგიშენებთო.


   ჩემო სფრიდონ, ეს სანატორიუმი არ არის, დემერწმუნეთ. რაწამს ჩამოვედი, მაშინაც მოვიწერე, ყურადღება რომ არავინ მომაქცია. ამინდებმაც ხელი შემიწყეს, ცოტა მოვკეთდი. მე თითონ გადავწყვიტე, დავმორჩილებულიყავ ლუარსაბ თათქარიძესავით ბედს. ეს სანატორიუმი ავანტყოფებისთვის კი არ არის, ავანტყოფები ამ სანატორიუმისთვის არიან...


   საჭმელზე რა გითხრა, საძაგელზე საძაგელია. სანამ ფული მქონდა, სუყველაფერს ვყიდულობდი და ვჭამდი, კარგაც ვიყავი. ფულიც გამომელია. ამინდებიც, ღმერთმა დასწყევლოს, როგორი არეულია. 10 მარტიდგან დღევანდლამდე დღეში ხუთჯერ იცვლება. გუშინწინ კიდე მოვიდა თოვლი, ჯერ გაზაფხული არ მინახავს. მე მგონი, ამინდები რომ მობრუნდება, მოვბრუნდე მეც, მაშინ შევძლებ ადგილიდგან დაძრომას და დავიძვრები საითკენმე.


   მე ორ-სამ თვეს კიდე მომიხდება ლოგინში წოლა. რაწამს შევძლებ მოძრაობას, უნდა მოუხერხო რამე ჩემ თავს და ამ ყაზარმის სინაბარას არ დავრჩე... ჰაი-ჰაი, ცოტა დროზე რომ ჩამოვსულოყავი სადმე, გინდა პატარა პანსიონში და მთელი ზამთარი გემეტარებინა, დღეს ეს უბედურება არ დემემართებოდა. თითონ უფროსმა ექიმმა მითხრა, როგორ შეიძლება თქვენისთანა სერიოზნული ავანტყოფი ამისთანა სანატორიუმშიო.


   აი, ჩემო სფრიდონ, მე არ ვიცი: გიორგი, ხოშტარია, თუ გრიშა ბერიძე იხდიან ჩემს შესამნახოს, უთხარი ყველაფერი. ვაი დედასა, რომ ავანტყოფობამ ამ დღეში ჩამაგდო, თორე მე სათხოვარი არა გამიხდებოდა რა. რა ვუყოთ, თუ გამოვრჩი როგორმე, სამშობლოსაც გამოვადგები, მეგობარსაც და ჩემ თავსაც, თუ არა და ჯახნაბას ჩემი თავი, უეჭველად დამწვით, რადგანაც ჩემ ჩამომავლობაში ჭლექით არავინ მომკვდარა, და რადგანაც მე პირველი ვარ, ყველაფერი უნდა მოისპოს ჩემი ნეშთისა, რომ სხვა ჩოლოყაშვილებზე არ გადავიდეს, ისეც არავინ დარჩა.


   გედეეცი გულწრფელი ჩემი სალამი ქ-ნ სონას, დაუკოცნი ხელებს. თეოსა და შენ უთვალავად დაკოცნი. მარად შენი მეგობარი ქ. ჩოლოყაშვილი” (105. 67-68).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ალექსანდრე კარგარეთელისადმი (1930 წლის 15 მაისი): “ჩემო ძვირფასო საშიკო, დიდი ხანია, მინდოდა შენთვის წერილის მოწერა, მაგრამ შეუძლოთ ვიყავი ამინდების გამოთ. ეს მუდრეგი რამის ჩამოიქცეს 10 მარტიდან, რაღაცა სამი დღე იყო კარგი, დანარჩენი დრო სულ წვიმები და წვიმები. გუშინწინ თოვლიც მოგვივიდა კიდე და, აი, ამისთანა უბედურმა ამინდებმა მეორეთ ჩამაწვინეს ლოგინში და ცოტა სისხლიც ამოჰყვა ნახველს. თვრამეტი დღეა ვწევარ, წვიმა კი სულ უშხაპუნებს. დასუსტებული ვარ, ისე, არა მიშავს რა

.
   საშიკო, შენი გადმოგზავნილი დანები და სადარბაზო ბარათები მივიღე. დიდი მადლობელი. საშიკო, წინათცა გწერდი და ახლა დაბეჯითებით გიმეორებ _ შეუდექი შეფიცულთა დამხმარე კასის შედგენას. მოლარე იქნები შენ. ეხლა ყველანი მოწყობილები არიან და ყველას შეუძლიანთ შემოიტანონ თვიური საწევრო ფული, შოფერებ გამოართვი რამდენი ფრანკი. შეუკვეთე წიგნები და კვიტანციები, რომ ყველას მისცე მიღების ბარათი, როცა საწევროს გადაახდევინებ.


   სუყველაფერი კანონიერად და კარგა უნდა მოაწყო. შოფერებს გადაახდევინე 25 ფრანკი თვეში საწევრო და დანარჩენებს, რომლებიც მუშაობენ ზაოდებში და მამულებში _ 10 ფრანკი. მერე ახალგაზრდობა, რომელიც იწევს ჩვენ შეფიცულებისკენ და კარგათ იცნობთ, ყველა უნდა შეიტანო სიაში _ შოფერი იქნება, თუ ზავოდის მუშა. დაიწყე ეხლავე შენ მაგის განხორციელება, შეადგინე სია ყველა შეფიცულების და მიმდევრების, რომლებიც გადაიქცევიან მომავალში შეფიცულად და გადმომიგზავნეთ სია, მეც ჩაუმატებ და დაგიდასტურებ ხელის მოწერით.


   ფულის გასესხებაზე საკუთრივ მოგწერ, როგორ უნდა გაასესხოთ. საშიკო, მოიქეცი ყოჩაღად, იმედიცა მაქვს, კარგა შეასრულებ მაგ საქმეს შენ. უპროპაგანდოთ, დინჯათ, უყვირლათ და უგინებლათ შევიძენთ ბლომათ მეგობრებს და კასაც ცოტა ხანში სერიოზნული გახდება.


   ახლა, საშიკო, რადგანაც თითონ არა კადრულობენ და არ ვიცი, დრო არა აქვთ თუ რა არის, შემატყობინე, ელიზბარი მანდ არის, თუ ტყეში წავიდა აღდგომის შემდეგ ან რას აკეთებს რაფო! სააღდგომოთ მოვწერე დიდი წერილი, საცა ჩვენი ექიმის აზრს სწერდი და ვულოცავდი ბედნიერ დღეებს. არც კი იკადრა პასუხი მოეწერნა. გოლა რას შვრება, დაიწყო შოფერობაზე მომზადება თუ არა ან სად ცხოვრობს. არც ეგ იწერება წერილის პასუხს. შუშუ ხომ დიდი კაცია და სანამ ეგ მოისურვებს წერილის მოწერას სადმე, საუკუნეებით უნდა ელოდოს კაცი.


   ასე, ჩემო საშიკო, იყავით კარგა და ყოჩაღათ. ბადური დამიკოცნე. დაგკოცნი ბევრს. შენი ბელადი ქ. ჩ.” (54. 51).


    ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ვალიკო ჩუბინიძისადმი (1930 წლის 21 მაისი): “ძვირფასო ძმაო ვალიკო! მივიღე შენგან გადმოგზავნილი ჩვენი დამოუკიდებლობის 26 მაისის ბარათი და გაზეთი “ბრძოლის ხმა”. დიდი მადლობელი ვარ, ჩემო ვალიკო, რომ არ მივიწყებ. ვალიკო, შენ რომ გადმომიგზავნე დათიკო შარაშიძის წიგნი ფრანგულ ენაზე, წავიკითხე, მაგრამ საინტერესოა ბარბიუსის წიგნიც წაიკითხოს კაცმა, რაზედაც დათიკო უპასუხებს. თუ იშოვნება მანდ ლეგაციაში, გადმომიგზავნე და მალევე დაგიბრუნებ.


   ეგ მამაძაღლი, ვიღაც ბარბიუსია, დაჩუმდეს ურჩევნია, თორე ჩვენში არავის არაფერი მოუგია და ვერც ეგ მოიგებს. თუ მოიგოს რამე, ბოლშევიკებს გაუყოს. იაფათ არ დაუჯდება კარლ კაუცკის წინასიტყვაობა, თუ ბარბიუსიც სოციალისტია.


   გადაეცი, ჩემო ვალიკო, ჩემი გულითადი სალამი: ქ-ნ მაკრინეს, ბ-ნ აკაკის და ჭიჭიკოს. იყავი კარგა. შენი მარად ქ. ჩოლოყაშვილი” (133. 408).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ალექსანდრე კარგარეთელისადმი (1930 წლის 23 მაისი): “ძვირფასო ჩემო საშიკო, მივიღე შენი წერილი, რომელმაც ძალიან გამახარა. შენის მეტს არავის არ მოუწერნია ჯერ ჩვენებს, და არც ის შემისრულეს, რაც დავავალე. რა ხალხია, იციან მარტოკა ვარ, მერე იციან, რომ ძალიან მაინტერესებს პროცესი ქარუმიძესი და აქამდის გაზეთი ვერ გადმომიგზავნეს, რომ ყურადღება მიმექცივნა. დავავალე ორთავ უფროს ვირებს, საშას და რაფოს. გედეეცი, მე მაგათი აღარა მინდა რა, და არც ის სია, რაფოს რომ მივეცი.


   შენ მიდი, ჯიბო ნახე, გამოართვი 30 ფრანკი და ორი თვით გამომიწერე “პასლედნი ნოვოსტი”, ოღონდ ამ თვის ხუთმეტიდგან იყოს, რადგანაც ხუთმეტამდე უკვე ვიცი, წაკითხული მაქვს. რაც დასავალებელი მექნება, სუყველასფერს შენ მოგწერ. მეორე, საშიკო _ რასაც გამოართმევთ ილიკოს, ანგარიში შენ აწარმოვე, რადგანაც შენ დაგნიშნავ შეფიცულების ხაზინადრათ. აბა, ერთი საშასა ჰკითხე, მიიღო თუ არა ჩემი წერილი და რატო აქამდი პასუხი არ მომცა ან მაგან, ან რაფომ. ბაისარამ დააჯოთ მაგათ თავზე.


   მე უფრო უკეთა ვარ, ყოველდღე ვატყობ უკეთობას, მადაც კარგი მაქვს. აბა, იყავით ყოჩაღათ და არ შემარცხვინოთ. მომიკითხე: ვანიჩკა თავისი ცოლ-შვილით, სვიმონი თავის ცოლ-შვილით. დამიკოცნე სერგო და ბადური. მაგ ორს ხმასაც ნუ გასცემ. მომწერე, რაფომ დაიწყო წამლობა თუ არა. თუ არ დაუწყია, თავში ქვა იხალოს და დაიწყოს, წამოსვლის დროს საწამლებელი ფული მივეცი, თუ მალაგაში არ დახარჯა. დაგკოცნი ბევრს, ჩემო საშიკო. შენი ძმა ქ. ჩ.” (54. 52).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი ალექსანდრე კარგარეთელისადმი (1930 წლის 27 მაისი): “ძვირფასო ჩემო საშიკო, გუშინ მივიღე შენი პატარა წერილი და ასი ფრანკი, რაზედაც დიდი მადლობელი ვარ. საშიკო, შენ მწერ, საჭმელსაც გადმოგიგზავნიო. არაფერი საჭმელი და ან ფული აღარ გადმომიგზავნო, რადგანაც ჯერჯერობით მაქვს ყველაფერი. როცა დამჭირდება რამე, მე თითონ მოგწერთ, ისე ჯერჯერობით არაფერი მინდა. საჭმელის საქმე მოვაწყე ასე: აქა მსახურობენ ცოლი და ქმარი რუსები, ისენი მიკეთებენ დროგამოშვებით კარგ საჭმელებს. დროებით ასე მოვეწყე, მერე რა იქნება, ვნახოთ.


   ისე, ცოტა გამოვკეთდი და თვალები მიჭყეტია. სერგოს უთხარი, წამლები მივიღე, შაბათ დილას დავიწყე სმა. ვნახოთ, რას იზამს; ამბობენ, ძაან სასარგებლოავო, თევზის ძარღვები და ქონია. აბა, სხვა რაღა მოგწერო, ახალი სულ არაფერი ვიცი, არც არაფერი. მომიკითხე ყველა ჩვენები. დაგკოცნი ბევრს. შენი მარად კეთილის მოსურნე ქ. ჩოლოყაშვილი” (54. 54).


   როგორც ვხედავთ, ჩვენს დრომდე მოღწეული ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბოლო წერილი 1930 წლის 27 მაისით თარიღდება; არადა, ალ. სულხანიშვილის, რომელიც პრასკუდანის სანატორიუმში მის მოსავლელად ივნისის დასაწყისში ჩავიდა, მოგონებებიდან ირკვევა, რომ ქაქუცამ “არაერთი წერილი მიმაწერინა ამ ხნის განმავლობაში, რადგან ხელს ვეღარ ხმარობდა” (106. 277).


   ქაქუცას წერილების ერთ-ერთი ადრესატი ნიკო ნაკაშიძე იყო, რომლის მოგონებებში ვკითხულობთ: “გარდაცვალების სამი კვირის წინ (ე. ი. ივნისის დამდეგს _ გ. ს.) მწერდა: “ბიჭო, ცუდადა ვარ. ამ საშინელმა სენმა გამტეხა კაცი”. ვინც ქაქუცას იცნობდა, მისთვის ეს სიტყვები ბევრის მეტყველნი იქნებიან. ქაქუცასთვის ცხადი იყო, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა” (125. 617).


   ალ. სულხანიშვილი დაწვრილებით მოგვითხრობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდზე. ირკვევა, რომ მას ექიმებმა აუკრძალეს მეგობრის დავოსში, უკეთეს სანატორიუმში, გადაყვანა, იმ მოტივით, რომ მისი ადგილიდან დაძვრა არ შეიძლებოდა. ბოლო ხანებში ქაქუცა საკვებს თითქმის ვეღარ იღებდა, სვამდა მხოლოდ ფორთოხლის წვენს.


   1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ცუდად გახდა. იმავე დღეს, მისი თხოვნით, პარიზიდან ჩამოვიდა ცნობილი ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, რომელთანაც ქაქუცას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. ავადმყოფს სასთუმალთან ედო ტყავში გამოკერილი ქართული მიწა და ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ ქალიშვილისთვის გამოურთმევია, რადგან თავისი ვერ უპოვია. 29 ივნისის ღამეს თავისი ქალიშვილი დასიზმრებია, რომელიც თხოვდა, მამაჩემო, მომეცი ჩემი ჯვარიო. უთქვამს, ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო.


   "იქნებოდა დაახლოებით თერთმეტი საათი, როცა მე და ვახტანგი ქაქუცას პალატაში შევედით. მან რაღაც დაილაპარაკა, ჩვენ მაშინვე მივცვივდით და მე ხელით წამოვუწიე თავი ქაქუცას. მან კიდევ დაიხრიალა. აი, ეს იყო უკანასკნელი დახმაურება ამ დიდი მებრძოლისა, რომელიც ვეფხვივით ებრძოდა თვით სიკვდილსაც კი!" (ალ. სულხანიშვილი).


   ალ. სულხანიშვილის ცნობით, სიკვდილის წინ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სძაგდა კრემაცია, უთხოვია, მისი ნეშტი დაეწვათ, ერთადერთი მიზეზის გამო, იქნება ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო (იყო მეორე მიზეზიც, რომლის თაობაზეც საუბარია ქაქუცას მიერ სპირიდონ კედიასადმი 1930 წლის 14 მაისს გაგზავნილ წერილში _ გ. ს.). ალ. სულხანიშვილმა ეს არ გააკეთა, არ უნდოდა ძვირფასი ბელადის ნეშტის დაწვა (96. 17; 106. 277-280).


   პრასკუდანის სანატორიუმში 1930 წლის 29 ივნისს გარდაცვლილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი ალ. სულხანიშვილმა და ვ. ღამბაშიძემ პარიზში გადაასვენეს, სადაც მათ უზომოდ დამწუხრებული შეფიცულები და ქართული ემიგრაციის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. ეროვნული გმირი პარიზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში დაასვენეს, სადაც მას მუდმივად თავს ადგა შეფიცულებისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებისგან შემდგარი საპატიო ყარაული.


   ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ შექმნილმა საგანგებო კომისიამ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პარტიის ყველა წევრისთვის 40-დღიანი მგლოვიარობა დააწესა, დაამზადებინა ქაქუცას ფოტოსურათები, კუბოზე გადასაფარებელი დიდი ეროვნული დროშა, გულზე სატარებელი სამგლოვიარო ნიშნები, რომლებზეც ქაქუცას სურათი იყო გამოსახული და სხვ.


   ალ. კარგარეთელი შემდგომში იგონებდა: ქაქუცას “ნეშთი ჩამოსვენებული იქმნა პარიზის ბერძნულ ეკლესიაში. ექვსი დღის განმავლობაში მის კუბოს საპატიო ყარაული არ გამოლევია; ყველა მხედარი, პოლიტიკური მეთაურები, თუ უბრალო ხალხი ერთი მეორეს ეცვლებოდნენ; “სმენაზე” თავზე ადგნენ ყვავილებში ჩაფლულ ჩვენი ძვირფასი ბელადის კუბოს” (54. 27).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარ ერთ მეტად უსიამოვნო ფაქტს ალ. სულხანიშვილი მრავალი წლის შემდეგ, 1981 წელს სან-ფრანცისკოში გამოქვეყნებულ თავის მოგონებებში, ასე იხსენებდა: “ქაქუცა ბერძნების ეკლესიაში დავასვენეთ. სამი დღის შემდეგ იყო დანიშნული დაკრძალვა. მანამდე მიცვალებულს ჩამოვასვენებდით, პარიზში ხუთი კაცისგან უკვე შემდგარიყო დამკრძალავი კომიტეტი აკაკი ჩხენკელის მეთაურობით. შეფიცულების მხრივ მასში მერაბ ჯორჯაძე შედიოდა. დანარჩენების გვარები არ მახსოვს.


   მე მოვიწადინე იმ ადგილის ნახვა, სადაც ქაქუცას დაკრძალვა იყო გადაწყვეტილი. წავედით მე, მერაბი და ილიკო ქარუმიძე. სანტოენის სასაფლაოზე რომ მივედით, სწორედ მაშინ იღებდნენ ძვლებს იქიდან, სადაც ქაქუცას საფლავს ამზადებდნენ. მათ მაჩვენეს ალაგი და მითხრეს: “აი, ეს არის ქაქუცას საფლავი”-ო. მე რომ ვიკითხე: “მერე აკლდამას როდისღა გააკეთებენ”-თქო, მაშინღა მიამბო მერაბმა: “აი, ამ სახით უნდა გაახვიონ კუბო კარავში და ზედ გუდრონს დაასხამენ, ასე გადაწყვიტა კომიტეტმა”-ო.


   ეს რომ მითხრა მერაბმა, კინაღამ გადავირიე და ლამის არის იქვე დავახრჩე იგი: “ასე ასაფლავებთ ქაქუცა ჩოლოყაშვილს!”-მეთქი. მე დაუყოვნებლივ შევუდექი მოლაპარაკებას სასაფლაოს დირექციასთან, რომ აკლდამა გაეკეთებინათ. კარგა აღარ მახსოვს, მგონი, 2500 დაჯდა, ხოლო მე კი 45 ფრანკის მეტი არა მქონდა ჯიბეში.


   სასაფლაოდან რომ დავბრუნდით, მე, მერაბ ჯორჯაძე და ილიკო ქარუმიძე პირდაპირ აკაკი ჩხენკელთან მივედით საშინლად აღელვებულნი. ასე მივმართე მე მას: “ბატონო აკაკი, ასე ასაფლავებთ ქაქუცას? გუდრონი გინდათ დაასხათ ცხედარს, თითქო შარაგზას აგებენო?! ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ გმირად აღიარა ქაქუცა. საინტერესოა, სხვებიც ასე ასაფლავებენ თავიანთ ეროვნულ გმირებს, როგორც თქვენ?”-მეთქი.


   ეტყობა, ჩხენკელიც შეაწუხა ამ გარემოებამ, რომ მიპასუხა: “როგორც გინდათ, ბატონო ალექსანდრე, ისე დავასაფლავოთ”-ო. ამაზე მე ვუპასუხე: “აი, ბატონო აკაკი, დღეს მე აკლდამა შევუკვეთე, მისამართი თქვენი მივეცი და ფული, როგორც გინდათ, ისე გადაიხადეთ”-მეთქი.


   ეს ლაპარაკი მხოლოდ ლაპარაკად დარჩა, რადგან მთავრობას კაპიკიც არ გადაუხდია. მაინც გრიშა ბერიძეს გადაახდევინეს იმის საფასური. მართლაც, უმადურობა იქნებოდა, რომ არ აღნიშნულიყო ქველმოქმედი ადამიანის, თუნდ გულითადი მეგობრის, ამაგი: თავიდანვე გრიშამ იკისრა დაკრძალვის მთელი ხარჯები, ვინაიდან მისი სურვილი იყო, რომ ღირსეულად დაეკრძალა თავის მეგობარი, მაგრამ მთავრობამ აქაც მოინდომა გამორჩენა” (106. 280-281).


   ცოტა ხნის შემდეგ, 1987 წელს, ალ. სულხანიშვილმა აღნიშნული მოგონება რამდენიმე ახალი დეტალით შეავსო: “საფრანგეთში ასეთი კანონია, ხუთი წლის შემდეგ სასაფლაოდამ ამოჰყრიან მძვლებს და იქ დაასაფლავებენ სხვას. აი, ჩვენ მთავრობას ასე უნდოდათ ქაქუცას დასაფლავება. რადგან მე ეს გაგებული მქონდა, წავედი და ვნახე, სადაც უნდა დასაფლავებულიყო ქაქუცა. სწორედ იმ დროს მივედი, როდესაც იქიდგან მძვლებს იღებდნენ და ჰყრიდნენ. საშინლად იმოქმედა ჩემზე ამ სურათმა, და მაშინვე წავედი სასაფლაოს ადმინისტრაციაში, შევუკვეთე აკლდამა, რომელიც ეღირებოდა დაახლოვებით სამი ათასი ფრანკი, თუმცა მე 50 ფრანკის მეტი არ მქონდა ჯიბეში.


   საჭირო იყო გამომერკვია, რა გადაწყვეტილება ჰქონდათ ქაქუცას დასაფლავების შესახებ მთავრობას. ამისათვის წავედი და ვინახულე გან. ჩხენკელი. მისვლისთანავე შევეკითხე, რა რიგათ აპირობენ ქაქუცას დასაფლავებას. ასეთი გადაწყვეტილება ჰქონიათ მთავრობას, როგორც გადმომცა გან. ჩხენკელმა, კუბო იქნება გახვეული ბრეზენტში და ზედ დაასხამენ გუდრონს, რომ ვითომ კარგად შეინახება კუბოო.


   ეს რომ მითხრა, გიჟსავით წამოვვარდი, ბატონო აკაკი, ცუდ რამეს ნუ ჩამადენინებთ, ჩოლოყაშვილი ისე უნდა დაიმარხოს, როგორც მას ეკუთვნის-მეთქი. განს. ჩხენკელმა შემატყო ჩემი საშინელი აღელვება და მითხრა, ბატ. ალექსანდრე, ნუ აღელდებით, ქაქუცა ისე დავასაფლაოთ, როგორც თქვენ გნებავთ და მას ეკუთვნისო. მაშინ მოვახსენე ბატ. ჩხენკელს, რომ მე უკვე შევუკვეთე აკლდამა, და რაც ეღირება, თქვენ, როგორც გნებავთ, ისე გადიხადეთ ეს ფული.


   ამრიგათ, გადაწყდა ქაქუცას დაკრძალვა 99 წლით სანტ-უენის სასაფლაოზე. ქაქუცას დასაფლავების მთელი ხარჯები იკისრა მის მეგობარმა გან. გ. ბერიძემ. ჩვენ მთავრობას ერთი ფრანკიც არ დაუხარჯნია ქაქუცას დასაფლავებაზე, ან რათ დახარჯავდნენ, ერთი ნაწილი ჩვენი მთავრობისა ხომ ქაქუცასი და მთელი შეფიცულების მტრები იყვნენ, განსაკუთრებით, ნოე რამიშვილი, რომელმაც დაიკვეხა, ქაქუცას სულს ამოვართმევო, იმდენათა ვძაგდით მთელი შეფიცულები და, ნამეტნავათ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი” (109. 6-7).


   საქართველოს ეროვნული გმირის დაკრძალვის დღეს, 1930 წლის 5 ივლისს, პარიზის ბერძნული ეკლესია და მისი მიმდებარე ქუჩა ხალხით იყო სავსე. ქაქუცასთან გამოსამშვიდობებლად და მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად მოვიდა ქართული ემიგრაციის უამრავი წარმომადგენელი, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია; მრავლად იყვნენ სხვა ქვეყნების (საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქესტანი, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვ.) საერო და სამხედრო პირებიც.


   არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მოღვაწემ (საფრანგეთის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ერიომ, მარკიზ დე-ბაიმ, გენერლებმა გურომ და პომ, ინგლისის თემთა პალატის წევრმა ალენმა და სხვ.) საფრანგეთში არსებულ ქართულ ლეგაციას სამძიმრის დეპეშები გაუგზავნა; ფრანგულ პრესაში საქართველოს ეროვნული გმირის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა.


   5 ივლისს, დილით, სასულიერო პირებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს; საგალობლებს ასრულებდა ქართული გუნდი პავლე მოსულიშვილის ლოტბარობით; კუბოზე გადაფარებული იყო დიდი ეროვნული სამფეროვანი დროშა; მის გარშემო მრავალი ორგანიზაციის და მეგობრისგან მიძღვნილი გვირგვინები და თაიგულები ეწყო.


   ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ალექსანდრე ასათიანის ფრთის) პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ჟურნალ “სამშობლოში” (1930, # 8) დასტამბულია იმ ორგანიზაციების, თუ პიროვნებების ნუსხა, რომლებმაც ქაქუცა ჩოლოყაშვილს გვირგვინები მიუძღვნეს: “1. ქართული ასოციაცია საფრანგეთში; 2. საქართველოს ეროვნული მთავრობა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობა _ “სამშობლოსათვის თავდადებულ მებრძოლს ქაქუცა ჩოლოყაშვილს”; 3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან _ “ეროვნულ გმირს ქაქუცას”; 4. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციები უცხოეთში _ “სამარადისოდ საამაყო ეროვნულ გმირს”; 5. ქართველ მხედართაგან _ “ჩვენს ქაქუცა ჩოლოყაშვილს”; 6. ქართველი სტუდენტები _ “ეროვნულ გმირს”; 7. პარიჟში მყოფ ქართველ სტუდენტთა კავშირისაგან _ “ეროვნულ გმირს”; 8. თეთრი გიორგელებისაგან _ “უბადლო მებრძოლ ქაქუცას”; 9. იუნკრებისაგან _ “სასიქადულო მამულიშვილს”; 10. საფრანგეთში _ საქართველოს კომიტეტი; 11. უკრაინელთა ასოციაცია საფრანგეთში; 12. ქართველ კათოლიკეთა ასოციაცია; 13. მონპელიეს ქართველებისაგან _ “დიდ პატრიოტს”; 14. ინტერნაციონალური პოლიტიკური ბიურო; 15. პირველი ქართული ცხენოსანი ლეგიონი; 16. შეფიცულებისაგან _ “ძვირფას ბელადს”; 17. ტვერის დრაგუნები _ “ძვირფას თანამებრძოლ პოლკოვნიკ თავ. ჩოლოყაშვილს”; 18. საქართველოს მეგობრებისაგან; 19. “უდიდეს პატრიოტს და მებრძოლ საქართველოს ბელადს”; 20. მაკრინე და აკაკი ჩხენკელი _ “ჩვენს ძვირფას ქაქუცას”; 21. ვ. და ა. ერისთავებისაგან, მ. და გ. ერისთავებისაგან; 22. ვ. ე. დ. ალლენ (ინგლისის თემთა პალატის წევრი) _ “ქაქუცა ჩოლოყაშვილს”; 23. გრ. ბერიძის ოჯახისაგან _ “საყვარელ მეგობარ ქაქუცას”; 24. თამარა ერისთავისაგან და სოფიო მელიქიშვილისაგან _ “დაუვიწყარ ქაქუცას”; 25. სვიმონ ციციშვილისაგან _ “ქაქუცა! ეკლიან გზაზედ ვარდი რომ დარგე _ უკვე იხარა... ნეტა, ვინ დამღერს შენს შემდეგ _ “სამი რამ მიყვარს ამ ქვეყნად... სამშობლო გენაცვალები!..” 26. ფრიდონ წულუკიძისაგან _ “მუდმივი იქნება შენი ხსოვნა და სიყვარული ჩემს გულში”; 27. ერემიევი _ “საუკეთესოს საუკეთესო მეგობართა შორის”; 28. კოტე წულუკიძისაგან _ “ძვირფას ნათლიას ქაქუცას”; 29. თ-დ დადეშქელიანისაგან _ “ჩვენს ძვირფას ქაქუცას”; 30. სერგი, დავითი, რუსუდან, ალექსი მდივნები; 31. სოლომონ, მარიამ, გივი და ოთარ ზალდასტანიშვილებისაგან” (129. 325).

 
   სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი ეკლესიიდან გამოასვენეს. ბალდახინი მორთული იყო გვირგვინებით და ცოცხალი ყვავილებით. მრავალრიცხოვან სამგლოვიარო პროცესიას თავში დამწუხრებული შეფიცულები მიუძღოდნენ. ხალხმა 10 კილომეტრზე მეტი ხელით ატარა ქაქუცას ცხედარი ბერძნების ეკლესიიდან პარიზის სენტ-უანის სასაფლაომდე, სადაც იგი დაკრძალეს. “მრავალი გულწრფელი ცრემლი დაადინეს ქაქუცას კუბოს, გადააყარეს მის კუბოს საქართველოდან წამოღებული ერთი მუჭა დედამიწა და მიაბარეს ქართველი გმირი უცხო მიწას” (ე. მაყაშვილი) (75. 35).


   “გათხრილ სამარესთან წარმოითქვა გამოსათხოვარი სიტყვები, რაც საღამოს შვიდ საათამდე გაგრძელდა... ასეთი დიდი პატივისცემით მიებარა უცხოეთში გათხრილ სამარეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი” (ალ. კარგარეთელი) (54. 28).


   ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვის წინ სენტ-უანის სასაფლაოზე გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს: ქართული ემიგრაციის სახელით ქართული კოლონიის თავმჯდომარემ დავით სხირტლაძემ; საქართველოს მთავრობის სახელით ევგენი გეგეჭკორმა; აზერბაიჯანის სახელით ალიმ თოფჩიბაშმა; სომხეთის სახელით ალექსანდრე ხატისიანმა (ხატისოვმა); მთიელთა სახელით ჰაიდარ ბამატმა; უკრაინის სახელით ა. შულგინმა; ჟურნალისტმა ფაიემ; საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და “დამკომის” სახელით შალვა ამირეჯიბმა; ქართველ მხედართა სახელით გენერალმა ივ. ჯაფარიძემ; გიორგი გვაზავამ, გრიგოლ ბერიძემ; შეფიცულებმა შალვა ნებიერიძემ, ალექსანდრე სულხანიშვილმა და ლელო ჩიქოვანმა.


    ჩვენთვის ცნობილია ქაქუცა ჩოლოყაშვილის დასაფლავების წინ შალვა ამირეჯიბისა და შალვა ნებიერიძის მიერ წარმოთქმული სიტყვების სრული ტექსტები. შალვა ამირეჯიბის გამოსათხოვარი სიტყვა ჯერ გაზეთ “დამოუკიდებელ საქართველოში” (პარიზი, 1930, ივლისი, # 55, გვ. 5-6) დაიბეჭდა, ხოლო იმავე, 1930 წელს, ჟურნალ “სამშობლოშიც” (1930, ოქტომბერი, # 8, გვ. 10-12) გამოქვეყნდა.


   რაც შეეხება შალვა ნებიერიძის სიტყვას, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის _ სპირიდონ კედიას მეუღლის სოფიო ჩიჯავაძე-კედიას მოგონებებიდან ირკვევა, რომ ქაქუცას დაკრძალვის წინა დღეს შალვა ნებიერიძე კლამარში მყოფ სპირიდონ კედიას ესტუმრა და გამოსამშვიდობებელი სიტყვის დაწერა სთხოვა, რაც ამ უკანასკნელმა “შეფიცულთა” რაზმის წევრს შეუსრულა (134. 10). გარდა ამისა, აღნიშნული გამოსათხოვარი სიტყვის პირი თვითონ სპირიდონ კედიას პირად არქივშიც აღმოჩნდა.


     შალვა ამირეჯიბი აღნიშნავდა: “დღეს ჩვენა ვმარხავთ ადამიანს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო მამულს. ამიტომ, გამოთხოვების დროს, მოვალენი ვართ ვსთქვათ, რა იყო, რა არის და რა დარჩა სამარადისოდ მის უდიდეს ღვაწლად.


   როცა 1921 წელს საქართველოს დიდი ეროვნული კატასტროფა ეწვია, როდესაც საქართველოს მთავრობა იძულებული იყო თავისი ტერიტორია დაეტოვებინა, როდესაც დაშლილი იქნა ქართული ჯარი და დამფუძნებელი კრება გარეკილი, როდესაც დევნილ იქნენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო ეროვნული და საზოგადოებრივი დაწესებულებანი მოსპობილი, როდესაც მტერმა აღკვეთა საზოგადოებრივი ცხოვრება, ხოლო საზოგადოებრივი აზრის გამოთქმის უფლება სავსებით აკრძალა _ ჯერი მიდგა პიროვნებაზედ, რომელიც ასეთ მძიმე პირობებში, ერის მისწრაფებას და მის იდეალს საჯარო მოქმედებით გამოხატავდა. ეს მისწრაფება არის საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს პირი იყო თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი!
მაგრამ რა უნდა ექმნა ერთ კაცს და ისიც ყველას დასანახავად, იქ და ისეთ დროს, სადაც ყველაფერი აღკრძალული იყო? რომელია ის სიტყვა, რომელია ის საქციელი, რომელიც ერს მოუწოდებდა, მას მიიმხრობდა და საბრძოლველად დარაზმავდა? დამოუკიდებელ საქართველოში გაბატონებული იყო ის შეხედულება, რომ ერს დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო ბევრი მიწა და ბევრი უფლება მისცე! ეს იყო მემარცხენე შეხედულება. დღეს, ემიგრაციაში ფიქრობენ, რომ ქართველ ერს ის მიიმხრობს, ვინც აქედანვე თავის თავს დიქტატორად გამოაცხადებს და ასე მემარჯვენე წრეები ფიქრობენ.


   ჩოლოყაშვილი არაფერს დაჰპირებია ხალხს და ხალხი მაინც გაჰყვა. მან სთქვა: თავისუფლება ბრძოლით მოიპოება! ვისაც დამოუკიდებლობა გინდათ _ მომყევითო! და ამ გარემოებამ ნათელჰყო ის მთავარი დებულება, მანამდე მიჩქმალული, მაგრამ რის გამომჟღავნებაც ქართველი ერის თვით ცნობიერებისათვის ასე საჭირო იყო _ რომ ქართველ ერს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა უანგაროთ უნდა, გარეშე ყოველი რეჟიმული თეორიისა, საზოგადოებრივი დოქტრინების, პარტიული ჭირვეულობის, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, წინააღმდეგ ყველა მოწინააღმდეგისა! და ეს გარემოება ნათელი გახადა ჩვენთვის არა პოლიტიკის კაცმა, არამედ ხმლის კაცმა, რომელიც საქმეს საღი ისტორიული ალღოთი მიუდგა.


   მაგრამ საქართველო დაამხო არა მარტო გარეშე ძალის ზარბაზანმა და ხიშტმა, არამედ ქადაგებამაც, რომელიც თავის თავს ხალხურს უწოდებდა და ქართველ ერს “ქართული” რეგალიებით მოევლინა. ბრძოლა ისეთ გარეშე ძალასთან და ისეთ ბოლშევიზმთან, რომელიც ჩვენში “საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის”, “საქართველოს საბჭოთა მთავრობის”, “საქართველოს წითელი ლაშქრის”, “საქართველოს ჩეკისა” და სხვა ამგვარი სახელწოდებით შემოვიდა, არც ადვილი საქმე იყო! ბოლშევიზმი ყვიროდა: დიახ, მე ბოლშევიზმი ვარ, მაგრამ მე ქართული ბოლშევიზმი ვარო! რა ხერხი უნდა გამოენახა ჩოლოყაშვილს, რომ მისი ბრძოლა ხალხისათვის გასაგები, მისაღები და თანაც უფრო ქართული ყოფილიყო?


   და, აი, როგორც ძველ რომში უკმაყოფილო მოქალაქენი ავენტინის ბორცვზედ მიდიოდნენ და იქიდგან უგზავნიდნენ სენატს თავის მოთხოვნილებას, ჩოლოყაშვილი ტყეში წავიდა და იქიდგან იწყო ბრძოლა. ეს იყო არა იმდენად ძველი რომის ჩვეულების გადმოღება, როგორც ჩვენი საკუთარი ქართული ისტორიის გაცოცხლება! აი, ამ გარემოებამ გახადა ჩოლოყაშვილი გასაგები და მისაღები ხალხისათვის, ამან გამიჯნა ეროვნული საქართველო ბოლშევიზმისაგან და მით უნდა აიხსნას, რომ იმისი ბრძოლის კავშირი იყო არა მარტო ეროვნული, არამედ ხალხოსნურიც.


   იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იყო, იმ საერთო და გამანადგურებელ ტერორის დროს, რომელსაც ბოლშევიზმი ეწეოდა და იმ საზოგადოებრივ მოსპობილობაში, რომელშიაც ყველაზედ ადრე ბრძოლის ძველმა მეთოდებმა დაჰკარგეს თავისი ნიადაგი, აქტივური ბრძოლის ერთადერთ სახედ ის მეთოდი იქცა, რომელსაც ჩოლოყაშვილი დაადგა. ამ გარემოებამ ჩოლოყაშვილი ბრძოლის ყველა ამბების შუაგულში ჩააყენა, მის სახელთან იყო დაკავშირებული 1922 წლის აჯანყება და მის მოქმედებასთან უნდა ყოფილიყო გადაბმული 1924 წლის აგვისტოს აჯანყების გეგმებიც, და ყოველივე ეს იმ დიდ მნიშვნელობაზედ მიგვითითებს, რომელიც ჰქონდა ჩოლოყაშვილს მთელს ამ ბრძოლის ისტორიაში.


   ამ ხალხურ კავშირში და იმ ბრძოლაში, რომელიც მან შეჰქმნა და აწარმოვა _ ის იყო ნამდვილი. მეთაური მებრძოლი ქართველების, უდრეკი და მტკიცე მიმყოლი თავისი მიზნისა, ღირსი და საყვარელი გმირი თავისი ხალხისა! ამ ბრძოლაში ბევრი სისხლი დაიღვარა. მოვიხადოთ თავი მათთვის, ვინც საქართველოსთვის აღესრულა! მაგრამ ამ მწუხარე წუთს ჩვენ არ შეგვიძლია, განსაკუთრებით ჩოლოყაშვილის გმირული ოჯახიც არ მოვიგონოთ. ამ ბრძოლაში მას მოუკლეს ძმა, მაგრამ ძმა ტყეში დაფლა და ბრძოლა განაგრძო. მისი მხცოვანი დედა მტერს პატიმრად ჰყავდა. პატიმრად ჰყავდათ და მძევლად _ მისი მეუღლე და მისი ორი ასული და, დასასრულ, პატიმრად ჰყავდათ მისი სიდედრი და სიმამრი, რომელთაგან უკანასკნელი აგვისტოს დღეებში იყო დახვრეტილი. და, აი, დღეს აღარც თითონ არის ცოცხალი!


   მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ის მოკვდა სამშობლოს გარეშე და კაცურის ავადმყოფობით. ჩვენ დღეს უნდა ვსთქვათ, რომ ის აქაც იმავე სიკვდილით მოკვდა, რა სიკვდილითაც იქ, საქართველოში, მრავალი ხალხი დაეცა. ეს სიკვდილი სამშობლოსათვის სამსახურია! მათი რიცხვი მრავალია! მაგრამ ეს უამრავი რიცხვი სამშობლოსათვის წამებულთა პირველობას დღეს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს დაუთმობს, ხოლო ცოცხლები ერთხმად იტყვიან, რომ ჩოლოყაშვილი იყო ის შარავანდედმოსილი ქართველი, რომელმაც ჩვენი დროის საქართველო ყველაზე მეტად ასახელა!


   ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით, იმ პარტიისა, რომელიც მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში მისი მაღალი მოწოდების ერთ-სული და ერთ-გული თანამოსაგრე იყო, მე ვეუბნები მას საუკუნო მშვიდობითს!” (7. 5-6; 8. 10-12).


   შალვა ნებიერიძე მიუთითებდა: “ჩვენო ბელადო! შენ რომ საქართველოს შავ ბედს შეები, იარაღი აისხი და ბრძოლად გახვედი, ჩვენ შენთან მოვედით და შემოგფიცეთ.


   ერთ ხელში საქართველოს დროშა გეჭირა, მეორეში _ ხმალი მამაპაპური...


   გითხარით, _ განუხრელად შენთან ვიქნებოდით, სამშობლოს დახსნას შევეწირებოდით და ჩვენი სიცოცხლე შენს განკარგულებას გადავეცით.


   შენ იბრძოდი და ჩვენც გვაბრძოლებდი. დაე, ამაზე შთამომავლობამ ილაპარაკოს...
ბელადო, დღეს შენ მშვიდი ხარ, წყნარი და უძრავი...


   ვინც მოგანიჭა, მანვე მოგტაცა და უკან ჩაიბარა შენი ჯადო-სასწაული. ის, რამაც ერის უკვდავ მისწრაფებათა მებაირაღტრედ გაგხადა, მის საყვარელ გმირად გადაგაქცია; ის, რაც მტერს რისხვას სცემდა, ხოლო შენს შეფიცულებს და მებრძოლ ერს ვაჟკაცობისა და თავდადების შთაგონებას აძლევდა; ის, რამაც ჩვენო ძვირფასო ბელადო, ამიერიდან შენი უკვდავი ხსოვნა გვირგვინად ჩააწნა ქართლის ისტორიას...


      და ახლა უკვე შენი ცხედრის წინაშე ვართ თავმოყრილი...
      ვაი, ჩვენ, ამ დღის შემსწრეთ...
ბელადო, დღეს განმეორებით ვფიცავთ სამშობლოს წმინდა წარსულს და მის ტანჯულ აწმყოს; განმეორებით ვფიცავთ თავისუფალი საქართველოს მომავალ დიდებას და შენს დაუვიწყარს, ძვირფას ხსოვნას _ შენ საქმეს ჩვენ განვაგრძობთ!


   ოღონდ, ბელადო, შენი უკვდავი სული ჩვენთან ამყოფე და შენი სიჩუმე ბრძოლის ხმად გამოგვაყოლე, რომ კვლავ ერთად ვიყვნეთ, ერთად ვიბრძოლოთ და ერთად შევძახოთ: დიდება საქართველოს!” (105. 248).
 

sources et littιrature

გამოყენებული წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა



1) 1924 წლის აგვისტოს აჯანყება, ლეო რუხაძის დღიურებიდან, პუბლიკაცია მოამზადა გრიგოლ ზარქუამ, გაზ. “საქართველო”, თბ., 1999, 17-23/VIII.
2) 1924 წლის აგვისტოს დღეების ქრონიკა (სად რამდენი დახვრიტეს), ჟურნ. “ბრძოლა”, პარიზი, 1926, # 9.
3) 1924: ყველაზე საშინელი, ყველაზე მტკივნეული წელი..., გაზ. “აგვისტო-1924”, თბ., 1998, # 1, სექტემბერი.
4) ნინო ავალიშვილი, მოგონებანი გარდასულ დღეთა, გაზ. “სამშობლო”, თბ., 1991, აგვისტო, # 15.
5) ლევან ალექსიძე, დავით კობახიძე, ყარსის ხელშეკრულება, წგნ. “ქართული დიპლომატია” (წელიწდეული), ტ. 1, თბ., 1994.
6) შალვა ამირეჯიბი, მზე-ქალა, გაზ. “დამოუკიდებელი საქართველო”, პარიზი, 1926, დეკემბერი, # 12.
7) შალვა ამირეჯიბი, ქაქუცას ცხოვრება, გაზ. “დამოუკიდებელი საქართველო”, პარიზი, 1930, ივლისი, # 55.
8) შალვა ამირეჯიბი, ქაქუცას ცხოვრება, ჟურნ. “სამშობლო”, პარიზი, 1930, ოქტომბერი, # 8.
9) შალვა ამირეჯიბი, ქაქუცა ხევგრძელაზედ, ჟურნ. “კავკასიონი”, პარიზი, 1971, # XV.
10) აჯანყება _ 1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალმდებლო დასკვნა; 1925 წ.), თბ., 1994.
11) ალექსანდრე ბადურაშვილი, შეფიცულ ბადურაშვილის თავგადასავალი, ჟურნ. “ივერია” (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პერიოდული გამოცემა), პარიზი, 1982, # 25.
12) მზია ბაქრაძე, ბელა წვერაძე, სისხლიანი დროის რამდენიმე ამბავი, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, თბ., 1988, 11/XI, # 46; 18/XI, # 47.
13) მზია ბაქრაძე, პორტრეტის ესკიზი, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, თბ., 1989, 29/XII.
14) ხათუნა ბახტურიძე, “მისანდობელი” ძმაკაცებისგან მოკლული ველის პოეტი, ჟურნ. „გზა“, თბ., 2008, # 4.
15) ალექსანდრე ბენდიანიშვილი, ეროვნული საკითხი 1801-1921 წწ., თბ., 1980.
16) ალექსანდრე ბენდიანიშვილი, საქართველოს ისტორია (1801-1921), თბ., 1999.
17) ალექსანდრე ბენდიანიშვილი, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან 1921 წლამდე, წგნ. “რუსული კოლონიალიზმი საქართველოში”, თბ., 2008.
18) მაია ბუთბაია, 1924 წლის აჯანყების სენსაციური დეტალები ტროცკის დღემდე უცნობი წერილიდან, გაზ. “კვირა”, თბ., 2004, 6-13/XI.
19) კონსტანტინე გვარჯალაძე, საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში, პარიზი, 1936; თბ., 1991.
20) ედიშერ გიორგაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფენომენი, გაზ. “ეკრანის ამბები”, თბ., 1990, 5-21/VII.
21) სიმონ გოგიბერიძე, ბრძოლა სამშობლოსათვის, პარიზი, 1938; თბ., 1991.
22) რევაზ გრძელიძე, 1924 წლის სახალხო აჯანყება საქართველოში, თბ., 1992.
23) ვახტანგ გურული, ავტონომიების შექმნა, წგნ. “საქართველოს ისტორია (XX საუკუნე)”, თბ., 2003.
24) ვახტანგ გურული, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარება, წგნ. “საქართველოს ისტორია (XX საუკუნე)”, თბ., 2003.
25) ვახტანგ გურული, საქართველოს გაერთიანება ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში, წგნ. “საქართველოს ისტორია (XX საუკუნე)”, თბ., 2003.
26) ვახტანგ გურული, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ, წგნ. “საქართველოს ისტორია (XX საუკუნე)”, თბ., 2003.
27) ვახტანგ გურული, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (1918-1921 წწ.), წგნ. “ქართული დიპლომატიის ისტორია”, თბ., 2003.
28) ვახტანგ გურული, ყარსის ხელშეკრულება, გაზ. “ქართული უნივერსიტეტი”, თბ., 2004, 31/III-6/IV.
29) ზვიად გურული, შეფიცულთა ბელადი, გაზ. “კვირის პალიტრა”, თბ., 2000, 17-23/VII.
30) ალექსანდრე დაუშვილი, კობა წენგუაშვილი, “იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ!”, თბ., 2005.
31) ალექსანდრე დაუშვილი, რუსეთის კოლონიური ბატონობის შემობრუნება საქართველოში საბჭოურ-კომუნისტური ფორმით, წგნ. “რუსული კოლონიალიზმი საქართველოში”, თბ., 2008.
32) “დედოფალა” მიცვალებულთა შორის აძვრა, მიწა თითქოს გაიხსნა და საფლავში ცოტა ჰაერი ჩამოვიდა _ გვიამბობს პიანისტ მედეა ფანიაშვილის მამა ბატონი ზურაბ ფანიაშვილი, გაზ. “რეპრესიათა სისხლიანი ქრონიკები”, თბ., 1999, # 1 (2), ოქტომბერი.
33) რემონ დიუგე, მოსკოვი და წამებული საქართველო, ფრანგულიდან თარგმნეს მზია და აკაკი ბაქრაძეებმა, თბ., 1994.
34) გოგი დოლიძე, 14 ივლისი _ ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღე, გაზ. „მთელი კვირა” (“რეზონანსის“ ყოველკვირეული დამატება), თბ., 2007, 16/VII, # 187.
35) გოგი დოლიძე, 14 ივლისი _ ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღე, გაზ. „რეზონანსი“, თბ., 2007, 14/VII, # 185.
36) ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული... საკავშირო კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1924 წლის ოქტომბრის პლენუმის ოქმის ამონაწერის კომენტარი, გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, თბ., 1991, 19/II.
37) შოთა ვადაჭკორია, ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1921-1923 წწ.), თბ., 1998.
38) დავით ვაჩნაძე, სამშობლოს სამსახურში (მოგონებათა რვეული), ნაწ. I, „ივერია“, ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ჟურნალი, # 1, თბ.-პარიზი, 1992.
39) დავით ვაჩნაძე, სამშობლოს სამსახურში (მოგონებათა რვეული), ნაწ. II, „ივერია“, ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ჟურნალი, # 2, თბ.-ბრიუსელი, 1993.
40) დავით ვაჩნაძე, სამშობლოს სამსახურში (მოგონებათა რვეული), ნაწ. III, „ივერია“, ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ჟურნალი, # 3, თბ.-ბრიუსელი, 1993.
41) დავით ვაჩნაძე, ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი, თბ., 2004.
42) ელიზბარ ვაჩნაძე, მოგონებანი (ჩაიწერა მიხეილ ქავთარაძემ), ჟურნ. “ივერია”, პარიზი, 1978, # 20.
43) სოლომონ ზალდასტანიშვილი, საქართველოს 1924 წლის ამბოხება (მოგონებები), მიუნხენი, 1956; თბ., 1989.
44) შ. ზედელაშვილი, ბ. ელაშვილი, ქიზიყში მომხდარი ტრაგედია, გაზ. “ახალგაზრდა ივერიელი”, თბ., 1990, 26/V.
45) ლევან თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც (რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის შეფასებისათვის), თბ., 1991.
46) ლევან თოიძე, 25 თებერვლის შემდეგ, თბ., 1990.
47) ლევან თოიძე, რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, მისი დარღვევა რუსეთის მიერ და საქართველოს ფაქტობრივი ანექსია, წგნ. “ქართული დიპლომატია” (წელიწდეული), ტ. 1, თბ., 1994.
48) ლევან თოიძე, რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, მისი დარღვევა რუსეთის მიერ და საქართველოს ფაქტობრივი ანექსია, წგნ. “ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები”, ტ. II, თბ., 1998.
49) ლევან თოიძე, საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წწ.), თბ., 1999.
50) ჟურნ. “ივერია”, პარიზი, 1963, # 10.
51) იოსებ ირემაშვილი, სტალინი და საქართველოს ტრაგედია, ბერლინი, 1932; თბ., 2006.
52) ისტორიის გადასახედიდან დანახული სიმართლე (ვინ იყვნენ ბუდუ მდივნის ჯგუფის წევრები _ ნაციონალ-უკლონისტები, ბურჟუაზიული ნაციონალისტები თუ პატრიოტ-ინტერნაციონალისტები?), გაზ. “კომუნისტი”, თბ., 1988, 22/V.
53) შ. კალანდაძე, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, გაზ. “სამშობლო”, თბ., 1991, აგვისტო, # 15.
54) ალექსანდრე კარგარეთელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პარიზი, 1981.
55) დოდო კასრაძე, საქართველოში ანტისაბჭოთა ფრონტის შექმნა (1921-1924 წლების ქრონიკა), გაზ. “აგვისტო-1924”, თბ., 1998, # 1, სექტემბერი.
56) გიორგი კვინიტაძე, მოგონებები, ტ. I, თბ., 1998.
57) ნესტან კირთაძე, 1924 წლის აჯანყება საქართველოში, ქუთ., 1996.
58) ნესტან კირთაძე, ერთი რგოლი ისტორიის ჯაჭვში, გაზ. “ლიტერატურული საქართველო“, თბ., 1989, 8/IX.
59) ნესტან კირთაძე, ეროვნული მოძრაობა 20-იანი წლების პირველ ნახევარში. 1924 წლის აჯანყება, წგნ. “საქართველოს ისტორია (XX საუკუნე)”, თბ., 2003.
60) ნესტან კირთაძე, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის ისტორია (XX ს-ის 20-იან წლების პირველი ნახევარი), ავტორეფერატი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1999.
61) მიხეილ ლაშქარაშვილი, მოგონებები, შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი დავით დემეტრაშვილი, გაზ. “რესპუბლიკა”, თბ., 1991, 6/I, # 2.
62) მიხეილ ლაშქარაშვილი, მოგონებები, შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი დავით დემეტრაშვილი, გაზ. “რესპუბლიკა”, თბ., 1991, 29/I, # 4.
63) მიხეილ ლაშქარაშვილი, მოგონებები, შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი დავით დემეტრაშვილი, გაზ. “რესპუბლიკა”, თბ., 1991, 5/II, # 5.
64) მიხეილ ლაშქარაშვილი, მოგონებები, შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი დავით დემეტრაშვილი, გაზ. “რესპუბლიკა”, თბ., 1991, 12/II, # 6.
65) მიხეილ ლაშქარაშვილი, მოგონებები, შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი დავით დემეტრაშვილი, გაზ. “რესპუბლიკა”, თბ., 1991, 5/III, # 8.
66) მიხეილ ლაშქარაშვილი, მოგონებები, შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი დავით დემეტრაშვილი, გაზ. “რესპუბლიკა”, თბ., 1991, 12/III, # 9.
67) ივანე ლიქოკელი, ხევსურები და ქაქუცა (ხევსურეთის ამბოხება 1922 წლის ზაფხულში ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის მონაწილეობით), თბ., 2006.
68) გიორგი მაზნიაშვილი, მოგონებანი, თბ., 1927.
69) აკაკი მათიაშვილი, 1924 წლის ეროვნული აჯანყება საქართველოში, გაზ. “რეპრესიათა სისხლიანი ქრონიკები”, თბ., 1999, # 2 (3), ოქტომბერი.
70) ნიკოლოზ მათიკაშვილი, მიხეილ კვალიაშვილი, იუნკრები, თბ., 1990.
71) სეხნია მანგლელი, ბოლომდე შეუცნობელი რაინდი, გაზ. „ახალი ეპოქა“, თბ., 2003, 11-17/VII.
72) ალექსანდრე მანველიშვილი, საქართველოს საზღვრები, პარიზი, 1938.
73) შალვა მაღლაკელიძე, მოგონებანი, ჟურნ. “განთიადი”, ქუთ., 1991, # 5.
74) შალვა მაღლაკელიძე, მოგონებანი, ჟურნ. “განთიადი”, ქუთ., 1991, # 6.
75) ელიზბარ მაყაშვილი, შეფიცული, ჟურნ. “კავკასიონი”, პარიზი, 1971, # XV.
76) ვლასა მგელაძე, რუსეთის მობრუნება საქართველოში, თბ., 1991.
77) იოსებ მეგრელიძე, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებიდან, გაზ. “ახალგაზრდა ივერიელი”, თბ., 1991, 31/VIII.
78) ავთანდილ მენთეშაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია 1918-1921 წლებში, წგნ. “ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები”, ტ. II, თბ., 1998.
79) პორფილე მეხუზლა, თუ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, გაზ. “თბილისი”, 1990, 27/II.
80) პაატა ნაცვლიშვილი, საქართველოს მიწა, თბ., 1994.
81) პაატა ნაცვლიშვილი, უკანასკნელი შეფიცული, გაზ. „სამშობლო”, თბ., 1989, აგვისტო, # 20.
82) ვიქტორ ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989.
83) ერიხ ობსტი, საქართველო _ გეოპოლიტიკური ნარკვევი, ჟურნ. „კავკასიონი“, პარიზი, 1965, # X.
84) დოდო ონიკაძე-გიგაურისა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი _ საქართველოს ეროვნული გმირი, თბ., 2009.
85) თამარ პაპავა, გაბნეული საფლავები, თბ., 1990.
86) თამარ პაპავა, გარდატყდა ხმალი შენი, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, თბ., 1989, 27/X.
87) პასუხს მოვითხოვთ, ჟურნ. “ბრძოლა”, პარიზი, 1925, # 3.
88) ირაკლი რაზმაძე, ადვოკატის მოგონებანი, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, თბ., 1991, 5/VII.
89) ირაკლი რაზმაძე, შემოდიოდა სიკვდილი ცელით..., გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, თბ., 1989, 2/VI.
90) აკაკი რამიშვილი, ჩვენი შეცდომები (1918-1921 წწ.), თბ., 2000.
91) ნოე რამიშვილი, საქართველო და რუსეთი, თბ., 2006.
92) გიორგი (გელა) საითიძე, გენერალი კოტე აფხაზი _ ქართველი მხედრობის ღირსეული წარმომადგენელი, „მეომრის ბიბლიოთეკა“, # 4, თბ., 2008.
93) გიორგი (გელა) საითიძე, სწამდა სამშობლოს აღორძინება (გენერალი კონსტანტინე აფხაზი), თბ., 1997.
94) გოჩა საითიძე, ახალი შტრიხები ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი კვინიტაძის ცხოვრება-მოღვაწეობის ისტორიიდან, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების რუსთაველის ფონდი, "შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიატთა შრომები", ტომი II, თბ., 2009.
95) გოჩა საითიძე, საქართველოს დიდი რაინდი (ქაქუცა ჩოლოყაშვილი), გაზ. “ახალი ქართული გაზეთი”, თბ., 1998, 14/IX, # 45.
96) გოჩა საითიძე, საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ჟურნ. "ისტორიანი", თბ., 2011, # 8, აგვისტო,.
97) გოჩა საითიძე, საქართველოს ეროვნული გმირი (ქაქუცა ჩოლოყაშვილი), წგნ. “დიდნი საქმენი”, თბ., 2011.
98) გოჩა საითიძე, უებრო რაინდი _ ივანე ყარანგოზიშვილი, ჟურნ. “ომეგა”, თბ., 2001, # 11, ნოემბერი.
99) გოჩა საითიძე, უცნობი ფაქტები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებიდან, ჟურნ. "ისტორიანი", თბ., 2011, # 7, ივლისი.
100) გაზ. “საქართველო” (“ქართული ლეგიონის” ყოველკვირეული გაზეთი), ბერლინი, 1943, # 5.
101) საქართველოს ს.-დემ. მუშ. პარტიის მოკლე ისტორია, პარიზი, 1933.
102) დავით საღირაშვილი, სტალინი ტფილისში 1921 წელს, გაზ. “ახალგაზრდა ივერიელი”, თბ., 1991, 24/I.
103) მიხეილ სვანიძე, ერთა ლიგა და საქართველო (რატომ არ მიიღეს საქართველო ერთა ლიგაში), წგნ. “ქართული დიპლომატია” (წელიწდეული), ტ. 12, თბ., 2005.
104) ავთანდილ სონღულაშვილი, 1924 წლის აგვისტო საქართველოში, კრებ. “დიდგორი”, თბ., 1991.
105) სპირიდონ კედია (მასალები პირადი არქივიდან), შესავალი წერილი, შენიშვნები და კომენტარები დაურთო ოთარ ჯანელიძემ, თბ., 2007.
106) ალექსანდრე სულხანიშვილი, მოგონებები შეფიცულთა რაზმზე, სან-ფრანცისკო, 1981; თბ., 2007.
107) ალექსანდრე სულხანიშვილი, რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923 და 1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე, სან-ფრანცისკო, 1985.
108) ალექსანდრე სულხანიშვილი, შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წ. ნოემბრიდან, სან-ფრანცისკო, 1981/85.
109) ალექსანდრე სულხანიშვილი, “ჩემი პასუხი” ჟორდანიას მემკვიდრეებს, სან-ფრანცისკო, 1987.
110) ალექსანდრე სულხანიშვილი, ხმა სიმართლისა (წითლების მოქმედება ნიუ-იორკის ქართულ სათვისტომოში), მიუნხენი, 1962.
111) აკაკი სურგულაძე, პაატა სურგულაძე, საქართველოს ისტორია (1783-1990), თბ., 1991.
112) მარინე ტლაშაძე, ასეთია, თურმე, წუთისოფელი, გაზ. “თბილისი”, 1990, 27/V.
113) ლევან ურუშაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი (ინტერნეტვერსია).
114) მიხეილ ქავთარაძე, სპირიდონ კედია, ჟურნ. “ივერია”, პარიზი, 1979, # 22.
115) მიხეილ ქავთარაძე, ცხოვრების 100 წელი, თბ., 2007.
116) ქართული დიპლომატიის ისტორია (ქრესტომათია), ქრესტომათია გამოსაცემად მოამზადეს, შენიშვნები და კომენტარები დაურთეს ბონდო კუპატაძემ, გოჩა საითიძემ, ჯაბა სამუშიამ, თბ., 2004.
117) დავით ქარცივაძე (“მეჩონგურე”), “დღეს მეტეხიც მოიგონებს...”, პუბლიკაცია მოამზადა ნიკო უგრელიძემ, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, თბ., 1989, 22/IX.
118) დავით ქარცივაძე (“მეჩონგურე”), მოვიდნენ... (1923 წელს ჩეკაში დახვრეტილი ქართველების ხსოვნას), გაზ. “რეპრესიათა სისხლიანი ქრონიკები”, თბ., 1999, # 2 (3), ოქტომბერი.
119) ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შემდგენელ-რედაქტორები: გურამ შარაძე, გურამ გვერდწითელი, თბ., 1989.
120) ნანა ღვინეფაძე, ბედი სასტიკი და ლამაზი!.. პორტრეტი პასტელში, გაზ. “ახალგაზრდა ივერიელი”, თბ., 1990, 26/V.
121) გურამ შარაძე, გიორგი შარაძე, ისტორიული რელიკვიების დაბრუნება (1918-1921), თბ., 2001.
122) გურამ შარაძე, ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი?, გაზ. “თბილისი”, 1989, 18/V.
123) გურამ შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. 1, თბ., 1991.
124) გურამ შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. 2, თბ., 1993.
125) გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. I, თბ., 2001.
126) გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. II, თბ., 2001.
127) გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. III, თბ., 2003.
128) გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. IV, თბ., 2003.
129) გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. V, თბ., 2004.
130) გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VI, თბ., 2005.
131) გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VII, თბ., 2005.
132) გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VIII, თბ., 2005.
133) ვალიკო ჩუბუნიძე, მოგონება, წიგნი მეორე, პარიზი, 1953.
134) როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა), თბ., 2009.
135) ირაკლი ცაგურია, საქართველოს გოლგოთა, ჟურნ. “მხედარი”, პარიზი, 1930, # 3-4.
136) გიორგი ციციშვილი, რისთვის დახვრიტეს ვაჟა-ფშაველას პირმშო ლევან რაზიკაშვილი. ჩეკისტური სამძებრო საქმე # 2315, თბ., 2001.
137) გიორგი ციციშვილი, სიმართლე 1921-1923 წლების ეროვნული მოძრაობისა და მიხეილ ჯავახიშვილის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, წგნ. I, თბ., 2003.
138) გიორგი ციციშვილი, სიმართლე ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობისა და 1924 წლის აჯანყების შესახებ (მე-80 წლისთავის გამო), თბ., 2004.
139) დოდო ჭუმბურიძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი _ საქართველოს ეროვნული გმირი, თბ., 2008.
140) ოთარ ჯანელიძე, დახმარება რომ გვქონოდა, გავიმარჯვებდით (1924 წლის აჯანყება და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია), ჟურნ. “მნათობი”, თბ., 1997, # 11-12.
141) ლევან ჯიქია, ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებები სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში (1921-1924 წწ.), “საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები” (სამეცნიერო შრომების კრებული), თბ., 2010.
142) ლევან ჯიქია, ბიძინა პირველის და ეგნატე გაბლიანის დაკითხვის ოქმები (1925 წლის ივლისი-აგვისტო), “საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები” (სამეცნიერო შრომების კრებული), თბ., 2010.
143) ლელა ჯიყაშვილი, ისინი დაბრუნებაზე ოცნებობდნენ..., გაზ. "კვირის პალიტრა", 2009, 19-25/I, # 3; 26/I-1/II, # 4.
144) მანანა ჯურხაძე, ლევილი: სტუმრად ქართველთა სათვისტომოში, გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი”, თბ., 2006, 1/III, # 6.
145) Оккупация и фактическая аннексия Грузии, Тб., 1990.
 

 

 

 

Retour dιbut